GE

„ირღვევა განათლების უფლება“ – რას გეგმავენ მშობლები, რომლებსაც 6 წელს მიღწეული ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს

„უსამართლო გადაწყვეტილებაა“, „ირღვევა ბავშვის განათლების უფლება“ – ასე აფასებს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მოქალაქე მარიამ ბოხუა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ.

პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ

საუბარია 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე, რომლებსაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები შეეხოთ.

ცვლილებებამდე მოქმედი კანონმდებლობით, ამ მოზარდებს დაწყებით საფეხურზე შესვლის უფლება ჰქონდათ, ცვლილებების შემდეგ კი ისინი 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში სწავლას ვეღარ დაიწყებენ.

2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში ჩაირიცხება ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. მანამდე კი სწავლის დაწყება შეეძლო მასაც, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა.

სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, თებერვალში, საკანონმდებლო ორგანომ, მოქალაქე მარიამ ბოხუასგან, „2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ მშობლების პეტიცია მიიღო. 20 თებერვალს, განათლების კომიტეტმა, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით, გამონაკლისის დაშვებას მხარი არ დაუჭირა.

როგორც მარიამ ბოხუამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პეტიციის ავტორები, კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, „გაჩერებას არ აპირებენ და შემდგომი ნაბიჯების რამდენიმე სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ“ – მათ შორის, ახალ პეტიციას და სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„წინა წელს რომ გვცოდნოდა, ეს ბავშვები სკოლაში ვერ მივიდოდნენ, არც დამამთავრებელ ბაღის ჯგუფებში და არც ე.წ. Free School-ებში შევიყვანდით. მათ მოლოდინი აქვთ, რომ სკოლაში მიდიან, ჩანთებიც კი ნაყიდი აქვთ. იმის გარდა, რომ ერთი წელი ეკარგებათ, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზიანიც ადგებათ. ორი თვით ადრე გაგება, რომ სკოლის გარეშე უნდა დარჩნენ, დიდი უსამართლობაა და ვფიქრობ, რომ ბავშვის განათლების უფლება ირღვევა.

დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ შესაძლოა, ახალი პეტიციაც გავაკეთოთ. ბევრ ვერსიას განვიხილავთ, თუმცა, ის, რომ არ გავჩერდებით და ასე მარტივად ვერ ვუყურებთ ჩვენი შვილების უფლებების დარღვევას, ფაქტია. არ ვაპირებთ გაჩერებას. ყველანაირ ვარიანტს განვიხილავთ“, – გვითხრა მარიამ ბოხუამ 20 თებერვალს, განათლების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტები, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი 6 წელს მიღწეული ბავშვების პირველ კლასში შესვლა:

„კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა სხდომაზე თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით კვლევებია ჩატარებული. საუბარია 2011 წელს, UNICEF-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც განათლების სამინისტროს გვერდზე დევს. კვლევაში დიახ, განხილულია 5 და 6 წლის ბავშვებს შორის სასკოლო მზაობაში განსხვავებები, თუმცა ტექსტში არ წერია, რომ ბავშვი, რომელიც ორ დღეში ხდება 6 წლის, სკოლის გარეშე უნდა დარჩეს.

კომიტეტზე ასევე ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგების ჩართულობას შემოგვთავაზებენ – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ, რატომ უნდა დასჭირდეთ ფსიქოლოგის დახმარება მაშინ, როცა თავისუფლად შესაძლებელია კანონში ცვლილება. არცერთი არგუმენტი, რაც კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინეს, არ არის ჩემთვის მისაღები და არც სხვა მშობლებისთვის, რომლებსაც პეტიციაზე აქვთ ხელი მოწერილი“.

მისივე თქმით, მშობლები ამ გადაწყვეტილების უკან, არა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არამედ სულ სხვა მოტივებს ხედავენ.

„მშობლებში არსებობს ეჭვი, რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი სკოლაა დანგრეული და რესურსები აკლიათ. ცვლილების შეტანის შემდეგ, კანონის განმარტებით ბარათში გაწერილია, რომ 10 მილიონს ზოგავენ ბავშვების ხარჯზე – 8 500 ბავშვზეა საუბარი. აქედან 6 მილიონი იზოგება იმიტომ, რომ „ნოუთბუქები“ არ იქნება ამ ბავშვებისთვის საყიდელი. 4 მილიონი კი იზოგება იმიტომ, რომ რაღაც ვაუჩერული სისტემაა და ამ ვაუჩერებზე არ დასჭირდებათ თანხის განსაზღვრა“, – ამბობს მარიამ ბოხუა.

ასევე იხილეთ:

ამ 5 წლის ბავშვებს მიეცეთ პირველ კლასში შესვლის უფლება – პარლამენტისგან გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ

პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური