GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იურიდიული პროფესიით დაინტერესებულ სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იურიდიული პროფესიით დაინტერესებულ სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. პროფესიული განათლების მისაღებად ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი დაკომპლექტებულია როგორც თეორეტიკოსი, ასევე პრაქტიკოსი მაღალკვალიფიციური იურისტებისგან, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები, ნოტარიუსები, კორპორატიული იურისტები და კანონმდებლობის ავტორები.

იურიდიული კლინიკა

სტუდენტები სამართლის თეორიულ კურსების შესწავლის პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობასაც ახორციელებენ. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამართლის კლინიკა, რომლის ფარგლებშიც მომავალი იურისტები, მენტორი ადვოკატებისა და გამოცდილი იურისტების მეთვალყურეობით, მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობენ, კერძოდ: საპროცესო დოკუმენტაციის წარმოება, სამართლებრივი დასკვნების, სტრატეგიებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის ანალიზი, ფიზიკური და იურიდიული პირების წერილობითი კონსულტაცია და ა.შ. ამ ტიპის საქმიანობა სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.

სამართლის ფაკულტეტის დეკან ეკატერინე ბაკარაძეს მიაჩნია, რომ იურიდიული კლინიკის მომსახურებით მოქალაქეები რეალურ სარგებელს ნახულობენ. „დაინტერესებული პირები რეკავენ ან მოდიან, რათა ჩვენ მათ გავუწიოთ სამართლებრივი კონსულტაცია. ჩვენი სტუდენტები და მათი მენტორები მოქალაქეებს იურიდიულ რჩევებს აძლევენ”.

იურიდიული კლინიკის ადვოკატის გოგა კიკილაშვილის თქმით, კლინიკის ფარგლებში განვითარებული უნარები და დაგროვილი გამოცდილება დიდწილად განაპირობებს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე, ვინაიდან დასაქმების ბაზარზე კონცენტრირებული სამართლის ახალი კურსდამთავრებული სპეციალისტებიდან ბევრს არ აქვს სამუშაო გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების ნაწილი კლინიკის სასწავლო კომპონენტის გავლის პერიოდშივე ან სწავლის დასრულებიდან მოკლე დროში საქმდება როგორც კლინიკის პარტნიორ, ისე – სხვადასხვა დაწესებულებაში. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან სამართლის კლინიკა დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა, ნოტარიუსთა და მოსამართლეთა პროფესიულ საკვალიფიკაციო გამოცდებს და საქმდებიან როგორც კერძო ასევე საჯარო უწყებებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიორგი შალამბერიძემ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა ორი წლის წინ დაამთავრა და ამბობს, რომ მიღებული ცოდნით ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში უფროსი იურისტის პოზიციაზე მუშაობის დაწყება შეძლო: „უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საადვოკატო გამოცდები ჩავაბარე. მიმაჩნია, რომ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნები სრულად მოიცავს საადვოკატო გამოცდის პროგრამის მასალებს. ფაკულტეტზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ადვოკატის გამოცდაში საკმაოდ მაღალი, 93 ქულა ავიღე. არანაირი დამატებითი მომზადება არ დამჭირვებია”.

როგორც გიორგიმ აგვიხსნა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები პროფესიაში შესვლისთვის აუცილებელი პირველი საფეხურია. გამოცდა შედგება კაზუსის ტიპის 100 დავალებისგან, გამოცდის მაქსიმალური დრო 6 საათია, ბარიერის გადასალახად კი 75 ქულაა საჭირო. ადვოკატის ლიცენზიის მოპოვების მომდევნო ეტაპზე სამთვიანი თეორიული, ხოლო მენტორ ადვოკატთან ცხრათვიანი სავალდებულო სტაჟირების კურსების გავლაა საჭირო. ადვოკატის ლიცენზიის ქონა სრულფასოვანი საადვოკატო საქმიანობის დაწყების აუცილებელი პირობაა, რადგან არალიცენზირებული იურისტები სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში კლიენტების ინტერესებს ვერ დაიცავენ.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და უცხოელი პროფესორები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, სხვა ფაკულტეტების სტუდენტების მსგავსად, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ IBSU-ს პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამებში. 2020 წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსელები – გიორგი თიკანაძე და ნინი მაჭარაშვილი – გაცვლითი პროგრამით პოლონეთის კოზმინსკის უნივერსიტეტის სასწავლო კურსებს დაესწრნენ.

პანდემიამდე ამავე ქვეყანაში, ლოძის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა სამართლის ფაკულტეტის ახლა უკვე კურსდამთავრებულმა თეონა ხაჩიურმა. „მეოთხე კურსის პირველ სემესტრში 4 თვე გავატარე ლოძის უნივერსიტეტსი. ეს 4 თვე იყო საუკეთესო, ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი . ლოძის უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით მესამე ადგილს იკავებს ევროპაში და ყოველწლიურად 800 სტუდენტს იღებს”.

ეკატერინე ბაკარაძე: „პროგრამაში გვაქვს გათვალისწინებული 20 თავისუფალი კრედიტი და სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლისას სწორედ ამ კრედიტებს იყენებენ, 20 კრედიტს ზემოთ აღებული კურსების თანხას გაცვლითი პროგრამით წასულ სტუდენტს უნივერსიტეტი არ ახდევინებს. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა სტუდენტებმა მაინც შეძლეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. 2021 წლის საზაფხულო სკოლაში კოზმინსკის უნივერსიტეტმა IBSU-ს სამართალმცოდნეობის კიდევ 4 სტუდენტისთვის გამოჰყო ადგილები. ჩვენი სტუდენტები შეისწავლიან კურსებს ევროკავშირის სამართლის მიმართულებით „.

როგორც ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, ბევრ სასწავლო პროგრამაში ჩაშენებულია ინგლისურენოვანი კომპონენტი. სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში უცხოენოვანი სასწავლო კურსები იკითხება ინგლისურად და, რაც მთავარია, ამ კურსებს ასწავლიან უცხოელი კოლეგები, ამერიკიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან. ეკატერინე ბაკარაძის თქმით: „წელიწადში, სულ ცოტა, 3-4 უცხოელი ლექტორი ჩამოდის, მაგალითად, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით ლატვიელმა პროფესორმა უკვე ჩაატარა ლექციები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე – პერსონალისთვის, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეა ბორონიმ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით ლექციების ინტენსიური კურსი ჩაატარა. ივნისში კიდევ ერთი ამერიკელი კოლეგის აქტივობა იგეგმება.“

ეკატერინე ბაკარაძის თქმით, სამართლის ფაკულტეტი უკვე წლებია ახორციელებს საერთაშორისო პროექტს – street law-ს, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დაფუძნებული იმავე სახელწოდების პროექტის ანალოგიაა. პროექტის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საზოგადოების არაიურისტ წევრებს, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებს, სამართლის საფუძვლებს სახალისოდ, მარტივ და გასაგებ ენაზე ასწავლიან. ამ გზით, ერთის მხრივ, კონკრეტული სამიზნე ჯგუფი იმაღლებს ცნობიერებას აქტუალური სამართლებრივი საკითხის შესახებ, მეორე მხრივ კი, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უძლიერდებათ სხვადასხვა უნარი, მაგალითად, საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციის, აუდიტორიის ფლობის, ცოდნის გაზიარების.

ფაკულტეტზე ტარდება კურიკულუმის გარეთა მრავალფეროვანი აქტივობები – იმიტირებული სასამართლო პროცესები, საჯარო ლექციები, პარტნიორი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებისა და უცხოელი პრაქტიკოსი იურისტების სასერთიფიკატო ტრენინგ კურსები, კონფერენციები და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები.

თეონა ხაჩიურმა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა 2019 წელს დაამთავრა. თეონა იხსენებს, რომ საჯარო ლექციები, სასერთიფიკატო ტრენინგ კურსები ხშირად იმართებოდა უნივერსიტეტში: „მე პირადად ყველა საჯარო ლექციას ვესწრებიდი და სასერტიფიკატო კურსებს, ვიყენებდი თავისუფალ კრედიტებს. მახსენდება ერთი ასეთი კურსი – ტომ ჯერსილდის ხელმღძვანელობით, მან დაგვირიგა აშშ-ის კონსტიტუციის პატარა წიგნაკები და გვითხრა, რომ ამერიკაში ამას ყველა იურისტი სტუდენტი ჯიბით ატარებსო”. იყვნენ მოწვეული პროფესორები ამსტერდამიდან – ტაბითა ვან დენ ბერგი, იტალიიდან რაფაელა მარია ფილერი მედიაციის თემაზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ასევე მახსენდება ლექციები საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის შესახებ, ამ და მსგავსი პროექტების დახმარებით ვიღრმავებდით ცოდნას სამართლის სხვადასხვა საკითხის შესახებ“.

სამართლის ფაკულტეტი, უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისურის – TOLES -ის გამოცდას, რომელიც იურისტებისათვის ბევრ საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა. ფაქტობრივად, სამართალმცოდნეობის პროგრამის ყველა სტუდენტი სწავლობს TOLES-ს და ბევრი აბარებს კიდეც საერთაშორისო გამოცდას. „აღსანიშნავია, რომ სამართლის ფაკულტეტი, ფაქტობრივად, ექსკლუზიურად ატარებს ამ გამოცდას საქართველოში, რომელიც უვადოა, და სტუდენტებს ეხმარება კარიერულ განვითარებაში“, ამბობს ეკატერინე ბაკარაძე.

მემორანდუმის ფარგლებში თითქმის ყოველ ზაფხულს 10 სტუდენტი მონაწილეობს გაეროს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულში. ფაქტობრივად ეს არის უკონკურენტო პროექტი, რომელშიც გაეროს სხვა 192 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან მხოლოდ IBSU-ს სტუდენტები მონაწილეობენ. ყოველწლიურად ეს ორგანიზაცია ეხმიანება იმ უფლებას, რომელიც ყველაზე მეტად დაირღვა და სტუდენტები წარადგენენ თავიანთ სიტყვას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

თეონა ხაჩიური: „დეკანის ორგანიზებით ვიყავით ადამიანის უფლებათა დაცვის მე- 12 საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში. ოთხდღიანი, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო,. თოთოეულ დელეგატს საკუთარი სიტყვა ჰქონდა მომზადებული. გაიმართა საჯარო გამოსვლები და განხილვები, გავიცანით ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი. გვქონდა ექსკურსია ნიაგარაზე, ყოველთვის კარგად გამახსენდება ეს შესაძლებლობა, რომელიც უნივერსიტეტმა მოგვცა “. თეონას თქმით, ამავე ვიზიტის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებამა ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კამპუსი მოინახულეს, იყვნენ პენსილვანიაში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ საქართველოში.

შტატების გარდა სამართლის ფაკულტეტის პედაგოგები და სტუდენტები ევროკავშირის სტრუქტურებსაც სტუმრობენ. ეკატერინე ბაკარაძის თქმით, ამ ვიზიტებისას სტუდენტებს ევროსასამართლოსა და სხვა ევროპული სტრუქტურების მუშაობაზე უშუალო დაკვირვების საშულება ეძლევათ.

მეორე კურსის სტუდენტი გვანცა იჩქითი: „ სასიამოვნოდ მახსენდება 2020 წლის თებერვალში სტრასბურგში ორგანიზებული ვიზიტი. დაახლოებით 35 სტუდენტს და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებს შესაძლებლობა გვქონდა მოგვენახულებინა ევროსტრუქტურები. პროექტისათვს საჭირო თანხის ნაწილი უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა”.

პანდემიის დროს

საგანგებო მდგომარეობის გამოცდახებისთანავე უნივერსიტეტის რექტორის დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის მიერ დაიგეგმა აკადემიური საბჭოს შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნა განხილული დისტანციური სასწავლო პროცესი, რის შესახებაც დროულად ეცნობათ როგორც ლექტორებს, ასევე სტუდენტებს და მათთვის შეიქმნა ყველა საჭირო პირობა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად განხორციელებისათვის. ლექტორებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ გაეკეთებინათ ლექციის ჩანაწერები, რათა სტუდენტებს შემდგომ შეძლებოდათ ლექციის ჩანაწერის ყურება. ვიცე რექტორის – პროფესორ თეა კბილცეცხლაშვილის დახმარებით სასწავლო კურსისათვის საჭირო მასალები სტუდენტებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი.

დისტანციურ ფორმატზე გადასვლის შემდეგაც ფაკულტეტზე სხვადასხვა ტიპის დამატებითი აქტივობები არ შეწყვეტილა. „მედიის სამართლებრივი რეგულირება“„კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი“ „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში-არსებული გამოწვევები და გამოსავლის გზები“ „საჯარო ლექცია-საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები“ „პროფესიული ეთიკის გავლენა ადვოკატის საქმიანობაზე“ „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია“ – ეს სამართლის ფაკულტეტის საჯარო ლექციებზე განხილული თემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ასევე ხშირია სხვა უნივერსტეტების სტუდენტების მხრიდან გამოხმაურება ტრენინგზე, საჯარო ლექციებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომლებიც ტარდება ინგლისურად- წინა სემესტრში სამართლის ფაკულტეტის გუნდი საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებდა მილანში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. ფაკულტეტის აქტივობებში მონაწილე სტუდენტებზე გავცემთ სერტიფიკატებს.

ეკატერინე ბაკარაძე „პანდემიის პირობებში საზღვარგრეთ ვიზიტები შეგვეზღუდა, თუმცა სხვადასხვა აქტივობები დისტანციურ რეჟიმში მაინც ტარდება და სამომავლოდაც დაგეგმილი გვაქვს. ამ ეტაპზე, ფაკულტეტს, ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია – ELFA -სთან ერთად გამიზნული აქვს ორენოვანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის – „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“-ს ჩატარება. სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომები წარმოადგინონ ქართულად და ინგლისურად. საუკეთესო კვლევებს კი ფაკულტეტი ბეჭდავს ორენოვან ჟურნალში – „თანამედროვე სამართლის ჟურნალი“.

ჯერჯერობით უცნობია უმაღლესი სასწავლებლები 2021-2202 აკადემიური სასწავლო წელს დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ, თუ სწავლას ჰიბრიდულად, ან საუნივერსიტეტო ფორმატში გააგრძელებენ. თუმცა, როგორი ფორმატიც არ უნდა იქნას შერჩეული, სამართლის ფაკულტეტი მუშაობის ჩვეულ რითმს შეინარჩუნებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU)  სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური