GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აკადემიამ წელს 118 კურსდამთავრებული გამოუშვა, აქედან აკადემიის ბაკალავრიატის 88 იუნკერი და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 25 მსმენელი.

ახალგაზრდებმა სასწავლო კურსის დასრულება ტრადიციულად ცაში ქუდების სროლით აღნიშნეს.  კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტის, ინფორმატიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობებში. ნიკა გაგნიძე, რომელიც ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, გვიყვება, რომ აკადემიაში სწავლა მას სწორად განვითარებაში დაეხმარა.

,,აკადემიაში სწავლა სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე. ბავშვობიდან მსურდა ვყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში. ამ ოთხი წლის განმავლობაში აკადემიამ მომცა სწორად განვითარების შესაძლებლობა. მქონდა იმის საშუალება, რომ მივლინებით ვყოფილიყავი საზღვარგარეთ სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში და გავცნობოდი იქ არსებულ ვითარებას“, – ამბობს თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული.

ნიკა გაგნიძის მსგავსად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია კიდევ 87-მა ახალგაზრდამ დაასრულა. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, საიდანაც მათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვის მიმართა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ათი წლის წინ გვიჩვენეს, თუ რა არის ქართველი ჯარისკაცისთვის სამშობლოს სიყვარული, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ის ღირსეული გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ჩვენი ვალია, უკვდავვყოთ, ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე. მადლობა ვუთხრათ კიდევ ერთხელ მათ და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, იმ თავგაწირვისა და თავდადებისთვის, რაც სამშობლოსთვის გაწიეს. ჩვენ ამ ათი წლის შემდეგ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ და წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. როგორც აკადემიაში განაცხადეს, არსებული საბაკალავრო პროგრამები მორგებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების  მოთხოვნებსა და ფასეულობებზე, რომლსაც წარმატებულად ახორციელებენ აკადემიის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, სამხედრო ინსტრუქტორები და მოწვეული სპეციალისტები. აკადემიის რექტორის განცხადებით, კურსდამთავრებული იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათ სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები ეკავათ.

კურსდამთავრებულები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, მათ შორის მივლინებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლიტვის, საფრანგეთის, თურქეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ლატვიის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშსა და სატელევიზიო პროექტებში.

,,აკადემიაში სწავლის პერიოდში, როგორც ბაკალავრიატის იუნკერებმა, ასევე საკანდიდატო კურსის მსმენელებმა მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება და თეორიულ სწავლებასთან ერთად შეიძინეთ პრაქტიკული სამხედრო უნარ-ჩვევები. 4 წლის განმავლობაში სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაშიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსდამთავრებულმა იუნკერებმა ლეიტენანტის წოდებასთან ერთად მიიღეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და წელს გარდა მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის პირველი გამოშვებაა“,- განაცხადა აკადემიის რექტორმა ზაზა ჯაფარიძემ.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური