GE

საქართველოში ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ – საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია და არასამთავრობო ორგანიზაცია განხილვის შესახებ სხდომის ჩანიშვნას ელოდება.

სარჩელის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც არიან, ისინი კონკრეტულად მოითხოვენ, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტების შესახებ არსებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან შეუსაბამოდ გამოცხადდეს და სტუდენტებს მიეცეთ უფლება, რომ ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატების მიხედვით, გრანტის მიღება რამდენჯერმე შეძლონ.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისთვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სასწავლო გრანტის გაცემა. მაგისტრატურის გრანტიც ფინანსდება მხოლოდ ერთხელ. ერთი საგანმანათლებლო მიმართულების, მათ შორის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებების მიხედვით. თუ ადამიანი ერთხელ მიიღებს საბაკალავრო ან სამაგისტრო გრანტს, მეორედ ეს მას აღარ შეუძლია მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისა,

„ძირითადად კონსტიტუციური სარჩელის მიმართულებები ეხება იმას, რომ თუკი სტუდენტი ჩაირიცხება საბაკალავრო, სამაგისტრო მიმართულებებზე მას მეორედ  100%-იანი ან ნებისმიერი ნაკლებ პროცენტიანი გრანტის მიღება არ შეუძლია. ამ სარჩელის შესაბამისად, საქართველოში სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთჯერადი სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლოა გაუქმდეს. სარჩელის მიხედვით მოთხოვნილია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის და სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლების, შეუსაბამობა კონსტიტუციის 27-ე მუხლთან, რაც უნდა გამოსწორდეს. კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება და ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. განათლების უფლება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებაა“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ივლისში დარეგისტრირდა მისი დასაშვებობის განსახილველად საკონსტიტუციო სასმართლოს 4-თვიანი, ხოლო სრულად განხილვისთვის 9-თვიანი ვადა აქვს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური