„სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე“ – ლიტერატურის ინსტიტუტში CIU-ს მხარდაჭერილი სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
„ეროვნული, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე“, – ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ პროექტი სახელწოდებით „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“, რომლის პრეზენტაციაც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 12 ივლისს გაიმართა.
დამსწრე საზოგადოების სიტყვებს აუცილებლად დაეთანხმებოდით, პროექტის წარმდგენი ორგანიზაციების – კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ასევე, დონორი ორგანიზაციის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ემოციური გამოსვლები რომ მოგესმინათ. აუდიტორიის აღფრთოვანებას კი განსაკუთრებით მაშინ გაიზიარებდით, როცა ეკრანზე თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციის – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ, პროექტის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება დაიწყო. აღნიშნული ფილმი CIU-ს მულტიმედია ცენტრმა მოამზადა. EDU.ARIS.GE გიამბობთ, რატომ არის წარმატებული აღნიშნული პროექტი და რა შედეგი მოუტანა მან ქვეყანას.
პროექტი „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“, ფაქტობრივად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს დაფინანსებული პროექტის – „შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი“ გაგრძელებაა. კონგრესის კვალდაკვალ ცხადად გამოიკვეთა პატარა ქვეყნების, მათ შორის კი, ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისათვის.
კონგრესის ორგანიზატორებმა – შედარებითი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა – მიიღეს გადაწყვეტილება, ესარგებლათ შექმნილი კეთილგანწყობითა და დაინტერესებით და ეროვნული ლიტერატურის საკეთილდღეოდ, მუშაობა დაეწყოთ ახალ პროექტზე, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულად დაასაბუთებდა კონგრესის შედეგად წარმოქმნილი მაღალი ნდობის სისწორეს, არამედ – გაზრდიდა საერთაშორისო აკადემიური წრეებისა და მეცნიერების დაინტერესებას ქართული მწერლობით. თუმცა, პროექტის მიზანი, ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაცია- პოპულარიზაციასთან ერთად, სამომავლოდ, უცხოელებთან ერთობლივი ტრანსნაციონალური პროექტების, კვლევების წარმოება და პარტნიორთა ქსელის გაფართოებაცაა.
მიზნის მისაღწევად, სამეცნიერო ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. ოთხი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში
პროფესორებმა, მეცნიერებმა, სტუდენტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა სხვადასხვა პერიოდის ქართული ლიტერატურის შესახებ საინტერესო ლექციები მოისმინეს. მოხსენებების თემატიკა მასპინძელი მხარის სამეცნიერო ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა და როგორც EDU.ARIS.GE-ს პროექტის ხელმძღვანელი უმხელს, მსმენელის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტის ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი, პროფესორი ირმა რატიანი:
„ქართული ლიტერატურის წარდგენამ ევროპული სამეცნიერო საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, რომ ყველა ვიზიტის შემდეგ სასურველი უკუკავშირი – საკმაოდ ვრცელი და ემოციური შეფასებები მივიღეთ. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს პროექტი საქვეყნო მნიშვნელობისაა. ჩვენ წავიკითხეთ ლექციები ქართული მწერლობის განვითარების სრულიად განსხვავებულ პერიოდებზე და ქართველ მწერლებზე.
„ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურულ საზოგადოებას, თუ როგორი ძლიერია ქართული ლიტერატურის ბმა ევროპულ და მსოფლიო პროცესებთან. ვაჩვენოთ ისიც, რომ ჩვენს პატარა ქვეყანას, აქვს ძალიან ხანგრძლივი და მდიდარი ლიტერატურული და კულტურული ისტორია და დავუმტკიცოთ, რომ თავისი ლიტერატურის განვითარების ყველა ეტაპზე, ის საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების აქტიური წევრი იყო. ამ მიმართულებით ლიტერატურის ინსტიტუტმა აქამდეც ბევრი გააკეთა. მაგალითად, ბოლო წლებში ინგლისურ და გერმანულ ენებზე აღნიშნული თემატიკის 6 წიგნი გამოვეცით, რომლებიც შესულია ლინკოლნის და ყველა საბიბლიოთეკო ქსელის საძიებო სისტემაში“.
ლიტერატურის ინსტიტუტისა და პროექტში მონაწილე თითოეული ადამიანის შრომითა და ძალისხმევით აღფრთოვანებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, კანცლერი ვახტანგ წივწივაძე.
„ეს არის ქართული ეროვნული ტრადიციების აღორძინებისა და პოპულარიზაციის უდიდესი ძალისხმევა. აღფრთოვანებული ვარ იმ ჯგუფის შემოქმედებით, ვინც ასეთი გრანდიოზული პასუხისმგებლობა აიღო. დღეს შედეგის შეჯამება მოხდა და დავრწმუნდი, რომ ეს არის ბრწყინვალედ გაკეთებული საქმე. თუ პროექტს გაგრძელება ექნება, მის ორგანიზატორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განუსაზღვრელი თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“, – განგვიცხადა ვახტანგ წივწივაძემ.
იმაში, რომ პროექტი გაგრძელდება, დარწმუნებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი, კანცლერის მრჩეველი ნინო ჭალაგანიძე.
„ლიტერატურის ინსტიტუტთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“, ერთად განხორციელებული უკვე მეხუთე პროექტია. სასიამოვნოა, რომ ჩვენი მიზნები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს და ემსახურება ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას. „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია. მასში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაც იყო და პატივიც. დაინტერესება იმდენად დიდია და სხვადასხვა ქვეყნიდან იმდენად კარგი გამოხმაურება გვაქვს – სხვა ქვეყნებიდანაც გვწერენ ჩვენთანაც ჩამოდითო, რომ დარწმუნებული ვარ, პროექტს გაგრძელება აუცილებლად ექნება“, – განგვიცხადა კანცლერის მრჩეველმა.
გამოხმაურებები და უცხოელების შთაბეჭდილებები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმშიც იყო ასახული. ისინი, ვინც ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციები უკვე მოისმინეს, აღფრთოვანებას და ამ თემატიკაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილს გამოთქვამენ. სწორედ ამიტომ, გაჩნდა იდეა, ლექციების ელექტრონული კრებული მომზადდეს, რათა ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
პროექტის ხელმძღვანელმა ირმა რატიანმა, როგორც თავად უწოდებს – „ლექციების პრაქტიკული გამოძახილიც“ გაგვიმხილა: „ამერიკულმა და ფრანგულმა გამომცემლობებმა გამოთქვეს სურვილი, ქართულ ლიტერატურაზე წიგნები წარვადგინოთ“.
პარალელურად, გაჩნდა მნიშვნელოვანი ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, დაიგეგმა ერთობლივი კვლევები და პროექტები. განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი პატარა ერების და კონკრეტულად ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმართ, რაც სამეცნიერო პროექტის ორგანიზატორებს აძლევს საფუძველს თამამად თქვან, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი