GE

„საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ინდუსტრიის ხელმძღვანელს უშუალო კონტაქტი აქვს BTU-ს სტუდენტებთან“

მსოფლიოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიის პარალელურად, უახლესი ტექნოლოგიების ფლობა. სტუდენტისთვის, რომელიც ფიქრობს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებაზე, მნიშვნელოვანია როგორც სწავლის ხარისხი, ასევ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. ამ კუთხით ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მაგისტრატურის პროგრამებით დაინტერესებულ პირებს, ქვეყანაში ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებაზე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

BTU-ს სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე ესაუბრა.

რა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს იმ ფონზე, რომ ასეთი მიმართულება თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს?

-ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, იმის მიუხედავდ რომ მენეჯმენტის კვალიფიკაციაზე გადის, არის MBA ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტი, რეალურად ძალიან განსხვავებულია სხვა ბიზნეს სამაგისტრო პროგრამებისგან. მისი სახელწოდებაა ბიზნეს ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ტექნოლოგიები, რაც მენეჯერმა უნდა იცოდეს საუკეთესოდ ვასწავლოთ. ვასწავლით საგნობრივადაც და ვასწავლით ცალკე საჩუქრად სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, რაც ყოველ სემესტრში არის დაგეგმილი. სხვადასხვა უნივერსიტეტებშიც შეიძლება შეგვხვდეს ასეთი კურსები, მაგრამ ეს არის ძვირადღირებული პროგრამები, მსგავსი მოდელი ჩვენი მაგისტრანტებისთვის არის აბსოლუტურად უფასო.

სტუდენტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მომავალ დამსაქმებლებთან ურთიერთობას, რა პრაქტიკა აქვს ამ კუთხით BTU​-?

-ძალიან მნიშვნელოვანია ინდუსტრიასთან კავშირი, რაც საქართველოში თუ უცხოეთში ჩატარებულმა ყველა კვლევამ აჩვენა. ამერიკის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მაგალითზე გამოიკვლია, თუ რა არის მთავარი დანაკლისი, რაც სამაგისტრო საფეხურზე კურსდამთავრებულებს აქვთ, როდესაც კარგ უნივერსიტეტებს ამთავრებენ. ყველამ თქვა, რომ ისურვებდნენ ინდუსტრიასთან მეტ კავშირს.

ცხადია, როდესაც აკადემიურ განათლებაზე ვსაუბრობთ, საგნების სწავლება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დღეს ტექნოლოგიების ასეთ ცვალებად პროცესში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს აქვს მილიონი შესაძლებლობა კონკრეტულ სფეროში მიიღოს ცოდნა. მაგალითად არის წყაროები ინტერნეტში, რომელიც უფასოა, ვიდეოები, იუთუბ პორტალები და ა.შ. რა შეიძლება გააკეთოს უნივერსიტეტმა, რომ ამ ყველაფერს აჯობოს და გაცილებით მეტი ფასეულობა შექმნას სტუდენტისთვის? – პირველ რიგში ეს არის კავშირი ინდუსტრიასთან. ჩვენი „ნეთვორქინგის“სესიები, აერთიანებს საქართველოში მომუშავე ყველა მსხვილ ინდუსტრიას. ეს არის დაახლოებით 30-მდე კომპანია მათი ტოპ-მენეჯერები, გენერალური დირექტორები მოდიან და როცა მთავრდება ჩვენი მაგისტრანტების ლექციები, მათთან იწყებენ „ნეთვორქინგის“ სესიებს, ეცნობიან ერთმანეთს, საუბრობენ მენეჯმენტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ბიზნესში არსებულ სიახლეებზე და ა.შ  რეალურად, ამან ყველაფერმა მოგვიტანა ის შედეგი, რომ სტუდენტები დასაქმდნენ ამ კომპანიებში. ჩვენი მაგისტრატურის სტუდენტების სადღაც 80% , არის დასაქმებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარდა, რა მოეთხოვება პირს, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდეს?

-წელს ჩვენც შევცვალეთ მიღების პროცედურები. როგორც ვიცით, ასევე შეიცვალა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების სისტემაც, ადრე იყო რამდენიმე ტიპის ტესტი A ტიპის, B ტიპის და ა.შ. ახლა იქნება ერთი ტიპის ტესტი მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის. ჩვენ რაც შევცვალეთ, ეს არის ის, რომ კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის B1 დონეზე ფლობა. რატომ ვითხოვთ B1 და არა B2 -ს? პროგრამაში დავამატეთ ინტენსიური ბიზნეს ინგლისურის კურსი, შესაბამისად დავწიეთ მიღების წინაპირობა B1 დონეზე. ვისაც ექნება ეს დონე, ინტენსიურ ბიზნეს ინგლისურს საჩუქრად ვუკეთებთ. აქამდე გვქონდა ტესტირება სპეციალობაში, ახლა გადავწყვიტეთ, რომ ტესტირება შევცვალოთ გასაუბრებით, რაც რეალურად გვაძლევს გაცილებით უფრო სიღრმისეულ სურათს კანდიდატის შესახებ. ეს არის ის ცვლილებები და პროცედურები, რომელიც განვახორციელეთ.

რა ტიპის ურთიერთობა აქვს უნივერსიტეტს  მაგისტრატურის პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატებთან და შემდეგ უკვე კურსდამთავრებულებთან?

-მაისტრატურაში ჩარიცხვამდე, კანდიდატმა ენის ფლობის დასადასტურებლად  უნდა წარმოადგინოს საერთშორისო ვალიდური სერტიფიკატი, ან არიან სტუდენტები, ვისაც არანაირი სერტიფიკატი არა აქვს, უბრალოდ ნამდვილად იციან ინგლისური.  მათ ჩვენ ვუტარებთ ტესტირებას და ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ენის ფლობის დონეს. ასევე აღსანიშნავია, რომ მათთვის, ვისაც ინგლისურ ენაში ტესტირება უწევს, ინგლისური ენის ტრენინგს საჩუქრად ვუკეთებთ. შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ რა ტიპის ტესტი იქნება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და.ა.შ. ასევე, როდესაც საინფორმაციო შეხვედრებს და ღია კარის დღეებს ვაწყობთ, ეს არ არის უბრალოდ პროგრამების გარშემო მსჯელობა და მშრალი პრეზენტაცია. ჩვენ მოგვყავს კომისიის წევრები, ვინც შემდგომ უკვე გასაუბრებაზე შეხვდებიან კანდიდატებს, ინგლისურის სპეციალისტები, ჩვენი კარიერული ცენტრის ხელმძღვანელი, რომლებიც მათ ესაუბრებიან დაწყებული ჩაბარების პერიოდზე, როგორ უნდა გახდეს ჩვენი სტუდენტი, ასევე აცნობენ იმ შესაძლებლობებს, რითაც სტუდენტებს შეუძლიათ რომ ისარგებლონ.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია კურსდამთავრებულების საკითხი. ჩვენ გვაქვს უწყვეტი განათლების ცენტრი. ალბათ ყველა ადამიანს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს ჰქონია ასეთი მომენტი, რომ რომელიმე სფეროზე სინანულით უთქვამს – ნეტავ ის უკეთ მესწავლაო. ეს შეგრძნება რომ არ ჰქონდეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველი სემესტრის დასაწყისში მათ გავუზიაროთ იმ საგნების ჩამონათვალი, რომელსაც ვასწავლით ყველა პროგრამაზე, მაგალითად საბაკალავრო პროგრამაზე IT-ში, მაგალითად პროგრამირების ენა „პითონი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, სწარაფად მზარდი ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ჩვენ ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს ვთავაზობთ საჩუქრად, როგორც მსმენელმა გაიაროს მთელი კურსი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვენ მათთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ინიციატივას და ძალიან ბევრი კურსდამთავრებული მოვიდა IT საგნებში ცოდნის გასაღრმავებლად, საჩუქრად მსმენელის სერტიფიკატები გადავეცით და ვაგრძელებთ ამ ტრადიაციას.

როდესაც სტუდენტი სასწავლო დაწესებულებას არჩევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო გარემოს, რა დახვდებათ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს?

-უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაყოფილია სამ ნაწილად, ერთი ესა აკადემიური სივრცე და აუდიტორიები. ზოგადად BTU ახალი უნივერსიტეტია საქართველოში და ინფრასტრუქტურაც უახლესია, გარდა ამისა ყოველ ზაფხულს ხდება განახლება. აკადემიური სივრცის პარალელურად, ასევე შევქმენით არაფორმალური გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის, ეს არის მულტიფუნქციური სივრცეები, ეს არის კომპიუტერული ნაწილი, არის შეხვედრების ოთახი, სადაც მაგისტრანტს შეუძლია შეხვდეს თავის დამსაქმებელს, ან თავის ბიზნეს პარტნიორს.  შეუძლია იმეცადინოს, ან ბიბლიოთეკის რესურსები გამოიყენოს. ჩვენს ბიბლიოთეკაში გამოწერილი გვაქვს ძალიან ცნობილი ბიზნეს გამოცემები.  მესამე, ეს არის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს ემსახურება, ასევე გვაქვს მეწარმეობის ცენტრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათაშორის, მაგისტრებისგან ძალიან ხშირად გვხვდება კომენტარები, რომ მინდა ჩემი ბიზნესი დავიწყო. დამსაქმებელთან კი არ უნდათ ურთიერთობა, თავისი საქმის კეთება უნდათ. მეწარმეობის ცენტრი გავაკეთეთ ჰელის ბიზნესის სკოლასთან ერთად, რომელიც არის მსოფლიოს 20-ეულში ბიზნეს განათლებით.  ეს მოიცავს სტუდენტურ სტარტაპებს, ბიზნეს აქსელერატორს, ბიზნეს ინკუბატორს, ინვესტორებთან შეხვდრას. 11 მარტს ვაწყობთ თბილისში პირველად მეწარმეობის სამიტს, სადაც ჩამოგვყავს ისრაელიდან 5 ინვესტორი დახლოებით 10 მილიონიანი საინვესტიციო პაკეტით. ჩვენი მაგისტრატურის სტუდენტების სტარტაპ იდეები დავარეგისტრირეთ ამ სამიტზე და მათ შეუძლიათ მიიღონ მრავალმილიონიანი დაფინანსება ინვესტორებისგან და არ დასაჭირდეთ ბანკში სესხის გაკეთება.

არის თუ არა მაგისტრატურის პროგრამაზე მიღებისას სტუდენტების ქვოტა განსაზღვრული და დროში როგორაა განაწილებული სასწავლო პროგრამები?

-150 სტუდენტს ვიღებთ მაგისტრატურაზე, ლექციები ტარდება მხოლოდ საღამოს ან შაბათობით.  ვითვალისწინებთ იმას, რომ უმეტესობა დასაქმებულები არიან და სწავლების დროც შესაბამისადაა დაგეგმილი. სავალდებულო ლექციების გარდა, სტუდენტებისთვის შეთავაზებულია ძალიან ბევრი არჩევითი საგანი, მათ შეუძლიათ თავად დაგეგმონ და საკუთარ საქმიანობას შეუთავსონ ლექციების ცხრილი. ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება არის წელიწადში 2 250 ლარი. თანხის გადანაწილება შესაძლებელია განცხადების საფუძველზე და ბევრ სტუდენტს ვუნაწილებთ გადასახადს. მაგისტრატურის პროგრამა აკრედიტებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო გრანტით. გრანტის გარდა არსებობს სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც მაღალი რეიტინგი აქვს. ეს სტიპენდია ყოველთვიურად ერიცხება სტუდენტს, როგორც მაგისტრატურის, ასევ ბაკალავრის საფეხურზე.

რა სახის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს სთავაზობს BTU მაგისტრანტებს?

-ძალიან შთამბეჭდავი პარტნიორი უნივერსიტეტების სია გვაქვს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში. ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტები, მსგავსი პროგრამებით, როგორც წესი, საქართველოსთან არ თანამშრომლობენ, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. ესენი არიან უნივერსიტეტები გერმანიიდან, ირლანდიიდან, შვეიცარიიდან, შვედეთიდან და ა.შ სტუდენტებს რომ ჰკითხოთ, რა მოსწონთ ამ უნივერსიტეტში ალბათ ტოპ სამეულში გაცვლით პროგრამებს დაასახელებენ. მეორე და მესამე სემესტრიდან სტუდენტს უკვე შეუძლია გაცვლით პროგრამაში ჩართვა, მაგალითად პორტუგალიაში ძალიან ბევრი სტუდენტი წავიდა და ეს ყველფერი დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ BTU- კურსდამთავრებულის დიპლომი საზღვარგარეთაც იქნება აღიარებული? ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალგაზრდები..

-გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იღებს BTU-ს ​-ს დიპლომს, მაგრამ მას ცალკეული კურსები აქვს გავლილი ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც აუცილებლად მითითებული იქნება მის რეზიუმეში და ეს დასაქმების ნაწილში ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს კურსდამთავრებულს, არამარტო საქართველოში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. გაცვლითი პროგრამების დროს სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ და სტიპენდიასაც იღებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ სტუდენტები ჩვენთან მოდიან.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური