GE

საქართველო წიგნიერების მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა – რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. ამის შესახებ თავის დროზე ინფორმაცია განათლების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანები მონაწილეობდნენ, მათ შორის მეორედ იყო საქართველოც.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა. კვლევით 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4 800-მდე მოსწავლე შეფასდა. მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს.

წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი – 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.

Aris.ge–განათლება შეეცადა გაერკვია, რა არის საგანგაშო მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზი და აქვს თუ არა შემუშავებული საპრევენციო სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

როგორც თამარ სანიკიძემ Aris.ge–განათლებას განუცხადა, წიგნიერების დაბალი მაჩვენებლის ერთ–ერთი მიზეზი განათლების სფეროში ხშირი ცვლილებებია. მისი თქმით, აღნიშნულ სფეროში ექსპერიმენტები უკუშედეგს იძლევა.

“ამ შეთხვევაში 2009 და 2011 წლის კვლევის შედეგებზე ვსაუბრობთ. ასეთი კვლევის ჩატარება საქართველოს რეალობისთვის გარკვეული სიახლე იყო, თუმცა ასეთი შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო. გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული წინა წლებში, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა შედეგების გაუმჯობესებას, რადგან ეს უბრალოდ, კვლევევის აღარ ჩატარება იყო. ჩვენ დავბრუნდით ამ კვლევაში და ამ კუთხით ძალიან ბევრი გამოსწორებადი ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ეს კვლევა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ 5 თვის განმავლობაში, რეგიონებში გაკვეთილებზე დასწრება 30% იყო. ეს მონაცემები ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეებს სკოლამდე ძალიან დიდი გზის გავლა უწევდათ ფეხით, ან იმიტომ ვერ ესწრებოდნენ გაკვეთილებს, რომ არ ჰქონდათ საგანმანათლებლო რესურსი. ეს პრობლემები უკვე დაძლეულია. ასევე დაძლეულია ის პრობლემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგს შეეხებოდა. პირველად და რეალურად ეს 2013 წელს განხორციელდა”,– განუცხადა Aris.ge–განათლებას თამარ სანიკიძემ.

სანიკიძე ასევე აღნიშნავს, რომ წიგნიერების დაბალ დონეზე საუბრისას, გასათვალსიწინებელია პედაგოგების კვალიფიკაციის საკითხიც და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

რაც შეეხება წიგნიერების დონის დასადგენად მიმდინარე კვლევის შედეგს, თამარ სანიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მონაცემები წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ თუ ახალ კვლევაში საქართველო არ დაწინაურდება, ისიც მისასალმებელი იქნება, თუკი განახლებულ მონაცემებში უკუსვლა არ დაფიქსირდება და ძველი მაჩვენებლები შენარჩუნდება.

“მე პროგნოზი მაქვს გაკეთებული, რომ შედეგები უნდა იყოს გაუმჯობესებული, მაგრამ თუკი ჩვენ ვნახავთ, რომ ტენდენცია უკან არ მიდის და არ უარესდება, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ნაბიჯები სწორად იდგმევა, და ძალიან მალე დავძლევთ ამ პრობლემას”,- ამბობს მინისტრი.

პრობლემას სერიოზულს უწოდებს, თუმცა განგაშის საფუძველს ვერ ხედავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველოლოგიური სკოლის დირექტორი.

როგორც ელგუჯა ხინთიბაძემ Aris.ge–განათლებასთან საუბრისას განმარტა, დღევანდელი ახალგაზრდების ორ ნაწილად იყოფიან – ისინი, ვინც კარგ განათლებას იღებენ და ისინი, რომლებსაც განათლება არ აქვთ, თუმცა კარგად ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უცხო ენებს. ხინთიბაძე მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში ახალგაზრდების გონებრივი შესაძლებლობები რეალობის ადეკვატურია.

“ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ახალგაზრდობა ნაკლებად სწავლობს, ნაკლებად განათლებულია. ძნელია ამ აზრს ბოლომდე დაეთანხმო. იმიტომ, რომ მე პირადად უნივერსიტეტის ლექტორი ვარ და შიგადაშიგ, შესანიშნავად მომზადებული ახალგაზრდებიც მოდიან დიდი ენთუზიაზმით, დიდი თავდადებით, მაგრამ მეცნიერების განვითარებაში ისინი ნაკლებად რჩებიან ჩვენი საქმის გამგრძელებლებად, ძირითადად საზღვარგარეთ მიდიან. არიან ახალგაზრდები, ვინც ბევრს კითხულობს და წიგნიერების პრობლემა არ აქვთ და არის ასევე კატეგორია, რომელიც არ კითხულობს ბევრს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა სკოლაში უნდა ვეძიოთ, სადაც ბავშვებისთვის განათლების მიღებისკენ სწრაფვის გამომუშავება უნდა ხდებოდეს. მაგრამ მეორე მხრივ თანამედროვე ტექნიკაში, კომპიუტერულ ცოდნაში, უცხო ენებში მათი განათლება არც თუ ისე ცუდია. ბევრია გამოსასწორებელი. პირველ რიგში სკოლაში და ამავე დროს, საჭიროა ჩვენ ტრადიციულ ეროვნულ მეცნიერებას მომავალი ნაკადი მივცეთ”,– განუცხადა Aris.ge–განათლებას ელგუჯა ხინთიბაძემ.

იმის თაობაზე, რომ წიგინიერების დონის საგანგაშო მაჩვენებლის მიზეზები პირველ რიგში სასკოლო განათლების პროცესში უნდა ვეძიოთ, კერძო სკოლა “ლოგოსის” დამფუძნებელი და განათლების საკითხების სპეციალისტს გია მურღულია Aris.ge-განათლებასთან დეტალურად საუბრობს.

მურღულია ამბობს, რომ მოსწავლეები სკოლაში სათანადო ცოდნას ვერ იღებენ და ამის ერთ–ერთი მიზეზი პედაგოგთა დაბალკვალიფიციურობაა, რაზეც მისივე თქმით, სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებიც ნათლად მეტყველებს.

“ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა. განათლების დონის დაბალი ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, განათლების ხარისხი სწავლების ხარისხზეა მიბმული, ანუ მასწავლებელთა კომპეტენციაზე, შესაბამისი გარემოს შექმნასა და სკოლებისთვის საჭირო ინსფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესმაც ძალიან თვალნათლივ დაგვანახა. ჩემთვის ეს ისედაც არ იყო უცხო, სერტიფიცირების გარეშეც ვიცოდი, რა პრობლემები ჰქონდათ კომპეტენციის თვალსაზრისით პედაგოგებს. ერთი კომპონენტია მასწავლებელთა კომპეტენცია, რომელსაც თან ახლავს მოტივაცია და მეორე – ინფრასტრუქტურა, სასკოლო გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე ტექნოლობიები დაინერგოს ჩვენ სკოლებში და ჩვენი მასწავლებლები მზად იყონ მათ ასათვისებლად და გამოსაყენებლად,”-ამბობს მურღულია.

განათლების ხარისხის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მურღულია მოსწავლის მიერ სწავლის სურვილს მიიჩნევს.

“რაც ჩამოვთვალეთ არის ერთი მხარე განათლების ხარისხისა. მეორე არის სწავლის ხარისხი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს უნდა უნდოდეთ სწავლა, უნდა აცნობიერებდნენ, ხედავდნენ სწავლის მნიშვნელობას და უნდა ხედავდნენ იმას, რომ ნასწავლი ადამიანის ცხოვრების წესი და მისი შრომის ანაზღაურება დაფასებულია ჩვენ ქვეყანაში. ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდება და ვერ გადაწყდა. ძალიან რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, იმიტომ, რომ ითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს განათლების სფეროში. განათლების სფეროში ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოს უჭირს. თუმცა ამის გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ მოსწავლის მოტივაცია ამაღლდეს და განათლებამ საზოგადოებაში დაიჭიროს ის ადგილი, რც მას ეკუთვნის. ეს არის ორი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. განათლების ხარისხს ქმნის ერთი მხრივ როგორ ასწავლი, და მეორე მხრივ – როგორ უნდა, თავად მოსწავლეს, რომ ისწავლოს”,– განუცხადა Aris.ge–განათლებას გია მურღულიამ.

წიგნიერების დონის დაბალი მაჩვენებლის ერთ–ერთ მიზეზად, სასკოლო ასაკის სასწავლო პროგრამას ასახელებს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

როგორც მან Aris.ge–განათლებას განუცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმებზე და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

“ჩვენ ვლაპარაკობთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის ერთიან სტრატეგიაზე, სადაც განათლების ყველა საფეხური არის გათვლილი და ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ინტერვენციები, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს ყველა მოქალაქისთვის. განათლების დაბალი ხარისხის გნმაპირობებელი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში, ალბათ, აღსანიშნავია პოლიტიკა, რომელიც არ იყო თანმიმდევრული და ძირითადად ხანმოკლე ეფექტებზე იყო გათვლილი. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ რომ განათლებას სჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა. აუცილებლად უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა. უნდა გავიაზროთ რომ განათლებაში შედეგის მიღწევას წლები სჭირდება. ამ ყველაფრისთვის საჭიროა კონცენტრირებული ინტერვენციები, რესურსების მობილიზაცია, სწორად დანახული სამოქმედო გეგმა და სწორად გაგადგმული ნაბიჯები”,– განუცხადა Aris.ge–განათლებას ქეთევან ნატრიაშვილმა.

რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, და ამაღლდება თუ არა ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე, ამას მომდევნო კვლევები გვიჩვენებს.

გიორგი არის© ხურცია

გიორგი არის© ხურცია Aris.ge-განათლების ჟურნალისტი