GE

სკოლებში ფინანსური საკითხების სწავლება გაზაფხულიდან დაიწყება

ფინანსური განათლების საკითხების სწავლება გაზაფხულიდან ყველა სკოლაში დაიწყება და სამოქალაქო განათლების კურსის ნაწილი გახდება. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად მიიღო, რომელიც ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოების ფინანსური ცოდნის ამაღლებას ემსახურება.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა გზირიშვილი  ამბობს, რომ ფინანსური განათლების კუთხით, ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან როგორც 2016 წელს ჩატარებულმა პირველმა და ჯერჯერობით ბოლო კვლევამ აჩვენა, ძალიან ცოტა გეგმავს საკუთარ ხარჯებს და ზოგავს თანხებს.

„ცოდნის მხრივ არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ანუ ფინანსურ საკითხებში მეტნაკლებად ერკვევიან. ქცევის მხრივაც მეტნაკლებად კარგი მდგომარეობაა: ყველა ცდილობს, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, თუნდაც კომუნალური გადასახადები, დროულად დაფაროს. დამოკიდებულებაში კი, მაინც გვაქვს პრობლემები. ზოგადად, გამოვლინდა, რომ ქართველი ერი არის მხარჯველი. ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ბიუჯეტის დაგეგმვას, ცოტა ადამიანი ზოგავს თანხას და ემზადება საპენსიო ასაკისთვის. ზოგადად, მომავლის დაგეგმვა ან თუნდაც მოკლევადიანი ე.წ. ჯიბის ხარჯის დაგეგმვა, საკმაოდ იშვიათია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია შეგვემუშავებინა და პრაქტიკაშიც გაგვეტარებინა. ამ მიმართულებით ბევრი ორგანიზაცია გვეხმარება, მათ შორის – განათლების სამინისტრო“, – განაცხადა გზირიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ სტუმრობისას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური