სკოლაში ვიდეოკამერა სავალდებულო იქნება – კანონპროექტის ცვლილებათა ჩამონათვალი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. დღეის მდგომარეობით ვიდეოკონტროლი 500–ზე მეტ სკოლაში მიმდინარეობს, თუმცა ეს ის სკოლებია, სადაც 300-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარმოადგინეს და არასამთავრობოებსა და მედიის წარმოამდგენლებს გააცნეს. არასამთავრობოების ნაწილს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
ცვლილებების პროექტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება:
1. სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;
2. კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
3. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;
4. მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
5. თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი;
6. მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე;
7. იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.
კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, კანონპროექტის განხილვა ხვალ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე მოხდება.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი