შეზღუდვების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლებები და ვალდებულებები განესაზღვრათ – პრემიერის ბრძანება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადების შემდეგ, მთელს ქვეყანაში ორთვიანი შეზღუდვების შესახებ, საგანმანათლებლო სექტორისთვის შეზღუდვები და ვალდებულებები კანონითაც გაიწერა.
კერძოდ, „იზოლციისა და კარანტინის წესში“ პრემიერის ბრძანებით შეტანილი ცვლილებების თანახმად ჩერდება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების და სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმების შემდეგ დადებით დასკვნას მიიღებენ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული, ლაბორატორიული, კლინიკური სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად).
საქართველოს რვა დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში არსებულმა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულმა, სპეციალურმა პროფესიულმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საგანმანათლებლო საქმიანობები შესაძლებელია, განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამავე დროს ამ ქალაქებში არსებულ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე პრაქტიკული, ლაბორატორიული, კლინიკური სამუშაოები და გამოცდების ჩატარება მოხდება არადისტანციურად.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დასაშვებია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უშუალოდ ან ან სხვა ბრძანებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად
ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ-ცენტრებსა და მათ მიერ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩასატარებელ სავალდებულო წვრთნებზე.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება