GE

სკოლამდელი და დაწყებითი კლასების პატარებისთვის სამეცნიერო ზღაპრების კრებული შეიქმნება – კონკურსის პირობები

მწერალთა სახლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს „ფასკუნჯი“.

როგორც მწერალთა სახლის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის მიზანია ლიტერატურისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ბავშვებისათვის და ქართულ ლიტერატურულ, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში დაამკვიდროს სამეცნიერო ზღაპრების მიმართულება, რაც ქართული ლიტერატურისთვის დღემდე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს;

“სამეცნიერო ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ბავშვებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის აღსაძვრელად. კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები 2023 წელს გამოიცემა ერთიანი კრებულის ან სერიის სახით და საჩუქრის სახით გავრცელდება სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, – განმარტავენ მწერალთა სახლში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე მწერლებს. კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვ.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოები.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. ნამუშევრებს შეაფასებს საკონკურსო კომისია და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე მწერლებს. კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვ.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოები.

საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო ზღაპრების ჟანრს და მიზნად ისახავდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების ამა თუ იმ დარგის, მიღწევის, გამორჩეული მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის და/ან მეცნიერებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრას. სასურველია, ზღაპარში ასახული იყოს ქართული მეცნიერების მიღწევები(ც), ქართველ მეცნიერთა წარმატების გზა, ქართულ სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე პროცესები და ა.შ. ავტორი ნაწარმოების თემის შერჩევაში თავისუფალია, თუმცა ნაწარმოებში დაცული უნდა იყოს წარმოდგენილი სამეცნიერო ფაქტების სიზუსტე.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო ზღაპრის ტექსტს. საკონკურსოდ ზღაპართან ერთად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ილუსტრაციებიც. საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამართული მხატვრული, სტილისტური და ტექნიკური თვალსაზრისით და არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას.

გამარჯვებულთათვის დაწესებულია პრიზები:

I ადგილი: 1500 ₾.
II ადგილი: 1000 ₾.
III ადგილი: 800 ₾.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს მოწვეული ჟიური.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური