შაშკინის ინიცირებული პროექტის შედეგად გალელი მოსწავლეები უწიგნოდ დარჩნენ
წლეულს გალში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა მოუწიათ. ეს პირველი შემთხვევაა, რადგან მანამდე ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემდა. ასე მოხდა 2009 წელსაც; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გალში არსებულ ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადასცა.
ამ სახელმძღვანელოებით მოსწავლეებს ხუთი წლის მანძილზე უნდა ესარგებლათ. თუმცა, შაშკინის მიერ ინიცირებულმა ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებამ, აღნიშნული წიგნები მაკულატურად აქცია, ხოლო ნახევარ მილიონამდე გადახდილი თანხა წყალში ჩაიყარა.
გალის სკოლების დირექტორების ცდა, რომ მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიეღოთ, ამაო გამოდგა. ქართულმა მხარემ მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა და მხოლოდ ისღა მოახერხეს, რომ კლასებს გრიფირებული სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლიარი გადასცეს.
ერთი შეხედვით, სახელმძღვანელოების პრობლემა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ფონზე, მოგვარებადი ჩანდა. (ამ უწყების 2012 წლის ბიუჯეტი 2 492 025 შეადგენს.) თუმცა, აფხაზეთის განათლების ყოფილი მინისტრის, დალი ხომერიკის თქმით, ეს თანხა სახელმძღვანელოების სრული კომპლექტის შესაძენად საკმარისი არ იყო.
წლებია, რაც გალში მცხოვრები პედაგოგები ქართული სულისკვეთებით ახალი თაობის აღზრდა-განათლებას ცდილობენ. რასაც შიშის, გაჭირვების და ურიცხვი პრობლემის ფონზე ახერხებენ.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინიციატივით, სამიოდე წლის წინ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში შეიქმნა, რომელიც გალის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და ხელოვნების სკოლების, ასევე, საბავშვო ბაღებს კურირებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად, გალში 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. გალისა და მიმდებარე სოფლების მასშტაბით 1 000-მდე პოდაგოგი და ტექნიკური პერსონალია დასაქმებული. გალში 4 200 მოსწავლეა.
ქართული მხარე ქართველ პედაგოგებს კომპენსაციის სახით თვეში 200 ლარს უხდის. ცნობისთვის, ანაზღაურების ეს სახე 2007 წლიდან მოქმედებს. ამავე პერიოდს უკავშირდება აფხაზური მხრიდან პედაგოგებისთვის საათობრივი დატვრთვის მიხედვით ხელფასის ანაზღაურება.
“ჩვენი პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს” – ასე იწყებს საუბარს გალის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი (ამ და სხვა რესპოდენტების ვინაობას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვწერთ), რომელიც იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა მათი პრობლემების მოგვარებას ახლებური გზით შეეცდება.
რა პირობებში მუშაობენ გალში მცხოვრები ქართველი პედაგოგები? როგორია მათი ყოფა? რა პრობლემები აწუხებთ მათ და ცვლილებებია მოსალოდნელი ამ კუთხით? ამ საკითხით “news.edu.aris.ge” დაინტერესდა და გალში მცხოვრებ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
ჩვენთან საუბარში პედაგოგები მიზერული ანაზღაურებისა და მისი დაგვიანებით ჩარიცხვაზე საუბრობენ. დირექტორები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის ზონაში მომუშავე პედაგოგებისთვის თვეში 200 ლარი მცირეა. ისინი სურვილს გამოთქვამენ, რომ ამ პედაგოგების თვიური ჯამაგირი დანარჩენ საქართველოში მომუშავე პედაგოგების ხელფასას მაინც გაუთანაბრდეს.
პარალელურად სკოლებში არსებულ პრობლემებზეც მოგვითხრობენ. ომის ქარცეცხლ გამოვლილი სკოლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი გადარჩა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალისხმევითა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგზანიციების დახმარებით შენობების გადახურვას, ჩამტვრეული მინების ჩასმას და კარების შეცვლას ცდილობს.
როგორც ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორმა გვიამბო, წლეულს, ნორვეგიის საბჭოს დახმარებით მათი სკოლა გადახურეს, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები ჩასვეს. ამ ბოლო ცნობას დირექტორი გულისტკივილით აღნიშნავს და დასძენს, რომ თუ ქართული მხარის ნება იქნება, “ენგურს გადაღმა მყოფებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ. რა თქმა უნდა ეს თანხებთანაა დაკავშირებული”
როგორც რესპოდენტებმა გვითხრეს, ახლო მომავალში აფხაზეთის განათლების მინისტრს შეხვდებიან. მათი სურვილია საქართველოს და განათლების ახალ მინისტრსაც შეხვდნენ.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი აფხაზეთის განათლების სისტემაში? ამის შესახებ სამინისტროში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ. თუმცა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე აპლაკოვი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს შეხვდებიან, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრებენ.
გალელი პედაგოგებისა და მოსწავლეების პრობლემის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრისთვის უცნობი აღმოჩნდა. ჩვენთან საუბარში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად გაეცნობა კონფლიქტის ზონაში საგანმანათლებლო კუთხით არსებულ პრობლემებს.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება