GE

საქართველოს ისტორია 2004–2013 წლები – ანუ ვინ და რა დარჩება ისტორიაში

სიტყვა “ისტორიის” განმარტებად ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიაში ვკითხულობთ:

” … მეცნიერება რომელიც შეისწავლის წარსულს. შესწავლის ძირითადი საგანი კი ბუნების, საზოგადოების, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, მოვლენების განვითარების პროცესია; მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კაცობრიობის განვლილ გზას”.

აქედან გამომდინარე ჩვენი წარსული, მომავლის ისტორიის ნაწილია. თუმცა ყველა ადამიანი, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესი დროს ვერ უძლებს და შესაბამისად ვერც დიდი ისტორიის ნაწილი ხდება.

პროცესები, რომელსაც ხშირად ისტორიულს უწოდებენ წლების შემდეგ დავიწყებას უკვალოდ ეძლევა. რას დაიტოვებს საქართველოს ისტორია ჩვენი დღევანდელი რეალობიდან, რას წაიკითხავენ 20-30 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიის 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულზე სკოლის მოსწავლეები?! – ამ თემაზე Aris.ge – განათლებამ მცირე კვლევა ჩაატარა.

დღეს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები 2003 წლის “ვარდების რევოლუციაზე” სრულდება. 2003 წლის შემდეგ განვითარებული, რომელი მოვლენები შევა მომავლის ისტორიაში ამაზე Aris.ge – განათლებას ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თანაავტორი, ისტორიკოსი თემურ პაპასკირი ესაუბრა.

“ისტორიაში აუცილებლად შევა 2008 წლის აგვისტოს ომი. აუცილებლად შევა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, როგორი იქნება შეფასება ეს დროის საკითხია. ისტორიული გახდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრეულების გაფორმება, პარაფირება კი არა. ისტორიას ყოველთვის შედეგი სჭირდება. “ციხის კადრები” დღეს რეზონანსული საკითხია, თუმცა ვფიქრობ ისტორიაში გაკვრით იქნება ნახსენები, როგორც არჩევნების შედეგის განმაპირობებელი. ისტორიის ნაწილი აუცილებლად გახდება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილი კი უკვე ისტორიის ნაწილია. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს – დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად დაკნინებულია, რომ არ ვიცი რამდენად დაწერენ მასზე ისტორიკოსები. მომავალში აუცილებლად ისწავლიან და გაეცნობიან იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახელწმიფო წყობა შეიცვალა”.

“ჩვენი დღევანდელი რეალობა წარსულ მოვლენებს გადააფასებს. ისტორიაში უკვე დამკვიდრებული მოვლენები კი სახელებს შეიცვლიან” – ეს სიტყვები კი ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილს ეკუთვნის.

“ისტორიის ნაწილი გახდება 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს ომი მთლიანად შეცვლის საქართველო-რუსეთის ბოლო 200 წლიან ურთიერობის ფორმულირებას. თუ აქამდე ისტორიაში იყო ტერმინოლოგია: გურიის, კახეთის, იმერეთის, სვანეთის, 24 და 37 წლების აჯანყებები, 34 წლის შეთქმულება, აფხაზეთის ომი, მომავალში ყველაფერს რუსეთ-საქართველოს ომი დაერქმევა და ყველა ეს კონფლიქტი ერთი სახელის ქვეშ გაერთიანდება. ისტორიის ნაწილი გახდება ქართველი ჯარისკაცების “ISAF” სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. მომავალში ასევე აღწერენ 2013 წელს გაფორმებულ იმ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებს. ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველო მსგავის მასშტაბის კოალიციურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას პირველად მიიღებს. ეს ისტორიული ნაბიჯია. მართალია ავღანეთშიც იბრძოდნენ ქართველები, აღარაფერს ვამბობ ორ მსოფლიო ომზე და იქ ჩვენს დანაკარგზე, თუმცა ეს არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მონაწილეობა. აუცილებლად შევა ევროკავშირთან პარაფირება და ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. რაც შეეხება დემოკრატიას ეს რთული პროცესია. პროცესი, რომელიც მუდმივად ფორმირდება. როდესაც რეზულტატები დაიდება, ამ საკითხზე კომენტარს შემდეგ გავაკეთებ” – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

“თუ დადგინა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მოკლეს – ფაქტი ისტორიის ნაწილი გახდება. დაიწერება 7 ნოემბრის აქციასა და დარბევაზე; 2011 წლის 26 მაისზეც, მაგრამ არა ისე დეტალურად, როგორც დღეს მედიაში შუქდება. ამ ფაქტებს ალბათ რამდენიმე წინადადებით აღწერენ, როგორც ხელისუფლების ცვლილების მიზეზს. მომავლის სახელმძღვანელოში ალბათ რამდენიმე წინადადებას პოლიციის, განათლებისა და სასამართლოს რეფორმაზეც ამოვიკითხავთ. რა თქმა უნდა ისტორიის ნაწილი არის და იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი” – მიიჩნევს ისტორიკოსი ნელი კოპალიანი.

აკადემიკოს როინ მეტრეველის აზრით კი მომავალი ისტორია, პრეზიდენტებს, პრემიერებსა და ოპოზიციის ლიდერებს გვერდს ვერ აუვლის. როგორც მან Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა ისტორიის სახელმძღვანელოში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის და მათი თავმჯდომარეების შესახებაც შეიძლება ჩაიწეროს.

“საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშილი ძალიან მნიშვნელოვანი სახელით შევა. შევა და უკვე შესულია მიხეილ სააკაშვილი. სხვათაშორის ირაკლი ღარიბაშილიც. მიუხედვად იმისა, რომ დღეს პრეზიდენტი გვყავს ის ფორმალურად არსებობს. ღარიბაშვილი კი პირველი კაცია და ისტორია მას გვერდს ვერ აუვლის” -განაცხადა როინ მეტრეველმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების დაკავების საკითხს ამ თემაზე კომენტირებისას როინ მეტრეველმა განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე რთული სათქმელია, გახდება თუ არა ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაკავება ისტორიული ფაქტი.

“გააჩნია დაუმტკიცდებათ თუ არა ბრალი და რისთვის მოუწევთ სასჯელის მოხდა. ამის მიხედვით განვსაზღვრავ მოხვდებიან თუ არა მომავლის ისტორიაში და როგორი სახელით შევლენ მასში” – განაცხადა აკადემიკოსმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სასკოლო სახელმძღვანელოები განსხვავებული პრინციპით შეიქმნება და ბავშვებს მშობლიური ქვეყნის ისტორია გასაგები ენით მიეწოდებათ.

“დღევანდელი ისტორიის სახელმძღვანელოები რთული და ბავშვებისთვის გაუგებარი ენითაა შექმნილი. გამარტივების მაგივრად გართულებულია. ისტორიას სხვა დარგებიც ერწყმის და ეს კიდევ უფრო ართულებს მის შესწავლას. დღევანდელი სახელმძღვანელოები საფუძვლიანად შესასწავლი და შესაცვლელი, უფრო ზუსტად კი თავიდან დასაწერია” – განაცხადა მეტრეველმა.

და ბოლოს: რა რჩება მატიანეში წარსულიდან ამას ძირითადად მომავლი განსაზღვრავს. თუმცა ზოგიერთი მოვლენა თავისი მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე აწმყოშივე გვაძლევს იმისი ფიქრის საფუძველს, რომ ის აუცილებლად გაუძლებს დროს და ისტორიის ნაწილი გახდება.

თქვენი აზრით საქართველოს უახლესი წარსულიდან, რომელი მოვლენა ან პიროვნებაა ისტორიული?

ეკა არის წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური