შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ნოდარ წულეისკირის მოთხრობა – ცნობილია რა თემები წერეს აბიტურიენტებმა ქართულის III ვარიანტში

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს, 4 ივლისს, გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ცენტრში გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაფიქსირდა დაგვიანების ორი შემთხვევა.
პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ.
გამოკითხული აბიტურიენტების ინფორმაციით, პროგრამულიდან შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ჰქონდათ დასაწერი, კონკრეტულად კი ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა. სამსჯელო თეზისი კი იყო – “გამართლებულია თუ არა, რომ ადამიანი მორალური პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს”.
აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრიდან: “პროგრამულში ასეთი თეზისი იყო დაახლოებით: ადამიანმა მიზნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს თუ არა, ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას და ამაზე უნდა გვემსჯელა”.
“რაც შეეხება არაპროგრამულ წერით დავალებას, ნოდარ წულეისკირის მოთხრობა იყო – “აფთრები”. თეზისი დაახლოებით ასე ჟღერდა – “რამდენად არსებობენ დღეს ისეთი ადამიანები, ვისაც ლმობიერება შეუძლიაო”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა
ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი პროგრამულ წერით დავალებას ასე იხსენებს:
“პროგრამულიუდან მოვიდა “ვეფხისტყაოსანი”. უფრო ზუსტად კი მონაკვეთი ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა. თეიზისი ამაზე იყო ასეთი: “შეიძლება თუ არა ადამიანმა დათმოს ყველაფერი მიზნის მისაღწევად”. მგონია, რომ კარგად დავწერე. მე პროგრამული მასალები ვწერე. არასაპროგრამოს თეზისი იყო ასეთი – “შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა შეინარჩუნოს შებრალების უნარი” დაახლოებით ამ შინაარსის. მე უფრო პროგრამულებზე ვიმუშავე”.
როგორც აბიტურიენტები იხსენებენ, რედაქტირების ტექსტი ალპინიზმზე და ალპინისტებზე იყო.
გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლელა ნინუაშვილი ფიქრობს, რომ “ვეფხისტყაოსანი” მისაღებ გამოცდაზე ამ სიხშირით არ უნდა მოდიოდეს.
“ვეფხისტყაოსანი” უნდა იყოს ოლიმპიადასავით და გამოცდაზე ოთხწელიწადში ერთხელ მოდიოდეს დასაწერ თემად და არა ამ სიხშირით. გუშინდელის შემდეგ მქონდა მოლოდინი, რომ შოთა რუსთაველი დღეს იქნებოდა და გამრთლდა კიდეც. ძალიან გამიჭირდა, არ მინდოდა ეს ნაწარმოები შემხვედროდა. თუ სწორად მახსოვს, ადამიანების შებრალების უნარზე უნდა გვემსჯელა. დღევანდელობას კარგად ერწყმის ეს თემა და პარალელებიც დღევანდელობიდან მოვიყვანე. ჰაგიოგრაფიიდანაც იყო შესაძლებელი პარალელს მოყვანა, მაგრამ მე ასე ვარჩიე. რედაქტირება იყო მარტივი, დაახლოებით 11 შეცდომა გავასწორე”.
გიორგი ვერულეიშვილი, 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ველოდებოდი, რომ “ვეფხისტყაოსანი” მოვიდოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მინდოდა, მაინც, არაპროგრამულს ეს ვამჯობინე. ერთი პარალელი გავავლე ბიბლიიდან – “მოსეს მიერ ეგვიპტელის მოკვლის”. რედაქტირება ცოტა გამიჭირდა, დიდხანს უნდა დაკვირვებოდი ტექტს, რომ შეცდომა გეპოვა”.
ლიკა გეგელია: “ვიცოდი, “ვეფხისტყაოსანი” რომ მოვიდოდა, მაგრამ არ მინდოდა, რთულია ჩემთვის, ამიტომ მეორე ტექსტი დავწერე, არაპროგრამული. ტექსტი იყო ორ ადამიანზე, რომლებიც ომში არიან და ერთ-ერთს შეეცოდება მოწინააღმდეგე (გერმანელი) ჯარისკაცი. სამსჯელო თემა იყო – უნდა შეეძლოს თუ არა ადამიანს შებრალება, უნდა ჰქონდეს თუ არა მას ეს უნარი. მხატვრული პარალელი არ მომიყვანია, თემის აქტუალობაზე და დღევანდელობაზე ვისაუბრე. რაც შეეხება რედქტირებას, მარტივი იყო, 14 შეცდომა ვიპოვე”.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე დღის მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყება. აპლიკანტების რეგისტრაცია კი 14:00 საათზე.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს ანა ჯიქიამ, მარიამ ბარამიძემ, ნიკა გაბლიშვილმა და მარიამ იმერლიშვილმა
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება