„საშუალო დონის თეორიული ცოდნის მქონე მასწავლებელს ამ გამოცდაზე ნამდვილად გაუჭირდებოდა“ – ბიოლოგი რეალურ პრობლემებზე
ავტორი: მარინა კაპანაძე, ბიოლოგი, 166 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი
ჩემი დაკვირვება 2026 წლის მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებზე ბიოლოგიაში
ამ წერილის დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პირადად გავეცანი მასწავლებლის წლევანდელ საგამოცდო ტესტებს ბიოლოგიაში და მათ გარშემო არსებულ მთავარ მოსაზრებას – რომ ტესტი აღმოჩნდა „აკადემიურად გამართული“, მაგრამ „ჩასაჭრელი“.
თავად ამ ტესტების დეტალური ანალიზის შემდეგ, მინდა ჩემი ხედვაც გაგიზიაროთ:
1. ზოგადად, ტესტები აკადემიურად კორექტულად იყო შედგენილი და აშკარა, უხეში შეცდომები არ შეგვხვედრია. თუმცა, რამდენიმე დავალება იმდენად კომპლექსური აღმოჩნდა, რომ თავად პროფესიონალებშიც კი გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას კონკრეტული საკითხების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგიერთი საკითხი სცილდებოდა სტანდარტულ ჩარჩოებს და მსჯელობის სხვადასხვა სივრცეს ტოვებდა.
2. ეს არ იყო „მშრალი“ მეხსიერების ტესტი.
ტესტი არ ითხოვდა სახელმძღვანელოებიდან დაზეპირებული ფაქტებისა და ტერმინების მექანიკურ აღდგენას. მასში წინა პლანზე იყო წამოწეული:
ღრმა მეცნიერული ლოგიკა: კავშირების დანახვა სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესს შორის; ცოდნის ტრანსფერი: ნასწავლი თეორიის გამოყენება სრულიად ახალ, არასტანდარტულ კონტექსტში; მონაცემთა ანალიზი: გრაფიკების, სქემებისა და ექსპერიმენტული მონაცემების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
3. ვფიქრობ, საშუალო დონის თეორიული ცოდნის მქონე მასწავლებელს ამ გამოცდაზე ნამდვილად გაუჭირდებოდა. მიზეზი მარტივია: ჩვენი საგამოცდო თუ სასწავლო კულტურა ხშირად ორიენტირებულია იმაზე, თუ „რა“ ვიცით, ეს ტესტი კი სვამდა კითხვას – „როგორ“ ვიყენებთ ამ ცოდნას. იმისათვის, რომ პედაგოგმა ამ ტიპის დავალებებს თავი წარმატებით გაართვას, მას სჭირდება არა მხოლოდ ბიოლოგიის კარგი ცოდნა, არამედ მაღალი სააზროვნო და კვლევითი უნარები.
4. უზარმაზარი უფსკრული საგამოცდო ტესტსა და სასკოლო რეალობას შორის (ჩემი პირადი აზრი)
აქ მივდივართ ყველაზე მთავარ პრობლემამდე, რაზეც აუცილებლად გვმართებს დაფიქრება. ჩემი აზრით, საგამოცდო მასალა აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალურ მასალასთან, რისი სწავლებაც მასწავლებელს ყოველდღიურად უწევს სკოლაში.
სკოლის მოქმედი პროგრამითა და სახელმძღვანელოებით, პედაგოგს ფაქტობრივად არ ეძლევა საშუალება და რესურსი, რომ მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს ასეთი მაღალი დონის, კომპლექსური სამეცნიერო მასალა. შესაბამისად, ის ნაკლებად არის ორიენტირებული მსგავსი უნარების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვაზე.
მარტო გამოცდის ჩასაბარებლად ერთჯერადად მომზადება და მაღალი ქულის მიღება ნამდვილ პროფესიონალიზმად ვერ ჩაითვლება. პედაგოგის რეალური სიძლიერე და პროფესიონალიზმი მაშინ ჩნდება, როდესაც ის ამ კომპლექსურ ცოდნას სკოლაში, გაკვეთილზე იყენებს და მოსწავლეებამდე მიაქვს. როცა ეს კავშირი გაწყვეტილია, გამოცდა მხოლოდ ხელოვნურ ბარიერად იქცევა.
მთავარი გამოწვევა არა ტესტის სირთულე, არამედ მხარდაჭერის სისტემის არარსებობაა.
ჩემი დასკვნა ასეთია:
ტესტის სირთულე და ლოგიკა ადეკვატურია იმ გამოწვევების, რაც თანამედროვე მეცნიერებაში გვაქვს. თუმცა, თუ გვინდა, რომ მასწავლებლებმა ეს ბარიერი წარმატებით გადალახონ, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ მათ გამოცდაზე, არამედ სასკოლო პროგრამების იმგვარ ტრანსფორმაციაზე, რომელიც პედაგოგს საშუალებას მისცემს, ეს ცოდნა რეალურად გამოიყენოს კლასში.
ასევე იხილეთ:
-
როცა ლიტერატურა საზღვრებს სცდება – ორი მეთოდი, რომელიც გაკვეთილს ცოცხალ გამოცდილებად აქცევს
by განათლებული ბლოგი
-
როგორ ავიღოთ მაქსიმალური ქულა VII-XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე – აუცილებელი რეკომენდაციები
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
სიმართლე სკოლის ბანკეტზე – „ეს აღარ არის მთელი კლასის ზეიმი“
by განათლებული ბლოგი