შეეხებათ თუ არა სერტიფიცირება მოქმედ სკოლის დირექტორებს და მოვალეობის შემსრულებლებს და როდის გამოქვეყნდება დირექტორთა პროფესიული სტანდარტი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების მორიგი ეტაპი გამოაცხადა. მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძის განმარტებით ეს პროცესი არ ეხება უკვე მოქმედ სკოლის დირექტორებს, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაცხადებთ კონკურსს კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში. ჩვენ ვაცხადებთ სერტიფიცირებისთვის კონკურსს, სადაც დირექტორობის მსურველი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც უკვე განათლების სამინისტრო გამოაცხადებს კონკრეტული სკოლის დირექტორობაზე კონკურსს, ამ შემთხვევაში დაიდება ინფორმაცია თუ რამდენ სკოლაში მოხდება დირექტორობის კანდიდატების წარდგენა. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, დირექტორობის მსურველს გადაეცემა, სერტიფიკატი და მას ექნება უფლება გადავიდეს კონკურსის მეორე ეტაპზე. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს, შემდეგ სკოლაში მათი კანდიდატურის წარდგენას და ახალი დირექტორის შერჩევის პროცესს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში სამინისტრო გამოაქვეყნებს დირექტორთა პროფესიული სტანდარტის დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ფუნქცია თუ ვალდებულება, რაც სერტიფიცირებულ დირექტორს მოეთხოვება.
„დღეს სისიტემაში არიან დასაქმებულები დირექტორები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი და ამ ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული ეს სერტიფიცირების პროცესი, რადგან მათ უკვე აქვთ მოპოვებული სერტიფიკატი. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეში გვექნება დირექტორთა პროფესიული სტანდარტი. ეს სტანდარტი ყველა იმ ლიტერატურასთან ერთად და ყველა იმ რესურსთან ერთად, რაც სერტიფიცირების თემას ეხება და არის მნიშვნელოვანი, რომ დირექტორობის კანდიდატმა იცოდეს, ეს რესურსები გამოქვეყნდება. სტანდარტი ეხება და იქ განსაზღვრულია სწორედ ის პრინციპები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დროს იცოდეს დირექტორმა, აქ ასევე საუბარია უფლებების შესახებ. უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს ახალი სტანდარტი შემუშავებულ იქნა არსებული, მოქმედი, გამოცდილი დირექტორების ჩართულობით, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა ღირებულებები უნდა იქნას გათვალისწინებული და რა ცოდნას უნდა ფლობდეს დირექტორი. მოქმედ და სერტიფიცირებულ დირექტორებს ძალიან კვალიფიციური სატრენინგო კურსი აქვთ გავლილი“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
რაც შეეხება სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებს, ვინც არ ფლობს სერტიფიკატს, ამ შემთხვევაში მათთვის სერტიფიცირების პროცესის გავლა აუცილებელია.
„სერტიფიცირებული დირექტორებისთვის ჩვენ ასევე ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამის გავლას, სანამ ისინი წარდგებიან სკოლაში და წარადგენენ თავიანთ კანდიდატურას ასარჩევად. რაც შეეხება მოვალეობის შემსრულებლებს, განათლების სამინისტროს აქვს სტატისტიკურ მონაცემები რამდენი სერტიფიცირებული დირექტორია სისტემაში და ასევე რამდენი არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, რომლებსაც არ გააჩნიათ სერტიფიკატი ვალდებული არიან მონაწილება მიიღონ სერტიფიცირების პროცესში“, -აცხადებს მინისტრის მოადგილე, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია დღეს საქართველოში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება