GE

შებრუნებული საკლასო ოთახი, როგორც მოტივაციის ამაღლების საშუალება

ავტორი: სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  ქ. წნორის #1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი: თამარ ზდელაშვილი

ბოლო რამდენიმე წელია, რაც სკოლებში არაერთი სიახლე დაინერგა  სასწავლო  პროცესის  შემოქმედებითად წარმართვისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით. მასწავლებლებს არაერთხელ ჩაგვიტარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, რომელიც პედაგოგთა გადამზადებასა და  სკოლებში სიახლეების დანერგვას ისახავდა მიზნად. პედაგოგის უპირველესი მოვალეობა თანამედროვე გაკვეთილი და მოსწავლეთა დაინტერესებაა, მათი მოტივაციის გაზრდა და იმ უნარების განვითარება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული.

შებრუნებული საკლასო ოთახი გაკვეთილის ჩატარების ის მეთოდია, რომლის დროსაც ნამდვილად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. ამ დროს შებრუნებული ხდება თვითონ სწავლების პროცესი,  შებრუნებული საკლასო ოთახი ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს აბრუნებს, მასალის გადაცემა, ახსნა ხდება საკლასო ოთახის მიღმა ციფრული სახით, ხოლო კლასში შეხვედრები აქტიური სწავლებისა და პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება, სადაც პედაგოგი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია მის მაღალ ჩართულობაზე.

რა სხვაობაა ტრადიციულ და შებრუნებულ საკლასო ოთახს შორის?

ტრადიულ საკლასო ოთახში:

ახალი მასალის გაცნობა;
საშინაო დავალება – ახალი მასალის განმტკიცება;

შებრუნებულ საკლასო ოთახში:
საშინაო დავალება – ახალი მასალის გაცნობა;
საკლასო ოთახში – ახალი მასალის განმტკიცება;

გაგაცნობთ ჩემი პედაგოგიური გამოცდილების პატარა ფრაგმენტს, რომელიც შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლებაში დანერგვასა და მის დადებით როლზეა.

ამ მეთოდით  XI-ე კლასში ჩავატარე  ბიოლოგიასთან ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი, რომლის თემა იყო: ,,მსოფლიოს დაცული ტერიტორიები“.  გაკვეთილი მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და გავითვალისწინე მისი შესაბამისობა ე.ს.გ. სტანდარტთან, სტრატეგიები ისე შევარჩიე, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ მოსწავლეებს, ამასთანავე გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები, თითოეული აქტივობის შესაბამისი დრო და მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები. გადავწყვიტეთ,  დაცული ტერიტორიები გაგვეხილა, როგორც დიდი ეკოსისტემები, ამასთანავე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ  ზოგიერთი დაცული ტერიტორია ერთდროულად  რამდენიმე ეკოსისტემად შეიძლება წარმოვიდგინოთ.   წინასწარ   მოვამზადე ვიდეო გაკვეთილი აღნიშნული თემის ირგვლივ და edmodo.com-ში დარეგისტრირებულ  ამ კლასში გადავგზავნე. ვიდეო გაკვეთილში დეტალურადაა განხილული დაცული ტერიტორიების  შექმნის მიზანი, მისი სახეები, მათ შორის მსგავსება-განსხვავება, ეკოსისტემასთან ურთიერთკავშირი, ბიოტური და აბიოტური ფაქტორთა გავლენა ეკოსისტემებზე.

მოსწავლეებმა მიიღეს შემდეგი დავალება: გაეცნონ მასალას და მოიძიონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო მსოფლიოში ცნობილი დაცული ტერიტორიების შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით, გამოკვეთონ კავშირი ეკოსისტემებთან და მოამზადონ პასუხები კითხვებზე მასალის ირგვლივ.

რა სარგებელი მიიღეს ბავშვებმა ვიდეოგაკვეთილით?

  • შეუძლიათ რამდენჯერმე მოისმინონ გადაცემული მასალა;
  • მასალის გაგება-გააზრების პროცესში ჩართოს მშობელი;
  • ჰქონდეს ხშირი უკუკავშირი პედაგოგთან და მიიღოს საჭირო ინსტრუქციები;
  • გააცნოს საკუთარი ნაშრომი თანატოლებს და გაითვალისწინოს მათი მოსაზრება;
  • მოაწყონ ონლაინ დისკუსიები;
  • მოამზადოს სრულყოფილი პრეზენტაცია კლასში წარსადგენად.

მასალის მომზადების პროცესში მე და ჩემს მოსწავლეებს გვქონდა ხშირი უკუკავშირი, რაც უდავოდ გვაახლოებს  მათთან,  ბავშვებს უჩნდებათ მეტი ნდობა პედაგოგის მიმართ და სურვილი მომავალი თანამშრომლობისა. ვეხმარებოდი მათ  ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა ზედმიწევნით და სრულფასოვნად შეესრულებინათ დავალება. დავალების მომზადების პროცესში მოსწავლეებს უვითარდება:

  • მასალის მოძიება-დახარისხების;
  • მთავარის და მეორეხარისხოვნის გარჩევის;
  • ტექნოლოგიების ფლობის;
  • მასალის თანმიმდევრულობის;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების;
  • პრეზენტაციის და სხვა მრავალი უნარ-ჩვევა.
  • უვითარდება გემოვნება (პრეზენტაციის შეფუთვა, ფერთა პალიტრა, დიზაინი, ანიმაცია და სხვ);

მოსწავლეებმა სრულყოფილად წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,,იელოუსტოუნის“,  ,,კანაიმას“,  ,,დიდი კანიონის“,  ,,ამბოსელის’, ,,სერენგეტის’,  ,,ვუდ-ბაფალოს“, ბორჯომ-ხარაგაულის“ და ,,კოლხეთის ეროვნული პარკების“ შესახებ და უპასუხეს ერთმანეთის მიერ დასმულ კითხვებს.

აქტივობა – რუკების ანალიზი-მსოფლიოს დაცული ტერიტორიებისა და ეკოკრიტიკული რეგიონების რუკების განხილვა-შეჯერებით წარვმართე და ვეცადეთ, გვეპოვა მათ შორის არსებული კანონზომიერება.

ძალიან საინტერესო იყო გაკვეთილის შეჯამება-დასკვნის კეთების  მონაკვეთი.

თავისუფლად აფიქსირებდნენ ჩემი მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებას თანაკლასელების ნამუშევრების ირგვლივ და საკმაოდ მრავალფეროვანი მასალის მომზადების შემდეგ აკეთებდნენ დასკვნებს, ბუნების დაცვისა და გადარჩენის საქმეში მდგრადი განვითარების თანამედროვე და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. კარგად შეუსწავლიათ საქართველოს წითელი წიგნის  სახეობები და ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ, რომ  სახეობების დაცვისა და გადარჩენის საქმეში თვითონაც უნდა მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი, გარშემომყოფებს  ესაუბრონ მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებზე.

ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკვე არსებული პრაქტიკა იმის შესახებ, რომ  შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი:

  • ზრდის პედაგოგის და მოსწავლის მოტივაციას;
  • არის სწავლების ინტერაქციული მეთოდი:
  • დავალების მომზადების პროცესში ხშირი და ეფექტური უკუკავშირი  მოსწავლეებს ახალი მიზნების მიღწევაში ეხმარება;
  • უმჯობესდება მოსწავლე-მასწავლებლის კომუნიკაცია;
  • შესაძლებელი ხდება შინაარსის ღრმად წვდომა;
  • შერჩეულია მოსწავლისთვის მოქნილი დრო;
  • ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
  • გუნდური მუშაობისა და ურთიერთდახმარების საშუალებით შესაძლებელი ხდება ცოდნის განმტკიცება;
  • იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისა და კოლეგებისთვის მსგავსი თემების განხილვისას;
  • უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები;
  • შესაძლებელი ხდება დიფერენცირებული სწავლება;
  • იკვეთება საგანთა შორის ურთიერთკავშირი;
  • მოსწავლე ხდება თავისთავში დარწმუნებული და ეზრდება თვითშეფასება.

გაკვეთილმა ნამდვილად საინტერესოდ ჩაიარა.  მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, რამაც ძალიან გამახარა და ახლის დანერგვის სტიმული მომცა.

გამოყენებული ლიტერატურა:

მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია. მსოფლიოს გეოგრაფია. XI კლასი.

ნ.იოსებაშვილი,  ნ.  ზაალიშვილი.  ბიოლოგია.   XI კლასი

ხანის აკადემია-შებრუნებული საკლასო ოთახი-XXI ს. ინოვაციური სწავლების ტექნოლოგია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური