GE

საქართველოს პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა მე–12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მე–12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:

„მინდა, ყველას მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას!

თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს!“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კი, თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, მე-12 კლასელთა ორგანიზებულ  ბოლო ზარს დაესწრო. მათთან ერთად, მინისტრმა ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა და  დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას –  სკოლის დასრულებას. ის, რაც აქამდე თქვენი ყოველდღიურობა იყო, დღეიდან მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას“.

 სამინისტროს ცნობით, 2018  წელს, სკოლას საჯარო და კერძო სკოლების 39 000-მდე მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. საატესტატო გამოცდები კი, საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური