საზოგადოებასთან ურთიერთობიდან სტრატეგიულ კომუნიკაციამდე
როგორია საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაჩინო განმარტება?!
ეს არის ორგანიზაციის ან/და კონკრეტული პირის მიღწევათა შესახებ ამბის მოყოლის სტრატეგია, რომლის მთავარი მიდგომაა ობიექტურობასა და გამჭვირვალობაზე დაყრდნობით ორმხრივი ინტერესების გათვალისწინება, ჰარმონიული ურთიერთგაგება და რაც მთავარია, გრძელვადიანი ხედვის განვითარება.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობამ შეიძინა მართვის ფუნქცია, ის პასუხისმგებელი გახდა როგორც რეპუტაციულ მენეჯმენტზე, ასევე ანტიკრიზისული კამპანიის დაგეგმვა-რეალიზებასა და კრიზისული სიტუაციების მოგვარებაზე.
რას ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა?
პირველ რიგში, აქ იგულისხმება პარტნიორებთან, მედიასთან, მომწოდებელთან, დამფუძნებელებთან, თანამშრომლებთან მრავალმხრივი კომუნიკაციის დამყარება ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით. პროცესი მოიცავს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებისა და გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად სამოქმედო კამპანიების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ცნობადობის შექმნა-ამაღლებასთან, სიახლეების წარმოჩენასთან, ნდობის მოპოვებასა და შემდგომ გამყარებასთან. მთლიანობაში, ეს არის საქმიანობის წინსვლასთან მჭიდრო კავშირში არსებულ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი.
ნდობის გამყარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო რას ამბობ, არამედ რას აკეთებ და რას ამბობენ შენ შესახებ გარშემო მყოფნი. აქედან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა, ფაქტობრივად, წარმოადგენს რეპუტაციული მართვის დისციპლინას, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მიზნობრივ აუდიტორიასთან სტრატეგიულად დამყარებულ კავშირს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსმა უნდა შექმნას ზუსტი შეტყობინება, რომლითაც გავლენას მოახდენს დაინტერესებულ მხარეებზე და უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შენახვას გრძელვადიან მეხსიერებაში. შესაბამისად, კომუნიკაციის სტრატეგიებში დღეს უკვე ინტეგრირებულია ფსიქოლოგიის ასპექტები, რაც განაპირობებს დამახსოვრების შედეგად ქცევით ცვლილებებს.
რა მოეთხოვება ამ დარგის პროფესიონალებს?
რამდენადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მეჯენერის საქმიანობაში ერთერთი პრიორიტეტია სტრატეგიული დაგეგმვა, საჭიროა მას გააჩნდეს ისეთი პროფესიული კომპეტენციები, როგორიცაა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, დაკვირვების, კვლევისა და შეფასების უნარი, დროისა და ემოციების მართვის პრინციპების ცოდნა.
კომპეტენციების დონეზე თუ განვიხილავთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი არის სტრატეგი, რომელმაც ზუსტად იცის როგორ მოამზადოს კონკრეტული შეტყობინება და მისი გავრცელებისთვის სწორად არჩევს საკომუნიკაციო არხებსა თუ საშუალებებს. ემოციების, დამოკიდებულების, მისწრაფებების კუთხით სათანადოდ წარმოაჩინო ორგანიზაცია, პიროვნება თუ პროდუქტი ეს ერთგვარი ხელოვნებაა. სწორედ ამიტომ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი დაოსტატებული უნდა იყოს კომუნიკაციის მიმართულებით, რათა ზედმიწევნით კარგად მიუსადაგოს ყოველი სიტყვა, ფრაზა საერთო სტრატეგიულ ხაზს, მაქსიმალურად აირიდოს საზოგადოებისთვის მცდარი გზავნილის მიწოდების საშიშროება, დაიცვვას ბალანსი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობის პროცესში.
და მაინც, რატომ გახდა აქტუალური სტრატეგიულ კომუნიკაციად ფორმირება?!
საზოგადოებასთან ურთიერთობა, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს, შევისწავლოთ მომხმარებლის დამოკიდებულება წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების მიმართ, შევქმნათ და ვმართოთ საზოგადოებრივი აზრი, მივიღოთ უკუკავშირი, რომლის გაანალიზება ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და რეპუტაციის შენარჩუნებას. ფუნქციურ ჭრილში ამ დარგმა, როგორც მომავლის პროფესიამ, შეიძინა დამატებითი როლი და სტრატეგიული მიმართულებით ორმხრივი კომუნიკაციის ფართო დისციპლინად ჩამოყალიბდა.
ავტორი: მაკო ჯაოშვილი,
ალტერბრიჯის ვიცე რექტორი,
PR ასოციაციის პრეზიდენტი