სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობას ყოველწლიურად მთავრობა დაამტკიცებს – რა წერია კანონპროექტში
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესაბამისი კანონპროექტების განხილვები დაიწყო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, პარლამენტში წარდგენილია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვადასხვა კანონპროექტს მოიცავს და მათ შორის არის კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
“საქართველოს მავრობას ენიჭება უფლებამოსილება, ერთი: განსაზღვროს კვოტირების საკითხი, საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რითიც ის დაადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების შესაბამის კონტინგენტის რაოდენობას, ხოლო მეორე საკითხია ის, რომ მთავრობას ენიჭება დისკრეციული უფლება, განსაზღვროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და რაოდენობა”, – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის წარმდგენმა, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
თავად კანონპროექტიდანაც ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობას თავად მთავრობა გადაწყვეტს.
წერია ისიც, რომ 2026 წელს შესაძლებელია საჭირო გახდეს ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფა, რაც დამოკიდებულია მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტუდენტების მიღების კვოტაზე, ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შერჩეულ პროფესიებზე. ბიუჯეტიდან დამატებით გამოსაყოფი თანხა შეადგენს არაუმეტეს 20,000,000 ლარს.
“კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
EDU.ARIS.GE-წარმოგიდგენთ კანონპროექტის შინაარსს უცვლელად:
დოკუმენტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტი შემუშავებულ იქნა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმი ეროვნული კონცეფციის საფუძველზე, რომელიც მოწონებულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის №103 განკარგულებით შექმნილი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მიერ, 2025 წლის 26 ნოემბერს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება. არსებული საგრანტო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, რადგან იგი სათანადოდ ვერ ასახავს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ მოთხოვნებს და არ არის სრულად ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანების შესრულებაზე.
ამასთან დაკავშირებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად. ამასთან, წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება.
აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია კანონიდან ისეთი პუნქტების ამოღება, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ ზოგიერთი სამართლებრივი აქტის გამოცემასთან. კერძოდ, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობებისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დამტკიცებასთან, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განსაზღვრასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცებასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ასევე, საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილსამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრასთან და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრასთან.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური დისკუსიების მოცულობა განსაკუთრებით მცირეა. ეს გარემოებები ზღუდავს აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებას და ინოვაციური პროცესების ინტეგრირებას სასწავლო საქმიანობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება მიენიჭება უნივერსიტეტებს. აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონის 82, 84, 85, მე-10, 101 და მე-11 მუხლებში.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს.
საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას. შესაბამისად, ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს. საგანმანათლებლო პროგრამის მაქსიმალური კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ასევე, კანონით განისაზღვრა, რომ დოქტორანტურაში სწავლის უფლება ექნება არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120 კრედიტიანი/ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.
აგრეთვე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8920 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, 2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ უფლება/შესაძლებლობა პირველი და მეორე საფეხურის გარკვეული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესი განახორციელონ ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონულად. რომლის განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზება. ამ ეტაპზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპლემენტაცია. პროცესი გულისხმობს კურიკულუმის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას, რომლის ეფექტიანად განხორციელებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს 2028 წლის 01 იანვრამდე.
ასევე იხილეთ:
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ
by ARIS.GE-განათლება
-
კანონში ცვლილებებს, რომლებიც 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე იქონიებს გავლენას, პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს
by ARIS.GE-განათლება