საჭიროა თუ არა ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა?
მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვით სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ქრთამით ჩარიცხვა წარსულს ჩაბარდა, ეს სფერო, მეთოდები დახვეწას საჭიროებს.
საზოგადოების მხრიდან ზოგადი უნარ-ჩვევების დამკვიდრებას იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უმთავრესად უარყოფითი. ზოგადად, ადამიანი ყოველს სიახლეს შეცბუნებული და ეჭვის თვალით უყურებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდები ნებისმიერ `ახალგამოჩეკილ~ ქვეყნებში აპრობირებულია. ზოგადი უნარების ტესტებით მეშვეობით განსაზღვრავენ ადამიანის აზროვნების სისხარტეს, ორიენტაციის დონეს, შემეცნებით უნარს და ა.შ.
თუმცა, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორების თქმით, საქართველოს რეალობაში ზოგადი უნარების ტესტებს არასწორად იყენებენ.
ზოგადი უნარების ტესტირების საფუძველზე განისაზღვრება სტუდენტის დაფინანსება. ჩვენს რეალობაში ზოგადი უნარები არა პიროვნების აზროვნების უნარის განმსაზღვრელია, არამედ ჩაჭრის. ისმის კითხვა, რისთვის გასცემს სახელმწიფო გრანტს? “დაზუთხული” აზროვნებისთვის?
გარდა ამისა, პროფესურა კიდევ ერთ შეცდომად უნარ-ჩვევებში მომზადებას მიიჩნევს. ბევრი მათგანი აბიტურიენტებს უარით ისტუმრებს, რასაც მარტივად ხსნიან: შეუძლებელია 2-3 თვეში ზოგადი უნარ-ჩვევებში მომზადება და სასურველი შედეგის მიღწევა. უნარის გაზრდა წიგნების კითხვით არის შესაძლებელი, მაგრამ შესაძლებელია მოკლე დროში მისი დაზეპირება, რაც გამოცდების დასრულების შემდეგ სტუდენტს აღარ ეხსომება.
ზოგადი უნარები მოსწავლეებისთვის გზამკვლევი უნდა იყოს, რომ საბოლოო ჯამში უმაღლესებმა ზუთხია, გრანტზე ორიენტირებული კი არა, წიგნიერი, მომზადებული აბიტურიენტები მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ წელს ეროვნული გამოცდების ცენტრმა რეგისტრაციის გამარტივებისა და აბიტურიენტებისთვის ხელშეწყობის მიზნით, სასურველი ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა შეუზღუდავი გახადა. აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ, რამდენიმე თვის განმავლობაში არჩეული პროგრამები (ფაკულტეტები) შეცვალონ.
არჩევანის შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. ცვლილების შედეგად მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება.
ამასთან, მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება მოქმედებდა. წელს, ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი გაუქმდება.
გარდა ამისა, ეროვნული გამოცდების შედეგადად, 14 სპეციალობის სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში 2013 წლიდან უფასოდ ისწავლიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსის, მაია გაბუნიას თქმით, ამ გზით აბიტურიენტები მოსალოდნელ იმედგაცრუებას თავიდან აიცილებენ და საბოლოო ჯამში რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები გამოცდების ეროვნული ცენტრის ამ სიახლის შეფასებისგან თავს იკავებენ. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ამით უნივერსიტეტებისთვის არაფერი იცვლება. ყველაფერი კი შედეგზეა დამოკიდებული.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ზურაბ ფაჩულია:“ვფიქრობ, ამ გზით დაკომპლექტების პრობლემა მოიხსნება და სტუდენტები გადანაწილდებიან. ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტთა კონტიგენტს უჩივის, რადგან ფიზიკაზე, ქიმიაზე ძალიან მცირე რაოდენობა აბარებს. ეს მომავალში დასაქმების პრობლემითაა განპირობებული. რომ დავამთავრებ მერე? სამწუხაროდ, საქართველოში ქიმიური მრეწველობა აღარ არსებობს”
რაც შეეხება უნარ-ჩვევების გამოცდების შედეგების მიხედვით სტუდენტის დაფინანსებას, პროფესორი ამბობს, რომ არასწორია.
“ჯამურად ანუ ყველა საგნის გამოცდების შედეგად მიღებული ქულების საფუძველზე უნდა მოხდეს რანჟირება. უნარ-ჩვევები სპეციალურ მომზადებას მოითხოვს, რაც მშობლისთვის ზედმეტი ხარჯია. ამასთან, სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ. შესაძლებელია, რომ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა გამარტივდეს და სკოლის პროგრამას მიუახლოვდე” – ამბობს ფაჩულია.
თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია მეცნიერებათა აკადემიაშიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ უნარების გამოცდები მათთვისაც კი გაუგებარია, ნაწილი კი, პროფესიასთან მიახლოებული ტესტების შედგენას მიიჩნევს მართებულად.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება