GE

„შედარებით რთული აღმოჩნდა ალბათობის ამოცანა“ – რა საკითხები წერეს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდაზე

2026 წლის აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას EDU.ARIS.GE-სთან აფასებენ. თბილისში გამოკითხული აპლიკანტები კარგი შედეგების მოლოდინში არიან, თუმცა ტესტს მარტივს არ უწოდებენ.

პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილისგან ისიც მოვისმინეთ, რომ ზოგიერთი საკითხი მათთვის გაურკვეველი იყო, მაგრამ ტესტი კარგად დაწერეს.

“სხვათა შორის, რომ მეგონა, ვერ დავწერდი – პირიქით. წინა წლების მათემატიკის საგამოცდო ტესტებს თუ შევადარებთ, ეს ტესტი ყველაზე რთული იყო, ალბათ. ბევრი საკითხი იყო არეული ერთმანეთში. ალგებრიდან, მე მგონი, ყველაფერი შემოვიდა და არაფერი გამოუტოვებიათ. გეომეტრიიდან კოსინუსიც, ტანგესიც… მე დიდად არცერთი გამჭირვებია, თუმცა ჩემს თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ”, – გვიხსნის გიორგი გრძელიშვილი.

ნიკა დათიაშვილი კი გვიმხელს, რომ გამოცდაზე შესვლამდე ნერვიულობდა, მაგრამ ტესტები არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც ელოდა:

“5-6 ამოცანა იყო გეომეტრიიდან, არითმეტიკული, გეომეტრიული პროგრესიები იყო, ასევე – ფუნქციები, ლოგარითმები. 4-ქულიან ამოცანაში სისტემა იყო შესადგენი და ამ სისტემაზე ვიმუშავე ცოტა მეტი, თორემ დანარჩენი, ისეთი არაფერი. ვფიქრობ, 30 ქულაზე მეტს მივიღებ”.

საკითხებს იხსენებს ნიკა თაგოშვილი, რომელმაც გამოცდა თბილისის 147-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა და ტესტის ხარისხსაც აფასებს:

“კმაყოფილი ვარ, გამოცდამ, როგორც ველოდი, ისე ჩაიარა. რაც შეეხება ტესტის სიმარტივესა თუ სირთულეს, ჩემი შეფასებით, ტესტირება ისეთივე იყო, როგორც წინა წლებში, პირველი ვარიანტი. საკითხებზე გეტყვით, რომ არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია მოვიდა, ასევე – ჩახაზული სამკუთხედით წრეწირის პერიმეტრის გამოთვლა”.

გიორგი სებისკვერაძემ კი გვითხრა, რომ მას კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული და დღეს მოსული დავალებები და ტესტირება მისთვის იოლი იყო:

“კომაროვის წერებთან შედარებით, ბევრად მარტივი აღმოჩნდა. ტესტში ბოლო ოთხი საკითხიდან სამი ფუნქციები იყო. შედარებით რთული აღმოჩნდა ალბათობის ამოცანა. გეომეტრიაშიც ისეთი არაფერი მოსულა. ერთი ასეთი ამოცანა იყო: მე-16 წევრს პლუს მე-4 წევრის ჯამი, არის რაღაც რიცხვი და იპოვეთ სხვაობაო. პირველი წევრი იცოდი, ანუ ძალიან მარტივია. 51-დან 51 ქულას ველოდები”.

მომდევნო არჩევით გამოცდას აბიტურიენტები 13 და 14 ივლისს, ისტორიაში ჩააბარებენ.

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური