GE

შატილში სკოლის დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა

შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომ სასადილოს შენობაში ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი გათბობის სისტემის აფეთქებამ გამოიწვია. შენობა მთლიანად დაიწვა. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სამზარეულოს გვერდით ახალაშენებულ სკოლის შენობაზეც გავრცელებულიყო.

ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დაკეტილია. ამინდიც ღრუბლიანია, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენიც ვერ ჩაერთვება.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ძირითადი შენობის გადარჩენა მოხერხდა და სკოლის შენობაში ყოფნა საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

სკოლას 5 მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან ორი პანსიონით სარგებლობს. სკოლის 11 მასწავლებლიდან ნაწილი დისტანციურად არის სასწავლო პროცესში ჩართული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური