GE

განათლების სისტემის გამოწვევები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში

ავტორი: ქეთი ბახტაძე. ჟურნალისტი, ფილოლოგი, მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

აქ, შეიძლებოდა, ნებისმიერი ფრთიანი გამონათქვამი ყოფილიყო განათლების უზენაესობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ, რადგან ამ სტატიაში განვითარებადი ქვეყნების გამოწვევებზე ვისაუბრებთ, სჯობს, აქტუალური, პრაგმატული მაგალითი მოვიყვანოთ და ვთქვათ, რომ განათლება მომავლის ვიზაა. თუმცა ხალხი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, სადაც შეიძლება დასაქმებულმა დაიძინო და უმუშევარმა გაიღვიძო, დიდი ხანია, სხვა, განვითარებული ქვეყნების ვიზის მსურველთა რიგებში დგას.

არ ვიცი, სხვა ქვეყნებს აქვთ თუ არა ზოგადეროვნული ოცნება გაბრწყინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის „გაბრწყინებისთვის” რომ განათლება აუცილებელია, ეს ხომ დღესავით ნათელია.

ქვეყნები არასახარბიელო გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რთული, ტრავმატული წარსულით, გასხვისებული რესურსებითა თუ ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირებით გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. მათი მთავარი საერთო და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის სათავე განათლების დაბალი დონეა.

2015 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ტერმინები „განვითარებადი“ და „განვითარებული“ ქვეყნებთან მიმართებაში აღარ გამოიყენონ. მსოფლიო ბანკის აზრით, ეს ცნებები ერთობ სუბიექტურია და აღრმავებს დაყოფას – „ჩვენ“ და „ისინი“. თუმცა, რაც არ უნდა პოლიტკორექტულები ვიყოთ, ფაქტი ჯიუტია.

„ისინი“ არიან სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის მესამედზე მეტი წერა-კითვხის უცოდინარია, სამხრეთი (ავღანეთი, პაკისტანი, ბანგლადეში) და ცენტრალური (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) აზია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მაგალითად, იემენში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტმა არ იცის წერა-კითხვა, დრამატული სურათია სირიაშიც, სადაც განათლებაზე საუბარი კონტექსტს მიღმაა, როცა ბავშვები ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. დიდი პროგრესით თავს ვერ მოიწონებენ ვერც სამხრეთი ამერიკის ქვეყნები, სადაც მოსწავლეთა მხოლოდ 36% აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში.

მიუხედავად ბოლო ათწლეულის პროგრესისა, სწავლა-სწავლების ხარისხი კრიზისულად ფასდება აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ნაწილში, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მნიშვნელოვანი პერიოდი საბჭოთა ოკუპაციაში გაატარეს, როცა კომუნიზმისგან და ნაციზმისგან თავისუფალი დასავლეთ ევროპელები ეკონომიკურ ბუმს განიცდიდნენ. ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, პრობლემები განსხვავებულია და პოლიტიკასთან, კულტურასთან, სოციალურ ვითარებასთან მჭიდრო შემხებლობაში ვლინდება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ძირეული პრობლემები, რომელთა განზოგადებაც შეგვიძლია.

განათლების ხელმისაწვდომობა – სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების დაახლოებით ნახევარი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, ნაწილი – ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც „მდიდარი“ არიან ბუნერივი კატაკლიზმებით. რა გასაკვირია, რომ ღარიბი ქვეყნების უპირველესი პრობლემა განათლებაზე არათანაბარი წვდომაა, როცა ხშირად მდიდარი და განვითარებული ქვეყნებიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან. ეკონომიკური სიძლიერე ხარისხიან განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის გარანტია სულაც არ არის.

მაგალითისთვის, UNICEF-ის კვლევის დოკუმენტში „არასამართლიანი სტარტი“, მოცემულია სხვადასხვა სასწავლო საფეხურზე ხელმისაწვდომობის დონე მდიდარ ქვეყნებში. საშუალო განათლების ხელმისაწვდომობის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ლიდერები – გაერთიანებული სამეფო მე-16, ა.შ.შ და გერმანია კი 23-ე და 24-ე ადგილს იკავებენ. მოწინავე ადგილებს კი ეკონომიკურად ბევრად დაბალ საფეხურზე მდგომი ქვეყნები ინაწილებენ: ლატვია (1-ელი ადგილი), ესპანეთი (მე-3), ესტონეთი (მე-5 ადგილი).

განათლების დაბალი ხარისხი – მსოფლიოში 600 მილიონი ბავშვი და მოზარდი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ დონეს წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ორი მესამედი სკოლაში დადის. თავის მხრივ, განათლების დაბალ ხარისხს იწვევს ელემენტარული ინფრასტრუქტურის, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოებისა ნაკლებობა, ნაკლოვანი სასწავლო გეგმა, კვალიფიციური მასწავლებლების არარსებობა, ფუნდამენტური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, როგორიცაა საკვები, სუფთა წყალი და თავშესაფარი. სასწავლო კრიზისმა გლობალურ მასშტაბებს, ჯერ კიდევ COVID-19-მდე მიაღწია. პანდემიამ კი სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრი ბავშვი, რომელიც სკოლაში დადის, ვერ იძენს ფუნდამენტურ ცოდნას, შესაბამისად ვერც მოზარდობისას იძენს დასაქმებისთვის საჭირო უნარებს. ეს კი დამღუპველია როგორც ბავშვებისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ.

გენდერული უთანასწორობა – UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 130 000 სკოლის ასაკის გოგონა ვერ იღებს განათლებას. 15 მილიონი დაწყებითი საფეხურის ასაკის გოგონა კი არასდროს შევა პირველ კლასში. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, გოგონების განათლება არაერთ ქვეყანაში კრიტიკულ საკითხად რჩება. მნიშვნელოვანი ბარიერებია სიღარიბე, კულტურული და სოციალური ნორმები, გენდერული დისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ძალადობა და შევიწროება. ღარიბი ოჯახები უპირატესობას ბიჭების განათლებას ანიჭებენ. მიიჩნევენ, რომ მათ დასაქმების მეტი პერსპექტივა აქვთ და ოჯახის მხარდაჭერას შეძლებენ. გოგონები კი საოჯახო საქმეებში დამხმარეებად მოიაზრებიან. ამასთან, ასეთ ოჯახებს გოგონას წარმატებული გათხოვება სიღარიბიდან თავის დაღწევის გზადაც ესახებათ. კონფლიქტის ზონებში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში დიდი საფრთხეა, რომ სკოლაში მიმავალი გოგონები რომელიმე ძალადობრივი დაჯგუფების რეიდის მსხვერპლნი გახდებიან.

არასაკმარისი დაფინანსება – როცა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი რესურსები არასაკმარისია მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ვიღებთ მასწავლებლების დეფიციტს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, გადატვირთული საკლასო ოთახებს, ტექნოლოგიებისა და ეფექტური სწავლის რესურსების ნაკლებობას… განათლების არასაკმარისი დაფინანსება მოქმედებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზეც. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებს არ ეძლევათ შესაბამისი რესურსები და გადამზადების საშუალება, შედეგად ისინი ვერ უმკლავდებიან თანამედროვე საჭიროებებსა და გამოწვევებს. არ არსებობს საყოველთაო ინსტრუქცია მთლიანი ეროვნული პროდუქტის რამდენი პროცენტი უნდა გამოყოს განათლების დაფინანსებისთვის ქვეყანამ. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ეკონომიკის მოცულობაზე, მაგრამ შეგვიძლია გადავხედოთ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ განათლებაზე: დანია (7,4%), შვედეთი (6,9%), ნორვეგია (6,6%), ისლანდია (6,5%),ბელგია (6,4%), ფინეთი (6,2%). მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით საქართველო განათლებაზე მშპ-ს 3,6 %-ს ხარჯავს. Საშუალოდ 4%-ს ხარჯავენ განათლებაზე სუბსაჰარის ქვეყნები. განათლების დონის ასამაღლებლად, რომ მხოლოდ დაფინანსება არ კმარა, არგუმენტად კუბის მაგალითიც გამოდგება, რომელიც ყველაზე მეტს – მშპ-ს 13,1%-ს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების ყველა საფეხური უფასოა და ქვეყანამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა STEM განათლების მიმართულებით, ხელშესახებ პროგრესს ცენზურა და აკადემიურ თავისუფლების ნაკლებობა აფერხებს.

რა ხდება საქართველოში – მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, სასწავლო კრიზისი საქართველოშიც არ არის გადალახული. პირველ-მეორე კლასში თითქმის ყველა ბავშვი მიდის, უფროს კლასებში კი ბავშვების რაოდენობა მცირდება. გვაქვს ბავშვთა შრომის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი კვების ნაკლებობა, ავადმყოფობა. სიღარიბისგან გამოწვეული მძიმე გარემო, ადრეულ ასაკში ბავშვების განვითარებას და სწავლის უნარს აფერხებს. მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია და რესურსების ნაკლებობა არც ჩვენი სკოლებისთვისაა უცხო. უმთავრესი პრობლემა კი არის ის, რომ სკოლა ცენტრალიზებული და პოლიტიზებულია.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი – მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განათლების პოლიტიკას და სწორ ინვესტირებას შეუძლია, ბავშვებს მისცეს უკეთესი განათლება, გამოიყვანოს ისინი სიღარიბიდან და გააუმჯობესოს ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა.

თუ გადავხედავთ ესტონეთის მსგავს პატარა, ოკუპაციაგამოვლილი ქვეყნების წარმატების მაგალითებს, დავინახავთ, რომ სასიკეთო ცვლილებები ინოვაციური ხედვის, სწორი სტრატეგიის, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის შედეგია.

მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკების მიღმა დავინახოთ რეალური ადამიანები, რეალური ცხოვრებით. როგორ შექმნიან ბავშვები კაცობრიობის მომავალს, თუ საკუთარ ბედზეც კი ვერ იქონიებენ გავლენას?! განათლება ყოველი ქვეყნისთვის უნდა იყოს უმაღლესი პრიორიტეტი, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ ძალუძს თავისი ხალხის უნარების, ცოდნის განვითარება და გამოყენება, სხვა ვერაფერს განავითარებს.

ავტორის სხვა წერილები:

ჩემო საბრალო მეგობარო, გაკვეთილი რომ მხოლოდენ გეგმა გგონია… (მასწავლებლის ბლოგი)

„იმედგაცრუებები დედა უნივერსიტეტში“ – პრობლემების მოგვარება მათზე საუბრით იწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური