„საქართველოში გავრცელებული უცხო ენების სწავლების მეთოდები სასწავლო პროცესიდან მშობლიური ენის განდევნაზეა ორიენტირებული“
„უცხო ენის სწავლება დაუშვებელია მშობლიური ენის გარეშე. ჩემი აზრით, ინგლისური ბარბარიზმის გამოყენების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ქართული ბუნებრივი ეკვივალენტის არცოდნა“, – წერს საკუთარ სტატიაში “სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?” თინათინ მარგალიტაძე.
ლინგვისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ლექსიკოგრაფი მიიჩნევს, რომ უცხო ენის სწავლების პროცესიდან მშობლიური ენის განდევნა, ერთი მხრივ, ხელს უშლის უცხო ენის სრულფასოვან შესწავლას, მეორე მხრივ კი, აზარალებს მშობლიურ ენას.
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ინგლისური ენის სწავლებისას მშობლიური ენისა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული ლექსიკონების უგულებელყოფა.
სულ უფრო მეტი უცხოელი მეცნიერი უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ უცხო ენების სწავლებისას საჭიროა უცხო ენის შემსწავლელს გავაცნობიერებინოთ მის მშობლიურ ენასა და უცხო ენას შორის არსებული სხვაობა, ასიმეტრია. უცხო ენის შესწავლისას მნიშვნელოვანია უცხო ენის ლექსიკური, გრამატიკული და სინტაქსური ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ლექსიკურ, გრამატიკულ და სინტაქსურ ინფორმაციასთან.
ინგლისურენოვან ბარბარიზმებზე დაკვირვება და მათთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ქართულ და ინგლისურ სიტყვებს შორის არსებობს მარტივი სიმეტრია, რომ ქართული სიტყვები იგივე შინაარსს გადმოსცემენ, ან უნდა გადმოსცემდნენ, რასაც მათი შესატყვისი ინგლისური სიტყვები, რომ ერთ ინგლისურ სიტყვას ერთი ქართული სიტყვა უნდა შეესატყვისებოდეს, ორს – ორი და ა.შ. შესაძლოა სწორედ ეს გავრცელებული აზრი იყოს კიდეც ქართულ ენაში ამდენი ბარბარიზმის მომრავლების წყარო.
სემანტიკური ასიმეტრია ქართულ და ინგლისურ ენებს შორის
სინამდვილეში კი სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. ძნელია მოიძებნოს ქართული და ინგლისური თითქოსდა ეკვივალენტური სიტყვები, რომლებიც ყველა კონტექსტში ჩაანაცვლებენ ერთმანეთს.
ეს არის ენობრივი კანონზომიერება!
ასევე ინგლისურ ენაში არის სიტყვები, რომლებიც ქართულ ენაში საერთოდ არ არის ლექსიკალიზებული. მაგ. privacy ინგლისურ ენაში ნიშნავს – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს სიტყვა ქართულ ენაში არ არის ლექსიკალიზებული, ჩვენ არ გვაქვს ერთი სიტყვა, რომელიც ამ ცნებას აღნიშნავს, ამიტომ მისი ქართულად გადმოცემისათვის გვჭირდება სამი სიტყვა – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ესეც კანონზომიერებაა და არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენა ნაკლულია ინგლისურ ენასთან მიმართებით. ასევე არის ქართულშიც უამრავი ცნება, რომელიც არ არის ინგლისურ ენაში ან სხვა ენებში ლექსიკალიზებული.
სწორედ ასეთი სწორხაზოვანი სიმეტრიის არარსებობა არის ყოველი ცალკეული ენის, მათ შორის ქართული ენის, სიმდიდრე და უნიკალურობა.
ეს ასიმეტრია ინგლისური ენის შემსწავლელმა, სპეციალისტმა, მასწავლებელმა, მთარგმნელმა კარგად უნდა გაითავისონ და ინგლისური ენისა და, ზოგადად, უცხო ენების შესწავლის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.
უცხო ენის სწავლება დაუშვებელია მშობლიური ენის გარეშე
სწორედ ამ განსხვავებების გამო არის საჭირო უცხო ენის ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ინფორმაციასთან. არადა ბოლო წლებში საქართველოში გავრცელებული უცხო ენების სწავლების მეთოდები მაქსიმალურადაა ორიენტირებული მშობლიური ენის განდევნაზე სასწავლო პროცესიდან, თარგმანის როლის დაკნინებაზე, რასაც თან ახლავს ორენოვანი, თარგმნითი ლექსიკონების გამოყენების უარყოფა ერთენოვანი, უცხოენოვანი განმარტებითი ლექსიკონების სასარგებლოდ. ჩემი აზრით, ინგლისური ბარბარიზმის გამოყენების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ქართული ბუნებრივი ეკვივალენტის არცოდნა.
მოსაუბრე ვერ არჩევს საჭირო ქართულ სიტყვას, რადგან მის ცნობიერებაში ესა თუ ის ინგლისური სიტყვა არ არის შესაბამისობაში მოყვანილი მის ბუნებრივ ქართულ ეკვივალენტთან. უცხო ენის სწავლების პროცესიდან მშობლიური ენის განდევნა, ერთი მხრივ, ხელს უშლის უცხო ენის სრულფასოვან შესწავლას, მეორე მხრივ კი, აზარალებს მშობლიურ ენას.
უცხო ენის შესწავლა რთული პროცესია, მით უფრო ქართველისათვის ძნელია ინგლისური თუ სხვა ევროპული ენის შესწავლა, რადგან ქართული ენა არ არის ევროპული ენების მონათესავე ენა და მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან როგორც სტრუქტურულად, ისე აზრის გადმოცემის მანერით.
უცხო ენის შესწავლის დროს საჭიროა ახალი ენობრივი (ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური) ინფორმაციის მიმართებაში მოყვანა ენის შემსწავლელისთვის ყველაზე კარგად ნაცნობ ენასთან, ანუ მშობლიურ ენასთან. ორენოვან, უცხოურ-მშობლიურ ლექსიკონს ესა თუ ის ახალი ლექსიკური ერთეული თუ სინტაქსური კონსტრუქცია ადვილად მოჰყავს მიმართებაში მშობლიურ ენასთან.
ეს, ერთი მხრივ, აადვილებს სწავლის პროცესს, მეორე მხრივ კი, ენის შემსწავლელს აჩვევს მშობლიურ ენაზე უცხო ენის ბუნებრივი ლექსიკური თუ სინტაქსური ეკვივალენტების გამოყენებას და ეხმარება მას გამართულად წეროს და იმეტყველოს მშობლიურ ენაზე, მშობლიურ ენას არ მოახვიოს თავს მისთვის არაბუნებრივი ფორმები. ეს პრობლემა კარგადაა ცნობილი უცხო ენების უფროსი თაობის ქართველი სპეციალისტებისათვის, რომლებიც უცხო ენებს, შესაბამისი ქართულენოვანი ლექსიკონების არარსებობის გამო, რუსულენოვანი ლექსიკონებით ეუფლებოდნენ. ამის შედეგად, უცხო ენის ქართველი შემსწავლელის ცნობიერებაში უცხო სიტყვა შესაბამისობაში იყო მოყვანილი შესაბამის რუსულ და არა ქართულ ეკვივალენტთან. იმ პერიოდში ქართული ენა ზარალდებოდა რუსული ენისა და რუსულენოვანი ლექსიკონების გამო, ახლა კი ზარალდება ინგლისურ ენასთან მიმართებით.
რასაც საბჭოთა პერიოდში აფუჭებდა რუსულენოვანი ლექსიკონები, ახლა იმასვე აკეთებს ინგლისური ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონების გამოყენება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენას არ სჭირდება გაინგლისურება, მას სჭირდება განვითარება. ქართული ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა ლექსიკოგრაფებმა აკადემიური ლექსიკონებით: განმარტებითი, დარგობრივი, ორენოვანი და სხვა; ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა მთარგმნელებმა როგორც მხატვრული, ისე დარგობრივი ლიტერატურის კვალიფიციური თარგმანებით; ენა უნდა განავითარონ ქართული ენის სპეციალისტებმა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მეცნიერებმა და სხვა.
ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ პროცესების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ცოდნის ნაკლებობა: ზოგჯერ ქართული ენის ცუდად ცოდნა, ზოგჯერ ინგლისური ენის ცუდად ცოდნა, უცხო ენების სწავლების არასწორი მეთოდები, ლექსიკონების ნაკლებობა და არსებული ლექსიკონების გამოყენების უნარ-ჩვევების არქონა და სხვა, ჩემ მიერ ზემოთ გაანალიზებული საკითხები.
ქართული ენის განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება სჭირდება. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ესე იგი ჩვენ საბოლოოდ ვამბობთ უარს ჭეშმარიტ ინტეგრაციაზე ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში, უარს ვამბობთ ეროვნული ენისა და კულტურის განვითარებაზე ევროპული მოთხოვნების შესაბამისად.
იხილეთ: ბარბარიზმების მაგალითები და თინათინ მარგალიტაძის ნაშრომი სრულად
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი
