შეშის ღუმელი, კვამლიანი კლასები და გაციებული მოსწავლეები – სკოლა თბილისში, სადაც გათბობა ამ დრომდე არ არის
„ვინ შეიძლება 213-ე სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხი გაგვცეს? ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები სხვა სკოლაში ატარონ, სიცივით უნდა დაიხოცონ? ამით მათი უფლებები არ ირღვევა? ბავშვები ყოველ მეორე დღეს სავადმყოფოებში დაგვყავს გაციებულები და დავირუსებულები. თუკი სხვა სკოლების გათბობისათვის გამოიყო თანხა, ამ სკოლამ რა დააშავა?“ – ეს წერილი EDU.ARIS.GE-მ შეწუხებული მშობლისგან მიიღო.
სკოლა ტაბახმელაში მდებარეობს, რომელიც 2007 წლიდან ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს დაექვემდებარა, ხოლო 2013 წლის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში გადავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა, 213-ე სკოლაში თბილისის სკოლებისაგან განსხვავებული წესები მოქმედებს. კერძოდ, იქაური 255 მოსწავლე ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბება.
წერილის ავტორი მეხუთეკლასელი მოსწავლის დედა მარია, რომელსაც ჩვენთვის მოწერა შვილის ხშირმა ავადმყოფობამ გადააწყვეტინა. ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში კლასები ფაქტიურად ვერ თბება, რადგან შეშის ღუმელის დანთება და სითბოს შენარჩუნება მუდმივად პრობლემაა.
„როგორც გავიგე, წინა დირექტორების დროს გათბობისათვის თანხა გადმოირიცხა, მაგრამ თანხები გაიფლანგა. როცა გათბობას ვითხოვთ, არგუმენტად ეს მოჰყავთ. ბავშვებმა რა დააშავეს, თუკი დირექტორები უპასუხისმგებლოები იყვნენ? ღუმელები კლასებში ბოლავს და ერთი ამბავია. ვერც ანთებენ ნორმალურად. მუდმივად კვამლი გამოდის. ბავშვი ყოველ დღე გაციებული და გაყინული გამომყავს. ახლახანსაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მყავდა სახლში, რადგან გაციებული იყო.
„დირექტორთან პირადად მე არ მისაუბრია, რადგან ჩემი სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ვხდები, მაგრამ როცა მაღალკლასელი მოსწავლეები, სხვა მშობლები შედიან და პროტესტს გამოთქვამენ, ამბობს – რა ვქნა, დაფინანსება არ არისო. ეს პრობლემა წლებია გვაქვს. რამდენიმე დირექტორ შეიცვალა, მაგრამ ამას არაფერი ეშველა, საქმის გამკეთებელი არავინაა.
„თვითონ გაღუნღულებულ ოთახში არიან. მგონი ელექტრო გამათბობლით თბებიან. როგორც გავიგე, უფროსკლასელებმა მოსთხოვეს -თქვენ რომ ზიხართ თბილ ოთახში, ჩვენც გვინდაო და რამდენიმე გაკვეთილი დირექტორის კაბინეტში ჩატარდა. თუმცა, ეს გამოსავალი არ არის, 1 და 2 გაკვეთილი ამ საქმეს არ შველის,“ – ამბობს მარი.
მან ვიდეოც მოგვაწოდა, რომელზეც საგაკვეთილო პროცესია გადაღებული და ჩანს, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ოთახში ფანჯარა ღიაა, რადგან კვამლი დგას. მოსწავლეები კი ქურთუკებით სხედან.
როგორც გავიგეთ, იგივე საკითხით სხვა მშობლებიც არიან აღშფოთებულები, სამინისტროში მისვლასაც გეგმავდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ჩვენთან საუბრისაგან ყველამ თავი შეიკავა.
სკოლის დირექტორი თამარ ოღლიშვილი ამბობს, რომ იგი 213-ე სკოლის დირექტორად სულ რაღაც ერთი წელია დაინიშნა. იმის შესახებ კი, თუ რა ხდებოდა მანამდე, ინფორმაცია არ აქვს. აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმაში სკოლის გათბობის საკითხი ჩასმულია, თუმცა როდიდან დაიწყება დამონტაჟება, ამის თქმა არ შეუძლია.
ჩვენ კითხვაზე თუ როდის გაიწერა გეგმაში ეს ყველაფერი და რატომ ვერ მოესწრო გათბობის დამონტაჟება წლევანდელი ზამთრისთვის, იგი გვპასუხობს, რომ ამის შესახებაც არაფერი იცის.
ქალბატონი თამარი ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა გათბობის გაკეთება მის დირექტორად დანიშვნამდე. ამბობს, რომ სხვების ქმედებების შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლია. თუმცა, თანხების გაფლაგვას რაც შეეხება, ამას გამორიცხავს და დასძენს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ფული სკოლის დირექტორს არ ერიცხება და იგი საკუთარი სურვილისამებრ ბიუჯეტს ვერანაირად ვერ გამოიყენებს.
„ჩემამდე რა იყო ნამდვილად არ ვიცი, არც ვიცნობ იმ ადამიანებს, ვისზეც საუბარია, მაგრამ ეს ბრალდება აბსურდულია. მეცინება, როცა ასეთი რაღაცეები მესმის. თანხა ხომ სკოლის ანგარიშზე ჯდება და არა პიროვნების. ჩემი დაცვა არავის სჭირდება, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო კრიმინალი იქნებოდა,“ – ამბობს იგი.
მისი თქმით, გათბობის პრობლემა გაზვიადებულია, რადგან სკოლას შეშაც საკმარისი აქვს, ცეცხლის დანთებასაც ახერხებენ და კლასებიც თბება – „რა თქმა უნდა, 24 საათიანი გათბობა სულ სხვა საკითხია, მაგრამ ოთახები ახლაც თბილია, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. თუმცა, მშობელს შეიძლება შეშის ღუმელი არ მოსწონდეს, მესმის მისი,“ – დასძენს დირექტორი.
რაც შეეხება ჩვენი რესპონდენტის ნათქვამს იმის შესახებ, რომ უფროსკლასელების პროტესტის გამო გაკვეთილები დირექტორის კაბინეტშიც კი ჩატარდა, ოღლიშვილი ამას ჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ მის კაბინეტში, ფართის არარსებობის გამო, ეს ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა.
„მე თავად შეშის ღუმელი არც მიდგას. ელექტრო გამათბობებლი დგას, მაგრამ ოთახი იმდენად პატარაა, რომ გაკვეთილი ვერანაირად ვერ ჩატარდება. ეს აბსურდული ვერსიაა.
„მოსწავლეების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს რაც შეეხება, არც ეს ყოფილა, თუმცა ცენტრალური გათბობის სურვილი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება“, – დასძენს იგი.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 213-ე სკოლაში გათბობის დამონტაჟების საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგულე თემურ მაჩაიძე განმარტავს, ახალი საბიუჯეტი წლის დაწყებისთანავე საამისოდ საჭირო პროცედურებიც დაიწყება. კერძოდ – ტენდერი გამოცხადდება.
შესაბამისად, იგი არ გამორიცხავს, რომ სამუშაოები შესაძლოა ამ ზამთარშივე დაიწყოს, თუმცა თავის დაზღევის მიზნით კონკრეტულ ვადებს არ გვისახელებს და დასძენს, რომ ყველაფერი ტენდერზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებით მხოლოდ იმას ამბობს, რომ იმდენად სწრაფად იმოქმედებენ, რამდენადაც ამის საშუალებას პროცედურები მისცემთ.
„არის შემთხვევები, როცა ტენდერი ვარდება, გამარჯვებული არ ვლინდება, მონაწილეობას არ იღებენ, ან დოკუმენტები არასწორად აქვთ წარმოდგენილი. ამ დროს იძულებულები ვხდებით ტენდერი ხელახლა გამოვაცხადოთ. ამიტომაც ვერ ვასახელებ ზუსტ თარიღს. 2017 წელს რომ გამოცხადდება, ეს დანამდვილებით ვიცი,“ – ამბობს მაჩაიძე.
იგი ასევე გამორიცხავს იმას, რომ ოდესმე გათბობისათვის გამოყოფილი ფული სხვა რამეში გახარჯულიყო და განმარტავს, რომ სკოლას და მითუმეტეს დირექტორს თანხა წინასწარ არასოდეს ერიცხება.
„სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ პროექტი მზადდება. თანხის ოდენობაც ამის შემდეგ ხდება ცნობილი და წინასწარ როგორ გამოიყოფოდა?!“ – ამბობს იგი.
EDU.AIS.GE დაინტერესდა თუ რამდენი სკოლაა თბილისის მასშაბით ისეთი, სადაც მოსწავლეები ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბებიან. მაჩაიძის თქმით, ასეთი სკოლა მხოლოდ ერთია – 213-ე. დანარჩენებში კი, მათ შორის ბოლო წლებში შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარეების ჩათვლით, თანამედროვე გათბობის სისტემა უკვე დამონტაჟებულია.
სკოლებში გათბობა არის, მაგრამ ჩართვის თარიღს დირექტორი წყვეტს
თაკო არის© მათეშვილი
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება