GE

SDASU-ს მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს 29 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 27 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

“საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, უნივრსიტეტს მიეცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრი დაასრულებინოს სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, 2023 წლის 10 აგვისტომდე დაასრულონ მიმდინარე სასწავლო სემესტრი”, – ვკითხულობთ EQE-ს ინფორმაციაში.

როგორც ცენტრი განმარტავს, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა უნივერსიტეტის მიერ მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილ სააკრედიტაციო დოკუმენტაციას, დაწესებულების არგუმენტირებულ პოზიციას, საბჭოს ზეპირ მოსმენაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად თავმჯდომარის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა უნგრეთიდან.

ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ამჟამინდელი სტუდენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებისთანავე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად სტუდენტებისთვის დაგეგმავს რიგგარეშე მობილობის პროცესს და სტუდენტს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ სწავლა გააგრძელოს მედიცინის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამარტივებული წესით (რიგგარეშე მობილობა) იქნება გადაყვანილი.

“რიგგარეშე მობილობის პროცესთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უახლოეს მომავალში დაგეგმავენ შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას, რომლის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge”, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური