„შვილო, ინგლისურის ნაცვლად მეგრული რომ ბარდებოდეს, მეც გამოვიდოდი ეროვნულ გამოცდებზე“ – მარგალიტები 2022
კარგ იუმორს ყველანაირი ნერვიულობისა და დაძაბულობის მოხსნა შეუძლია. ამიტომ, საგამოცდო სივრცეებთან შეკრებილი აბიტურიენტები ხშირად ხუმრობენ ხოლმე საკუთარი თავისა თუ გარშემომყოფების დასამშვიდებლად და მათ არც მშობლები ჩამოუვარდებიან.
EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები 2022 წლის ზაფხულის გამოცდების მიმდინარეობას აქტიურად აკვირდებიან. ჩვენ არაერთი ასეთი ხუმრობისა თუ სასაცილო სიტუაციის შემსწრე ვხდებით და ამჯერად, გვინდა, ქვეყნის სხვადასხვა საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრების ტერიტორიებზე გაგონილი „საგამოცდო მარგალიტები“ გაგიზიაროთ.
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი, დილის 08:00 საათი, აშკარად გამოუძინებელი დედა აბიტურიენტ შვილს: „თუ თავის დროზე არ შედიოდი, ასე ადრე რას წამომიყვანე, ყავის დალევაც არ მაცალე, შედი!“.
177 საჯარო სკოლა:
„დედა, იცოდე, შემდეგ გამოცდაზე არ მოვალ თუ ბოლომდე აქ დამელოდები“ – აფრთხილებს აბიტურიენტი მშობელს, რომელიც აუტანელი სიცხის მიუხედავად, სკოლის შესასვლელიდან ფეხს არ იცვლის;
„დავითიანი არა, დავითაშვილი მოვიდა“ – ამაყად განაცხადა ქართულის გამოცდიდან ერთ-ერთმა პირველმა გამოსულმა აბიტურიენტმა;
„ასე თუ მომესევით, ყველაფერი დამავიწყდება“ – ასე სცადა მშობლების დაშოშმინება გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, რომელსაც ამბების გასაგებად სხვა აბიტურიენტების გულშემატკივრები და მშობლები შემოეხვივნენ;
„ის რა ვერ გამოვიდა? ვითომ მართლა იცის რამე და წერს“ – ხუმრობდნენ ახალგაზრდა გულშემატკივრები თავის მეგობარზე, რომელიც გამოცდაზე ბოლო წუთამდე დარჩა;
„შიგნითაც ხომ არ უნდა შემომყვე დედა, ახლა მაინც გაჩერდი“ – უშედეგოდ სცადა აბიტურიენტმა მშობლის გაჩერება, რომელმაც ლამის სექტორამდე მიაცილა შვილი.
191 საჯარო სკოლა:
„რკინის ხურდა მაიტა, ავაგდო, ვაბარებ თუ ვერა“ – ითხოვა აბიტურიენტმა, რომელმაც საკუთარი მომავალი მონეტას მიანდო;
„მათემატიკა მართლა რომ ვიცოდე, ამ გამოცდაზე რა მინდა, უცხოეთში ჩავაბარებდი“ – შესჩივლა მათემატიკის გამოცდაზე მომლოდინე აბიტურიენტმა მშობლებს;
მეგობარი გამოცდიან გამოსულ აბიტურიენტს: „რახან შენ გამოეტიე გარეთ, სულ არ მაინტერესებს რა დაწერე! წამოდი, ნაყინი ვჭამოთ“;
„მთავარია, მოსმენის დავალება ტოსტერით არ ჩაგვირთონ, დანარჩენს გავაკეთებთ როგორმე“ – თქვა უცხო ენის გამოცდაზე მისულმა აბიტურიენტმა და თავი ისევ კონსპექტებში ჩარგო;
მამა აბიტურიენტ შვილს: „შვილო, ინგლისურის ნაცვლად მეგრული რომ ბარდებოდეს, მეც გამოვიდოდი წელს“;
„გარეთ რომ გამოვედი, ეგრევე ხალხი მომვარდა – რა საკითხები მოგივიდაო და მე ხელებით ვაჩვენე, ვითომ ყრუ-მუნჯი ვიყავი“, – თქვა საგამოცდო ცენტრის კარს მოშორებულმა აბიტურიენტმა, რომელსაც სიმუნჯის არაფერი ეტყობოდა;
„ნახევარი არც წამიკითხავს, ვინც მართლა აბიტურიენტია იმას ჰკითხეთ საკითხები, მე მესამედ ვაბარებ ჯარის გამო“ – უთხრა მშობლებს მამაკაცმა, რომელიც აბიტურიენტს არც ასაკით და არც შეხედულებით ჰგავდა;
„მე რომც ჩავიჭრა, სახლში გაპრავებულია, ჩემი ყველა ძმა ჩაიჭრა თავის დროზე – ასე დააწყნარა მეგობრები აბიტურიენტმა გამოცდაზე შესვლის წინ;
მშობელი საგამოცდო ცენტრიდან მომავალ აბიტურიენტს ეძახის: „ჰიმნი დავიწყო დედი თუ ვიგლოვო, როგორ დაწერე?“;
„ისტორიაც ჩავდე მიწაში და დავისვენე“ – ბოლო გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი გარეთ დახვედრილ მშობლებს;
„100-წლიანი ომის დაწყების თარიღი ვიცი მარტო, ისიც დღეს გავიგე რომ 100 წელი კი არა, 116 წელი მიმდინარეობდა“ – უთხრა გამოცდიდან გამოსულმა გაკვირვებულმა აბიტურიენტმა შემოხვეულ მეგობრებს.
„გამოცდაზე 12 ლიტრი წყლით და ფლოსტებით მივედი“ – გაიცანით ყველაზე მხიარული აბიტურიენტი თელავიდან
ბათუმის საგამოცდო ცენტრები:
ბათუმის საგამოცდო ცენტრში მასწავლებლის საგნის გამოცდაზე ორი წყლის ბოთლით მისული აპლიკანტი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს, რომელსაც უწყინარი შეკითხვით მივმართეთ: „მაცალე ქალო, შენ ვერ ხარ? გამოცდაზე მოვედი“;
„დამამშვიდებლები დავალევინე და ისე ავიდა ჩემი შვილი გამოცდაზე, ღმერთი გფარავდეს შვილო“ – ნერვიულობს გარეთ მომლოდინე აბიტურიენტის მშობელი;
ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსმენილი მასწავლებლობის მსურველისგან: „2015 წლიდან მოყოლებული, ყველა ტესტი მქონდა დამუშავებული და არცერთი ნაცნობი ტექსტი არ შემხვდა. არც ბუნებაში და არც მათემატიკაში“;
თბილისის 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრთან მისული აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც ყელზე ნაძვის ხის წვიმები ჰქონდა შემოხვეული დაცვამ დააკვალიანა:
– „ბ“ კორპუსი ზევით არის.
– ვიცი.
– ჰო, ეტყობა, მხოლოდ სეზონების ცნობაში ხარ სუსტი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება