GE

ვის უნდა სინამდვილეში ბანკეტი? – მშობელს თუ მოსწავლეს – სკოლის დასრულების აღნიშვნა ახალი ტრადიციით და 3000-ლარიანი ხარჯები

მაისი მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებისთვის, განსაკუთრებით კი მეთორმეტე კლასელებისათვის, მათი ოჯახებისა და მასწავლებლებისათვის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მანამ, სანამ დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევს, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მეთორმეტეკლასელებს საბანკეტო ციებ-ცხელება ელით, რასაც, ხშირ შემთხვევაში, კურსდამთავრებულები არანაკლები მღელვარებით ელოდებიან, ვიდრე გამოცდებს.

ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ბანკეტები სკოლის დასრულების ტრადიციულ აღნიშვნად ითვლება. ბოლო წლებში კი ახალგაზრდებმა იდეები გაამრავალფეროვნეს და ბანკეტებს საზღვარგარეთ, ან ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე დღიანი მოგზაურობა მიუმატეს, ან სულაც ჩაანაცვლეს. ჩაანაცვლეს იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, ახლანდელი მოსწავლეებისთვის ბანკეტი იმაზე გაცილებით ნაკლებად სასურველია, ვიდრე მათი მშობლების თაობისთვის. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ბანკეტი მშობლების სურვილით უფრო იმართება, ვიდრე შვილების. ახალგაზრდებს, უფრო სადმე წასვლასა და მრავალფეროვან გართობას ამჯობინებენ. მით უმეტეს საზღვარგარეთ.

ეს უკანასკნელი „ტრენდი“ კი არც თუ ისე შეუსრულებელ მისიად მიიჩნევა თუ გავითვალისწინებთ, რომ ხარჯი ბანკეტის გადახდის, ან სამოგზაუროდ წასვლის შემთხვევაში, ფაქტობრივად, ერთნაირია. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ერთდღიანი პომპეზური წვეულება მშობლებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე რამდენიმე დღიანი მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, ან გარეთ. ყველაფერი რესტორნის, ტანსაცმლის და ბოლო ზარის ღონისძიების მრავალფეროვნებისა და „მდიდრულობის“ ხარისხზეა დამოკიდებული. ღონისძიება, გასაფორმებელი ატრიბუტიკა, საჩუქრები, რესტორანი, ჩაცმულობა, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ფოტო-ვიდეო გადაღების მომსახურება, ექსკურსია – ამ ყველაფრის ღირებულება სოლიდურ თანხამდე ადის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ალტერნატიული იდეები სულ უფრო პოპულარული ხდება.

სტატიაზე მუშაობისას არაერთ მეთორმეტეკლასელს ვესაუბრეთ. რთული აღმოჩნდა მათ შორის ისეთების ნახვა, რომელიც გვეტყოდა, რომ ბანკეტს მოუთმენლად ელოდება, ან საკუთარი სურვილითა და ინიციატივით მიდის. უმეტესობა გვეუბნებოდა, რომ წვეულებას მშობლების, კლასელების, ან ტრადიციის ხათრით დათანხმდა.

სწორედ ასე მოიქცა ჩვენი პირველი რესპონდენტი, ლიზა შერბაკოვი, რომელიც თბილისის 167-ე საჯარო სკოლას ამთავრებს. მისი კლასი ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც ატარებს, იმავე საღამოს წვეულებასაც მართავს და მოგვიანებით ქალაქგარეთ, ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსშიც მიდის, მშობლებთან, მასწავლებელთან და დირექციასთან ერთად, ორი დღით. თავდაპირველად საზღვარგარეთ გამგზავრებას განიხილავდნენ, კვიპროსზე, ან თურქეთში, თუმცა იმის გამო, რომ ამაში ყველა მოსწავლე ვერ ერთვებოდა, გადაიფიქრეს.

„ბოლო ზარის დარეკვის მერე, ღონისძიება იქნება, სადაც ჩემი კლასელები იცეკვებენ და იმღერებენ. მე არც ერთის ნიჭი არ მაქვს, ამიტომ გვერდიდან ავყვები. იმავე საღამოს რესტორანში ბანკეტი გაიმართება. ცეკვები და სიმღერებით ტკბობა იქაც მოგვიწევს. თუმცა, ყველაფერი აქ არ მთავრდება. იმავე კვირის შაბათ-კვირას სასტუმროში მივდივართ ორი დღით. იქ ბევრნაირი გასართობია – აუზები, ტბა, ცხენები, საღამოობით მოეწყობა პატარ-პატარა თამაშები და ა.შ. სასტუმრო ახალ წლამდე უკვე დაჯავშნილი იყო“, – გვიყვება ლიზა.

ლიზა კლასის ყველა აქტივობაში ერთვება, თუმცა, ფაქტობრივად, ხათრით. მისთვის ბანკეტიცა და მთელი ეს სკოლის დასრულებასთან დაკავშირებული ფაცი-ფუცი კლიშეა და მიაჩნია, რომ არაა აუცილებელი ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ზარ-ზეიმით აღინიშნოს. მონაწილეობას კი კლასელებისა და მშობლების ხათრით იღებს. არც საზეიმო კაბას იცვამს. პიჯაკსა და შარვალში აპირებს გამოწყობას.

„მე პირადად ორივე მეზარება (ბანკეტი და სასტუმროში გასვლა – ავტ.). დედამ მითხრა სირცხვილიაო, თორემ საერთოდ არ წავიდოდი. ვფიქრობ, ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ უბრალო მოვლენას. ბევრი ამბობს ერთხელ ვამთავრებ და რატომ არ უნდა მიხაროდესო. ჩემი აზრით კი, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ერთხელ და არ არის ყველაფრის ზედმეტად რომანტიზება საჭირო. ჰოდა, დედას რომ არ ეწყინოს და არ იფიქროს – რატომ უნდა ვიყო ასეთის დედაო, მაგიტომ მივდივარ“, – გვეუბნება მეთორმეტეკლასელი.

ბოლო ზარის ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯები, წვეულება, ამისთვის საჭირო ჩაცმულობა და ორ დღიანი დასვენება სასტუმროში მის ოჯახს 1 000 ლარზე მეტი უჯდება. ლიზა ამბობს, რომ კაბის შეკერვის, ან ყიდვის შემთხვევაში ეს თანხა საგრძნობლად გაიზრდებოდა.

ნინო ფიცხელაური კერძო სკოლა „კანდიდის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მეთორმეტე კლასი, ისევე როგორც სხვა თანატოლებისთვის, მისთვისაც გამოცდებისთვისა და გამოსაშვები ღონისძიებებისთვის სამზადისით დაიწყო. რა თქმა უნდა, მშობლების ჩართულობით.

თავდაპირველად, კლასში, ერთი შეხედვით, ერთსულოვნება იყო – მშობლებიც და ბავშვებიც შეთანხმდნენ, რომ სკოლის დასრულებას ტრადიციული ბანკეტით აღნიშნავდნენ. სამზადისიც დაიწყო – მოიძებნა და დაიჯავშნა რესტორანი, გოგონებმა მოძებნეს მკერავები, შეარჩიეს კაბების დიზაინები, დაიჭირეს თადარიგი… თუმცა, მოგვიანებით, გაზაფხულზე, კლასის ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბანკეტზე წასვლა გადაიფიქრა, რამაც, საბოლოოდ, ბანკეტის ჩაშლა გამოიწვია, რადგან ისედაც მცირერიცხოვანი კლასის დარჩენილი ნაწილისთვის ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ მათი დაფარვა შეუძლებელი გახდა.

„ბავშვობიდან მეგონა, რომ ჩემი ბოლო დღე სკოლაში ლამაზი კაბითა და გრანდიოზული წვეულებით დამთავრდებოდა. ეს დღე ჩემთვის იქნებოდა სკოლის პერიოდის სიმბოლური დასასრული, კლასელებთან ერთად უდარდელად და ხალისიანად გატარების დღე. სულ ვფიქრობდი, რომ ბანკეტის დღეს თავს განსაკუთრებულად ვიგრძნობდი და ერთგვარი ნიშანი იქნებოდა იმის, რომ უკვე ზრდასრული ვარ და უფრო დიდ და რთულ ცხოვრებაში ვდგამ ნაბიჯს. ამიტომაც, ჩემთვის ეს დღე უბრალო წვეულებაზე ბევრად მეტია – ემოციური დამშვიდობებაა კლასელებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ხმაურთან და საკუთარ ბავშვობასთან“, – ამბობს ნინო.

შესაბამისად, ბანკეტის ჩაშლა მისთვის და მისი კლასელების ნაწილისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. იმედგაცრუებულია იმითაც, რომ ეს ყველაფერი უკვე ისეთ დროს გაირკვა, როცა ყველაფერი მოგვარებული, დაჯავშნილი და გადაწყვეტილი იყო.

„ბევრმა კლასელმა იმ პერიოდში დაგეგმა მოგზაურობა, როცა ბანკეტის დღე უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო და კარზე მომდგარიც. ამ დროს კი ჩვენ უკვე შეკერილი გვქონდა ტანსაცმელი და მზად ვიყავით დღისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაგვეშალა. კაბა, რომელიც შევიკერე, ჩვეულებრივ შარვლად გადავაქციე. გული ძალიან დამწყდა. ვფიქრობ, ეს გამოცდილება გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცების წინასწარ, ჭკვიანურად დაგეგმვა და მეგობრების წინაშე პასუხისმგებლობის აღება“, – დასძენს იგი.

კლასი გეგმავს ბოლო ზარს – სკოლის ტერიტორიაზე კონცერტის გამართვას და შემდეგ ამის კლასელის სახლში აღნიშვნას. ეს შედარებით მოკრძალებული აღნიშვნა, ნინოს მშობლებს, დაახლოებით, 1 000 ლარი უჯდება. საბანკეტო წვეულების გადახდის შემთხვევაში კი, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ხარჯები 3 500 ლარზე ადიოდა.

თეა კიკნაძის გოგონა წელს თბილისის 115-ე საჯარო სკოლას ასრულებს. მის კლასს ყველაფერი უკვე დაგეგმილი აქვს – ბოლო ზარიც, შემდგომი აღნიშვნაცა და ბანკეტიც. თამთა ამბობს, რომ დაგეგმვის პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. საბოლოო ჯამში მოახერხეს ისეთი ვარიანტის შერჩევა, რომელიც მშობლებისთვისაც მისაღები იქნებოდა და ბავშვებისთვისაც, თუმცა, როგორც თამთა ამბობს, მშობლებისთვის – უფრო, რადგან ბავშვებს რამდენიმე დღით ზღვაზე წასვლის იდეა უფრო მოსწონდათ. საბოლოოდ კი, იმათი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, ვინც ფულის იხდის, ანუ მშობლების.

„მე და ჩემს შვილს გვქონდა ასეთი იდეა: რადგან ეს პროცესი ისედაც ხარჯიანია, სკოლაში ყველა მეთორმეტეკლასელს მოგვეწვია რომელიმე ბენდი (შედარებით ბიუჯეტური) და სკოლაშივე ყოფილიყო ცერემონია და ფურშეტი, თუმცა ეს იდეა კლასის უმრავლესობამ არ გაიზიარა. დირექტორმაც უარი გვითხრა, მშობლებს ფინანსურ ვალდებულებებს ვერ დავაკისრებო“, – გვიყვება თამთა.

მისივე თქმით, ყველაფრისთვის მზადება, მშობლების ინიციატივით, ჯერ კიდევ ზამთარში დაიწო. ბოლო ზარის აღსანიშნად ბარი დაიჯავშნა, ბანკეტისთვის კი საგურამოში სადღესასწაულო სივრცე. ყველაფერი ამისთვის საჭირო თანხების ოდენობა კი, ერთ მოსწავლეზე (+მშობელი) 2 ათას ლარს გაუტოლდა.

„ბოლო ზარი, კლასის სიმბოლურ გაფორმებასთან და სხვა ხარჯებთან ერთად, თითოეული ადამიანისთვის, 170 ლარი ჯდება. ბანკეტზე, დაახლოებით, 30 ადამიანი მივდივართ და თითოეული 300 ლარს ვიხდით (ანუ მოსწავლე და მშობელი ერთად 600₾). დამრიგებელს ვეპატიჟებით და თანხას არ ვახდევინებთ, ბუნებრივია. ამას ემატება 150 ლარი ტორტისთვის, ფეიერვერკისთვის, მასწავლებლის სიმბოლური საჩუქრისთვის და სხვა წვრილმანებისთვის (ეს თანხა სავარაუდოდ გაიზრდება ფოტო-ვიდეო გადაღების ხარჯზე).

„თუმცა, ეს ყველაფერი ხარჯების მხოლოდ ნაწილია. ჩემი შვილი გოგონაა და 20 მაისის მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება, სადღესასწაულო სამოსის, ფეხსაცმლის თუ სილამაზის სალონების მომსახურების ფასები. ამისთვის, დაახლოებით, 500-დან 1000 ლარამდეა საჭირო. გააჩნია ბრენდებს და მოთხოვნებს. კაბების მხოლოდ ქირა 70-120 ლარიდან იწყება. თმა, ან მაკიაჟი ყველაზე მცირე 100 ლარიდან. ჩაცმა და მოწესრიგება მშობლებსაც გვჭირდება, მაგის თანხაც ცალკეა გასათვალისწინებელი“, – ამბობს თამთა.

მშობელი, რომელიც მილენიალების თაობის წარმომადგენელია, თავის დაკვირვებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ მისი შვილების თაობას, მისი თაობისგან განსხვავებული რაღაცები აბედნიერებს და ანიჭებს სიამოვნებას. მაგალითად, ბანკეტს ახლანდელი კურსდამთავრებულებისთვის გაცილებით ნაკლები ემოციური და სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე მისთვის და მისი კლასელებისთვის ჰქონდა. გვიყვება, რომ თუკი სკოლის დასრულება და მისი თანმდევი ღონისძიებები ადრინდელი მოსწავლეებისთვის განუზომელი მნიშვნელობის იყო, ახლანდელი მოსწავლეებისთვის ეს უბრალოდ რუტინული პროცესია, ემოციებისა და სენტიმენტებისაგან დაცლილი.

„ჩვენ დროს მართლა სხვანაირი ემოცია იყო, მაშინ შეზღუდული გვქონდა რაღაცები და ბანკეტის დღე საოცრებას წარმოადგენდა. განსაკუთრებით ვემზადებოდით. ცხოვრებაში პირველად წამიყვანეს სილამაზის სალონში და ეიფორიაში ვიყავი. ამათთვის სალონში წასვლა ჩვეულებრივი რუტინაა. რადგან კლასი ბანკეტს აკეთებს, ჩემი შვილიც მიდის, თუმცა ამბობს, რომ ეს იდენტური აღნიშვნები ბანალურია. ბანკეტი რომ არ გვქონოდა, გული არ დამწყდებოდაო. კლასში არის რამდენიმე ბავშვი, ვისაც არ უნდა და არ მოდის. მე თუ მკითხავთ, სკოლას ცხოვრებაში ერთხელ ამთავრებ და არ არსებობს წლების მერე არ ინანო, რომ რაღაც გამოტოვე“, – აზრს გვიზიარებს თამთა.

ელენე შოთაძე აჭარიდან, კერძოდ კი ქედის მუნიციპალიტეტიდან გამოგვეხმაურა. 7 თანაკლასელთან ერთად, წელს სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლას ასრულებს. მის კლასს ბანკეტი არ ექნება, თუმცა ექნება ბოლო ზარის ღონისძიება, რასაც მოგვიანებით რესტორანში, დამრიგებელთან ერთად აღნიშნავენ. ბანკეტზე უარის თქმის მიზეზად მოსწავლეთა უმრავლესობის აზრს ასახელებს და ამბობს, რომ ბოლო ზარის შემდეგ აღნიშვნა სრულიად საკმარისია.

„ჩემი აზრით, ჩემს კლასელებს ზედმეტად ოფიციალური სიტუაციები არ მოსწონთ და სწორედ ამიტომაც შეიკავეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომწონს ბანკეტი, არც მე მქონია სურვილი. ბოლო ზარით დავკმაყოფილდით. მშობლებს უნდათ ბანკეტი, თუმცა წინააღმდეგობას ვერ გვიწევენ, რადგან ჩვენი სურვილია მთავარი. ერთხელ გვაქვს მხოლოდ ეს დღე და ისე უნდა აღვნიშნოთ, როგორც ჩვენ გვინდა. ჩემს თაობას მსგავსი ღონისძიებები ნაკლებად აინტერესებს, ეზარება. მეც ძალიან მეზარება. მაგას უბრალოდ მეგობრებთან ერთად, არაპომპეზური ჩაცმულობით სადმე წასვლა და გართობა მირჩევნია“, – ამბობს ელენე.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა კლასმა სკოლის დასრულების შედარებით მოკრძალებული აღნიშვნა ამჯობინა, საჭირო თანხა მაინც საკმაოდ მსუყედ გამოიყურება. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ბოლო ზართან დაკავშირებული ღონისძიება და წვრილმანები, თითოეულს, დაახლოებით 1 000 ლარი უჯდება. სახსრების გამო უარის თქმა მოუწიათ ექსკურსიაზეც, რომელიც კლასში ბავშვების სიმცირის გამო სოლიდური თანხა ჯდებოდა.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტის შვილმა კერძო სკოლა „შავნაბადა“ გასულ წელს დაასრულა. მისმა კლასმა ბოლო დროს პოპულარული გადაწყვეტილება მიიღო და ტრადიციული ბანკეტი საზღვარგარეთ მოგზაურობით ჩაანაცვლა. იდეა ბავშვების იყო, თუმცა მხარი მშობლებმაც დაუჭირეს. არც არავის უნანია. ქალბატონი მაია ამბობს, რომ ეს გამოცდილება ყველასთვის გაცილებით შთამბეჭდავი იყო. ხოლო თანხა იმდენივე დასჭირდა, რაც საბანკეტო წვეულებას დასჭირდებოდა.

„საკმაოდ ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, თურქეთში, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსში გადაწყდა წასვლა. 4 დღით ვიყავით სასტუმროში, სადაც ბავშვებმაც და მშობლებმაც ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. მზე, ზღვა, გართობა, დასვენება, საუკეთესო მომსახურება, ემოციები, თავგადასავლები… არც ერთ ბავშვს არ დასწყვეტია გული იმაზე, რომ ბანკეტი, კლასიკური ფორმით, არ ჰქონიათ. იქვე გამართეს პატარა საღამო, შედარებით საზეიმო ჩაცმულობით. სპეციალურად ამ დღისთვის გრანდიოზული კაბები არ შეუკერავთ.

„მშობლებიცა და ბავშვებიც შთაბეჭდილებებით სავსეები დავბრუნდით. რაც შეეხება ბოლო ზარს, ულამაზესი საღამო იყო, მანტიებით და ქუდების აყრით, რომელიც შემდეგ მოწვეულმა დიჯეიმ გაამრავალფეროვნა. ეს ყველაფერი – ბოლო ზარი და დასვენება თურქეთში, ჯამში, 3 500 ლარი დაგვიჯდა. დაახლოებით ამდენივე დაგვიჯდებოდა საქართველოში ბანკეტის გადახდაც. ერთდღიან ქეიფს კი ოთხ დღიანი თავგადასავალი ნამდვილად ჯობდა. სხვებს ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ჩემი აზრით, ბანკეტის ასეთი ფორმით ჩანაცვლება კარგი იდეაა. მგონი, ახლანდელ მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ გრანდიოზული კაბები და ქეიფი“, – ამბობს მაია.

ბარბარე სალაძე, თბილისის 177-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი: „ბანკეტი ნატახტარში გვაქვს. სახლს ვქირაობთ და ღამე იქ ვრჩებით. ბოლო ზარისთვის არ ვაპირებდით არაფერს მაგრამ ორი კვირით ადრე გადავწყვიტეთ, რომ პატარა წარმოდგენა გაგვემართა. მაგის მერე, სავარაუდოდ, მთაწმინდაზე გავისეირნებთ და აღვნიშნავთ. კლასში აზრთა სხვადასხვაობის გამო ექსკურსიას თავი ვერ მოვაბით. რაც შეეხება ხარჯებს, ბანკეტი, თითოეულს 700 ლარი გვიჯდება (მოსწავლე+მშობელი). ამაში, რა თქმა უნდა, არ შედის ტანსაცმლისა და თავის მოწესრიგების ხარჯები. კაბას ვიკერავ და ფეხსაცმელთან ერთად 350 ლარი მიჯდება. თმა და მაკიაჟი – 180 ლარი. კიდევ არის წვრილმანები და ჯამში 1500 ლარზე ადის. ბანკეტი მშობლების იდეა უფრო იყო. ბევრი ბავშვი უარზეა და კლასის ნახევარი არ მოდის. მეც არ ვაპირებდი, მაგრამ მშობლები გვაძალებენ – ერთხელ გაქვთო“.

მეგი გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი: “ბანკეტი ძალიან გვინდოდა. წლების განმავლობაში ვგეგმავდით. კლასში მხოლოდ ხუთნი ვართ და 12 წლის განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ, თან ცხოვრებას სხვადასხვა გზით ვაგრძელებთ და გვინდოდა ერთად გატარებული წლები ბანკეტით აღგვენიშნა. სამოგზაუროდ წასვლაც გვქონდა იდეაში, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ სამოგზაუროდ სხვა დროსაც წავიდოდით. ამიტომ, ვარჩიეთ ბანკეტით თითოეულისთვის სამახსოვრო გაგვეხადა ეს დღე და ჩვენი თავი.

„სიმცირის გამო დიდს ვერაფერს ვაკეთებთ. 20 მაისს ბოლო ზარი და ბანკეტი ერთ დღეს გვექნება. დილით სკოლაში გვექნება ფოტო-ვიდეო გადაღება, შემდეგ ბათუმში მივდივართ ფოტოსესიაზე, იქიდან აბაშაში – რესტორანში, სადაც მასწავლებლებიც დაგვხვდებიან. ეს ყველაფერი დაახლოებით 1600 ლარი მიჯდება: რესტორნის ხარჯები 800 ლარი (ამაში მშობლის თანხაც შედის); კაბა – 250 ლარი; მაკიაჟი და ვარცხნილობა – 150; ფოტო-ვიდეო გადაღება – 270 და სხვა წვრილმანი ხარჯები“.

ასევე იხილეთ:

ეს მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეთ ჩარიცხვების მიღმა – NAEC-ის ხელმძღვანელი 2025 წლის აბიტურიენტებს აფრთხილებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური