საშობაო საჩუქრები – როგორ შევარჩიოთ წიგნები ბავშვებისათვის?
დიანა ანფიმიადი
“იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი…” – ალბათ ყველას გახსოვთ ნორვეგიელი მწერლის ანე-კატარინე ვესტლის შესანიშნავი წიგნის – “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” – დასაწყისი. ეს ჩემი უსაყვარლესი საბავშვო წიგნია, ახლახან საჩუქრადაც მივიღე მისი ილუსტრატორის, ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძისგან.
ეს ისე, გამახსენდა და გითხარით, ისე კი, როდესაც საბავშვო ლიტერატურაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, შიში მიპყრობს – ისე ველოდები დღეს, როცა ჩემი შვილი გაიზრდება და ჩემი საყვარელი წიგნების მისთვის გაზიარებას შევძლებ, და ამ დროს, თავში კითხვა ჩამირაკუნებს ხოლმე: “და რომ არ წაიკითხოს? ხომ შეიძლება, არ უყვარდეს და არ წაიკითხოს?..”
ამაზე პასუხს ირმა იანტბელიძე გამცემს – ექვსი შვილის დედა, ფილოლოგი, ნეოგრეცისტი, ჟურნალ “გემრიელის” რედაქტორი და ღვინის კლუბის გაზეთ “მარანის” პასუხისმგებელი რედაქტორი, შესანიშნავი კულინარი და საუკეთესო მაგალითი მრავალშვილიანი დედისა, რომელიც ახერხებს, შვილებს წიგნები და კერძები ისე შესთავაზოს, რომ უარს არავინ ეუბნება და, რაც მთავარია, მათ სახლში ისეთი მყუდროება და ხალისია, როგორიც ვესტლის წიგნის პერსონაჟების ციცქნა ოთახში.
მე მას ერთადერთი კითხვა დავუსვი: როგორ უმზადებს შვილებს საკითხავი წიგნების მენიუს?
– წიგნების არჩევა რთულ საქმედ არ მეჩვენება. ყველაზე რთული აქ ალბათ ფინანსური საკითხია, რადგან საბავშვო წიგნები საკმაოდ ძვირი ღირს და როცა ექვს ბავშვს უნდა უყიდო, უკვე გვარიანი თანხა გამოდის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასაკის მიხედვით ვურჩევ წიგნებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნახატებს. რაც უნდა კარგი ტექსტი იყოს, თუ ილუსტრაციები არ მომეწონა, არ ვიყიდი. ქართული საბავშვო წიგნების გაფორმება კი იშვიათად მომწონებია. ამის გამო ძალიან მწყდება გული და მიკვირს, რატომ არ არის ეს სფერო ჩვენში აქტუალური – საბავშვო წიგნებზე ხომ დიდი მოთხოვნაა.
ჩემი შვილების საყვარელი სერიაა “ტოპოტიპი” – პატარა თაგუნიას ამბები, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში ხვდება და გამოსავალს პოულობს. ვფიქრობ, ეს სერია ძალიან კარგი ფსიქოლოგის დაწერილია. ამას დაუმატეთ შესანიშნავი ნახატები და მორჩა – წიგნი უკვე ძილისწინა, აუცილებელ ნივთად იქცევა.
ძილის წინ კითხვა ძალიან უყვართ ჩემებს, ეს კი ცხრა წლის ხარებას დამსახურებაა. ხარება უმთავრესად სამეცნიერო ლიტერატურით არის გატაცებული, ყველაზე მეტად ენციკლოპედიების კითხვა უყვარს, მერე კი თავის ცოდნას მონდომებით გვიზიარებს: “დედა, გაიგე, თურმე ჩვენი გალაქტიკა… თურმე მიკროტალღური ღუმელი… იცოდი, რომ ფიტოფაგი დინოზავრები…” – და ასე, უსასრულოდ. ხარებას წაბაძვით დაიწყეს უმცროსებმა, ანდრიამ და კრავაიმ, ძილის წინ წიგნების თვალიერება, მერე ანდრიამ კითხვაც ისწავლა და ახლა უკვე ხან ერთი უკითხავს დაიკოს ზღაპარს, ხან – მეორე.
ხარება ისე გაიტაცა ინფორმაციულმა წიგნებმა, რომ მხატვრულ ლიტერატურას გულგრილად უყურებდა, მაგრამ, როგორც იქნა, მისი მოსაწონი წიგნიც ვიპოვეთ – ბრაზილიელი მწერლის, მონტეირუ ლობატუს “ყვითელი კოდალას ორდენი“. ეს დაჩის საყვარელი წიგნი ყოფილა ბავშვობაში, ჰოდა, მოუყვა, როგორი ინტერესით კითხულობდა, როგორ გაუხარდა, როცა ამ წიგნის ახალი გამოცემა ნახა და მაშინვე წამოუღო ხარებას. არ ვიცი, ამან გაჭრა თუ რა იყო – უცებ წაიკითხა ეს წიგნი ხარებამ, თან შიგადაშიგ ისე ხარხარებდა…
თათა ჯოან როულინგის “ჰარი პოტერმა” დააინტერესა. ამ სერიის პირველი სამი ტომი გვაჩუქეს და სამივე დიდი სიამოვნებით წავიკითხე ამ ზაფხულს. გამიტაცა მწერლის უკიდეგანო ფანტაზიამ და ამიტომაც ვურჩიე თათას, სცადე, იქნებ მოგეწონოს, ჩახლართული ზღაპარია-მეთქი… ახლა უკვე მეხუთე ტომს ამთავრებს.
ნიკას ადრე ძლივს წავაკითხე “ტომ სოიერის თავგადასავალი“. მეუბნება, “ჰეკლბერი ფინიც” წაკითხული მაქვსო, მაგრამ არ მჯერა. ვინაიდან რეჟისორობა ხიბლავს, მინდოდა, საინტერესო, ოღონდ თანამედროვეობასაც რომ პასუხობდეს, ისეთი წიგნი შემერჩია მისთვის. ასეთი აღმოჩნდა სუზან კოლინზის “შიმშილის თამაშები“. მე თვითონ ეს წიგნი ისე წავიკითხე, ძილისთვისაც არ მემეტებოდა დრო, სიზმრადაც კი ქეთნის ევერდინს ვხედავდი. ნიკას ვუთხარი, რამდენიმე გვერდი წაიკითხე და თუ არ დაგაინტერესა, თავი დაანებე-მეთქი… მსოფლიო ბესტსელერმა ჩემი იმედი გაამართლა. მერე მეორე ბესტსელერს მივადექი – სტიგ ლარსონის დეტექტივს “გოგონა დრაკონის ტატუთი“. მე ხომ წავიკითხე, დაჩიმ წაიკითხა, ჩემმა ძმებმა წაიკითხეს, მერე მეორე ტომი ვიყიდე, ისიც წრეში დატრიალდა და ნიკას ჯერიც დადგა. არ არსებობს, თანამედროვე თინეიჯერი ლიზბეთ სალანდერის ტიპაჟით არ დაინტერესდეს. წიგნს ისიც მატებს ღირსებას, რომ ავტორი ჟურნალისტი იყო, ამიტომ მოვლენებს სხვანაირი სიმძაფრით აღწერს… მოკლედ, ნელ-ნელა ნიკაც ჩავითრიეთ მკითხველთა სექტაში და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს წაიკითხავს.
ახალი წელი ახლოვდება და უკვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა წიგნები შევურჩიოთ ბავშვებს საჩუქრად.
საიტისათვის: mastsavlebeli.ge
P.S. თუ უკვე დაიწყეთ საახალწლო საჩუქრების შერჩევა, წიგნების ონლაინ მაღაზიაში – Shops.ge საბავშვო წიგნების დიდი არჩევანია, დაათვალიერეთ და შეარჩიეთ სასურველი. წიგნებს კი კურიერი სასურველ ადგილას მოგართმევთ!
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი