GE

საქსტატი: საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

დღეს, 2 მარტს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო, ამავე წელს უმაღლესმა სასწავლებლებმა 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 20.7 ათასი. ვკითხულობთ, რომ სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით (4.7 ათასი) გაიზარდა.

როგორც დოკუმენტით ირკვევა,  საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა მკვეთრად გაზრდილია. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 25.1 ათასი შეადგინა, რაც 43.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6% სწავლობს, ხოლო კერძოში – 39.4% მათგან  52.0% ქალი, ხოლო 48.0% – კაცია, ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობას.

სტუდენტების 1.9 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 79.8 პროცენტი – 18-დან 23 წლამდეა, ხოლო 18 პროცენტი – 24 წლის და უფროსი ასაკის.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 723 სტუდენტი, რაც 239-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას.

ვხვდებით, კიდევ ერთ პროცენტულ ცვლილებას, ირკვევა, რომ 2022 წელს უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 10.7 პროცენტით შემცირდა და 874 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 6.2 პროცენტითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.

„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის
ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 23.7 პროცენტით გაიზარდა და 537 პირი შეადგინა. თუმცა, კლება აღინიშნა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნებისა და მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე“, – ვკითხულობთ საქსტატის უახლეს ანგარიშში.

ასევე იხილეთ:

განათლების სისტემის გამოწვევები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური