სახვითი ხელოვნება – გამოცდა, რომელიც აბიტურიენტებმა რეპეტიტორების გარეშე ჩააბარეს
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ბოლო საგამოცდო დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩააბარეს. სწორედ ეს საგანი გახლდათ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი მთავარი სიახლე.
არჩევით საგნად ხელოვნება სულ 165 აბიტურიენტმა აირჩია. 116 მათგანი გამოცდას დედაქალაქში აბარებდა, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ 108 აბიტურიენტი გამოცხადდა.
რამდენად რთული იყო საგამოცდო ტესტი და რის ცოდნა ევალება აბიტურიენტს, რომელსაც განათლების გაღრმავება ხელოვნების მიმართულებით სურს – ამ საკითხზე Aris.ge – განათლებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე ესაუბრა.
“გამოცდამ ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. საკითხები ჩვენს ოფიციალურ ვებ მისამართზე იდო და აბიტურიენტებმა იცოდნენ, თუ რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება. პილოტირებაც ჩავატარეთ და ძალიან კარგი შედეგები დაიდო. აბიტურიენტებიც კმაყოფილები ჩანდნენ. ტესტში სულ 42 დავალებაა. არის არჩევით პასუხიანი დავალება. ასევე სამ ბლოკიანი ვიზუალური მასალა სადაც შედის ქანდაკება, მხატვრობა და არქიტექტურა. თითოეულ მასალას თან ახლავს 7,8 ან 9 კითხვა. ვინტერესდებით, რამდენად იცის აბიტურიენტმა ხელოვნების ელემენტები და პრინციპები. არის დავალება “ჭეშმარიტია-მცდარია”. მცდარ ვარიანტებზე აბიტურიენტმა სწორი პასუხები უნდა შემოგვთავაზოს. არის დავალება, სადაც ტერმინია აღწერილი და აპლიკანტმა უნდა გამოიცნოს რა ტერმინზეა საუბარი. ასევე მოცემულია ორი სხვადასხვა მხატვრის, ეპოქისა და ქვეყნის სურათები აბიტურიენტებმა უნდა იპოვოს მსგავსება და განსხვავება,”- განაცხადა ნინო ხუნდაძემ.
იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ზღვარი გადალახოს მან კითხვების 25%-ს, ანუ ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში 19 კითხვას პასუხი სწორად უნდა გასცეს.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობდნენ, რომ 19 ქულის აღება არც თუ ისე რთულია, რადგან ტესტი საკმაოდ მარტივი იყო.
გამოცდის შესახებ Aris.ge- განათლებასთან აბიტურიენტებმა დეტალურად ისაუბრეს. გაირკვა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა სახვითი ხელოვნების გამოცდაზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდა და დამატებით რეპეტიტორებთან არ მომზადებულა.
ირაკლი თიბილაშვილი: “ჩემთვის რთული არ იყო. სახელოვნებო ფაკულტეტზე ვაბარებ. დასაწერად მარტივი იყო, თუმცა ძალიან ბევრი. ყველაზე მარტივი ტესტური დავალება გახლდათ, სადაც ოთხი პასუხი იყო და ერთი უნდა შემოგეხაზა. მარტივი იყო ოთხი ნაწარმოებიც მსოფლიო ხელოვნებიდან. მე წმინდა ტერეზას “ექსტაზი”, მიქელანჯელოს “ადამის შექმნა” შემხვდა და უნდა შემედარებინა ორი, გოთური და გრომენული ტაძარი. აქედან ოთხი კითხვა მარტივი იყო. ცოტა თემის წერა იყო რთული – სიურეალისტური ნახატის განსაზღვრა”.
დავით პერტაია: “რეპეტიტორთან არ მივლია ჩემით ვემზადებოდი, მაგრამ არ გამიჭირდა. თუ ოდნავ მეცადინეობდი ჩააბარებდი. დღევანდელი ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი ვარ.
მარიამ ძიძიგური: “რთული არ იყო. დრო საკმარისი გახლდათ. ჩემს სკოლაში ეს საგანი დაწყებით კლასში ისწავლებოდა შემდეგ გაუქმდა და მეც სახლში ვემზადებოდი”.
ნინო ცილენდრიშვილი: “არ გამიჭირდა. თუმცა არც ძალიან მარტივი ყოფილა. ყველაზე ადვილი სურათების შედარება და ეპოქის დადგენა იყო. ცოტა რთულია თემა. არ ვემზადებოდი სკოლაში მიღებული ცოდნით გამოვედი”.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის პასუხები სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.
გარდა ხელოვნების გამოცდისა, ბოლო საგამოცდო დღეს აბიტურიენტებმა ტესტები ფიზიკაშიც წერეს. იმის გათვალისწინებით რომ წელს მეთერთმეტე კლასელთა უმრავლესობა სწორედ ფიზიკის გამოცდაზე ჩაიჭრა, Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამდენად რთული იყო ფიზიკის ჩაბარება ეროვნული გამოცდის ფარგლებში.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ტესტები სკოლაში ჩაბარებულ ფიზიკის გამოცდასთან შედარებით უფრო რთული იყო, თუმცა თავი გაართვეს და მოლოდინებიც კარგი აქვთ. ფიზიკა კი წელს ის საგანი იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებმა, 442-მა აბიტურიენტმა აირჩია. მათემატიკა – 9251-მა სტუდენტმა, ისტორია – 10833-მა, გეოგრაფია – 11984 -მა, ქიმია – 1492 -მა, ბიოლოგია – 3201-მა, ლიტერატურა – 5038 -მა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 162-მა აბიტურიენტმა.
შეიცვლება თუ არა აბიტურიენტების პრიორიტეტები არჩევითი საგნის შერჩევისას მომავალ წელს, ამას ერთი წლის შემდეგ შევიტყობთ.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება