შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს 2022 წელს თსუ უმასპინძლებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებენ. ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, როდესაც თსუ-მ და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა პირველად განაცხადი გააკეთა, განწყობა ძალიან სკეპტიკური იყო. თუმცა ყველაფერი დადებითად დასრულდა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც არის ნამდვილად მოსალოცი ფაქტი ორი რამის გამო: ერთი, რომ სამეცნიერო კუთხით ეს ნამდვილად უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, როცა პირველად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ასეთ პატარა ქვეყანაში. მეორე – მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება მინიმუმ 2000 მონაწილე, არის მშვენიერი შესაძლებლობა ქვეყნის და ქვეყნის ლიტერატურის პოზიციონირებისთვის“, – განაცხადა რექტორმა.
2022 წლის კონგრესის თემაა “მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები”. კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან.
თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, „კონგრესის თბილისში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ 2022 წელს ქართული ლიტერატურული წრეებისთვის შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის წარდგინება, კვალიფიციური, პროფესიული წარდგინება მსოფლიო კრიტიკის წინაშე. ეს ნიშნავს იმას, რომ კონგრესის დასრულების შემდეგ ქართულ მწერლობაზე დაწერენ საუკეთესო, ყველა რეგალიების მქონე სამეცნიერო ჟურნალები და არამარტო სამეცნიერო ჟურნალები, სხვადასხვა გამოცემები.“ ირმა რატიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.
ღონისძიების უშუალო მონაწილე იქნება “შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია”. ასოციაციის პრეზიდენტის გაგა ლომიძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის საქართველომ გაიმარჯვა.
მწერალი, პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი კიდევ ერთი წინგადადგმნული ნაბიჯი იქნება ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად.
„დღესდღეობით თუ რამე გვჭირდება, ეს არის დამკვიდრება დასავლურ სივრცეში. სივრცეებში ჩვენ თანაბარი ვართ დასავლეთთან, მის კულტურასთან, სახელმწიფოებთან, მაგრამ დაე, ეს იყოს თვალსაჩინო და ჩვენ ვიდგეთ არა დასავლეთის კართან, არამედ უშუალო მონაწილე გავხდეთ ამ პროცესებისა“, – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
20 მაისს კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი შერმან უილკოქსი მოაწერენ ხელს.
კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი