GE

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გორში

ერთ წელზე მეტია რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები უფასო გახდა და  სრული დაფინანსება  თვითმმართველობებს დაევალა.  ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში  ბავშვთა კონტიგენტი გაიზარდა.  ამ მხრივ გამონაკლისი არც გორის მუნიციპალიტეტია, მსურველთა გარკვეული რაოდენობისთვის სკოლამდელი განათლება  ხელმისაწვდომი  ჯერ კიდევ არ არის.

თავდაპირველად, გადასახადის გაუქმების ფაქტმა გორში ქაოსური მდგომარეობა შექმნა, რადგან მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს   ბავშვთა რაოდენობის ზღვარის გაზრდა დაავალა.  თუმცა სკოლამდელი განათლების პრობლემა ქალაქში კვლავ არსებობს.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რაოდენობის სიმცირის გამო,  ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვები სოფლებიდანაც დადიან.  ამ ფაქტს რაიონში მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ ხშირად აპროტესტებს.

გორში მცხოვრები მანანა რაზმაძე ერთ-ერთია, ვინც  შვილი საბავშვო ბაღში ვერ მიიყვანა. უარი რამდენიმე საბავშვო ბაღისგან მიიღო.

,,ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ და არ მაქვს საშუალება კერძო ბაღში ვატარო, ბავშვი უკვე ოთხი წლისაა. მითხრეს, რომ როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, დამირეკავენ,“-ამბობს მშობელი.

ხატია ხანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს ჯერ შესაბამისი ასაკისთვის არ მიუღწევია,  სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვის საბუთები წინასწარ წარადგინა.

,,ვიცი, რომ მერე ადგილი არ იქნება. ეს პრობლემა დგას და ამიტომ მოვიქეცი ასე. იმედი მაქვს, რომ როგორც კი  ორი წლის გახდება, მიიღებენ.“

გორის ცენტრში მდებარე ნომერ მე-12 საბავშვო ბაღში,  ამ დროისათვის, ბავშვის მიღებაზე უარი ოცმა მშობელმა მიიღო.   როგორც დირექტორი  განმარტავს, მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 45-ს აღწევს და ამიტომ რესურსი შეზღუდულია. ეს პირველ რიგში, ფართის სიმცირითაა გამოწვეული.

,,გადასახადისგან გათავისუფლებამ დიდი პრობლემა მოხსნა, რადგან ადრე უფრო ბავშვებზე ვიყავით დამოკიდებულები და შემოსავალი ნაკლები იყო. ახლა, ყველა ბავშვი ფინანსდება, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი ივლის ან გააცდენს თუ არა. რაც შეეხება კონტიგენტს, ადრეც არ ვუჩიოდით, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, მეტი მსურველია“, – აცხადებს ელენე დავითაშვილი.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელიც Aris.ge-განათლებას  მერიის ადმინისტრაციაში მიაწოდეს,  2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვთა რაოდენობა  3060-ია, მათგან 2950 მუნიციპალურ ბაღში დადის. თუმცა, ამ რიცხვში დევნილი მოსახლეობა  არ იგულისხმება. სკოლამდელი განათლების საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ვერხვების ჩასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

დასახლებაში მდებარე კეთილმოწყობილ შენობას, უკვე დიდი ხანია  საბავშვო ბაღის დანიშნულება უნდა ჰქონდეს.    აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით აშენებული ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ მისი გახსნა არაერთხელ მოითხოვა.

,,შენობა უკვე წლებია ქურთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ამიტომ ვერ ვხსნით. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მერიას გადაეცეს,“ – განმარტავს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე.

ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, ინვენტარის სიძველე და ფართის სიმცირე – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც გორის უმრავლეს საბავშვო ბაღში დგას. დირექტორები ასევე ფიქრობენ, რომ  უმჯობესია ჯგუფში ბავშვთა ნაკლები რაოდენობა იყოს. 

,,რაც ნაკლები ბავშვია ჯგუფში, მით უფრო ეფექტურია მუშაობა და უფრო მარტივია მასწავლებისთვისაც, მშობლისთვისაც, და რა თქმა უნდა, თვითონ ბავშვისთვისაც,“ – ამბობს მე-19 ბაგა ბაღის დირექტორი რუსუდან გუგულაშვილი.

ქალაქის მასშტაბით სულ 17 მუნიციპალური  ბაღი ფუნქციონირებს. მათგან ხუთი – კერძო, დაქირავებულ შენობაშია განთავსებული.  ადგილობრივი თვითმმართველობა თითოეულ ბავშვს სუბსიდიის სახით, თვიურად 60 ლარს აძლევს, რაც საერთო ჯამში ბიუჯეტს – წლიურად 2 მილიონ ასი ათასი ლარი (საერთო ბიუჯეტის 15 პროცენტი) უჯდება.  

,,შესაძლოა, გადასარევი მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, გორში ნორმალური მდგომარეობაა. 2015 წლის შემოდგომამდე ხუთი საბავშვო ბაღის აღდგენა-რეაბილიტაციას ვგეგმავთ. მათ შორის არის ცენტრში მდებარე დამწვარი შენობა. შესაძლოა ასევე გავზარდოთ სუბსიდიაც,“ – აცხადებს  მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯოხაძე.

თემის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 30 საბავშვო ბაგა- ბაღი ფუნქციონირებს. ბიუჯეტს 2000 ბავშვის სუბსიდირება წლიურად 3 მილიონამდე ლარი უჯდება. განათლების განყოფილებაში აცხადებენ, რომ 2015 წლის ბოლომდე 8 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა იგეგმება. იქამდე კი არაერთი ბავშვის მშობელს მოლოდინის მეტი არაფერი დარჩნია.

ავტორი : ნინო ბოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური