„დაკავშირებულია ფინანსებთან“ – მეორე უცხო ენის არჩევა სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია
სკოლებში მეორე სავალდებულო უცხო ენის არჩევის დაწესება უკეთესი მომავალი საგანმანათლებლო პერსპექტივის იმედად გადაწყდა. ქართულთან და ინგლისურთან ერთად, მეხუთე კლასიდან, მშობლებსა და მოსწავლეებს ასარჩევად ევროპულ ენებს და რუსულს სთავაზობენ. განათლების სამინისტროსგან სკოლებმა, საგნების არჩევის ცხრილთან ერთად, ფრანგული, გერმანული და იტალიური ენების სწავლების უპირატესობების შესახებ საინფორმაციო წერილებიც მიიღეს. თუმცა სიახლე უკეთესი პერსპექტივის მოლოდინით, შესაძლოა, ბევრი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდეს. EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რამდენად მუშაობს პრაქტიკაში უწყების შეთავაზება, რომ მოსწავლეებმა მეტი აქცენტი ევროპულ ენებზე გააკეთონ.
საქმე იმაშია, რომ ახალი საგნის პედაგოგის ანაზღაურება სკოლის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს, რასაც შესაძლოა, ყველა სკოლა ვერ გასწვდეს.
თუ თქვენი შვილი მე-4 კლასშია! – რა უნდა იცოდეთ სკოლაში მეორე უცხო ენის სწავლების შესახებ
მსგავსი პრობლემის წინაშეა ქუთაისის მესამე საჯარო სკოლა, სადაც ჯერ არ იციან, შეძლებენ თუ არა ინგლისურისა და რუსული ენების გარდა, სხვა უცხო ენის დამატებას. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მითითება შეასრულეს და მშობლებს ასარჩევად ფრანგული და იტალიური უკვე შესთავაზეს.
„ჩემი შვილი მეხუთე კლასში გადავიდა, გვიწევდა ახალი უცხო ენის არჩევა. შემოგვთავაზეს რუსული, ფრანგული და იტალიური. არჩევის დროს აღმოჩნდა, რომ თურმე ქალაქში არ არის რესურსები ამ პედაგოგების -ფრანგულის და იტალიურის. ანუ ჩვენ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, რუსულის არჩევა მოგვიწია. მე ფრანგულის არჩევა მინდოდა ბავშვისთვის. რუსული ისედაც იცან ჩემმა შვილებმა და მინდოდა, რომ რომელიმე ევროპული ენა ესწავლა, რადგან კარგი პერსპექტივა აქვს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მშობელი მაკა გასაშვილი.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი გვიხსნის, რომ იტალიური და ფრანგული, რუსულთან ერთად, მშობლებს შესთავაზეს, თუმცა ევროპული ენები ძალიან ცოტამ აირჩია. ახალი პედაგოგების ასაყვანად კი, ფინანსებია საჭირო.
„მესამე სკოლას, თუ შეიძლება ითქვას, ტრადიციად ორი უცხო ენა მოჰყვება. ესაა ინგლისური და რუსული. ახლაც, ეს ორი უცხო ენა აირჩია მშობლების უმრავლესობამ და მართლა უმრავლესობა იყვნენ. შეთავაზებაში ასევე იყო იტალიური და ფრანგული, თუმცა ძალიან ცოტა მსურველი აღმოჩნდა. ერთიც რომ იყოს მომხრე სხვა უცხო ენის, მისი თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. ახლა მიმდინარეობს სამეურვეო საბჭოს ფორმირება, ბიუჯეტის ფორმირებაც უნდა განხორციელდეს და თუ შევხედავთ, რომ ფინანსები იქნება, ერთი ბავშვიც რომ იყოს მსურველი სხვა უცხო ენის, იმასაც დავაფინანსებთ“, – განაცხადა თამაზ ჭაბუკიანმა.
სასურველი უცხო ენა შვილისთვის ვერც თეონა ფარულავამ შეარჩია. მისი შვილი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა და ინგლისურთან ერთად რუსულ ენას ისწავლის. თეონა ამბობს, რომ კლასში უმეტესობამ სწორედ რუსული ენა აირჩია.
„მე პირადად რუსული ავირჩიე, თუმცა გერმანულის მსურველებიც იყვნენ. გერმანულის არჩევა მეც მინდოდა, მაგრამ რახან მსურველი ცოტა იყო, არჩევანი რუსულზე გავაკეთე”.
ახალი პედაგოგის აყვანას შეძლებენ ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში, სადაც როგორც გავარკვიეთ, მშობლების გადაწყვეტილება ორ ნაწილად გაიყო და მოსწავლეები სავალდებულო მეორე უცხო ენად რუსულს და გერმანულს ისწავლიან.
მაგალითად, ნონა კანკაძემ გადაწყვიტა, რომ მეხუთე კლასიდან მისი შვილი ინგლისურთან ერთად რუსულს შეისწავლის. ამბობს, რომ კლასში უმეტესობამ, რუსულის სწავლა გადაწყვიტა. ახალი უცხო ენის მასწავლებელს ჯერ არ იცნობს, თუმცა იმედოვნებს, რომ საგაკვეთილო პროცესი ინგლისური ენის მსგავსად საინტერესო იქნება.
„რუსულთან ერთად, ასარჩევად გერმანული, იტალიური და ფრანგული შემოგვთავაზეს. პირადად მე რუსული არ ვიცი და სულ მიქმნიდა დისკომფორტს. ამიტომ ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა შეისწავლოს ამ ეტაპზე. შემდეგ, სხვა ენის შესწავლის შესაძლებლობა თუ იქნება, დიდი სურვილი მაქვს, სხვა ენაც ისწავლოს. დაწყებით კლასებში ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავდა, ასევე ინგლისურის მასწავლებელიც ძალიან კარგია. რუსულის მასწავლებელს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება“, – ამბობს ნონა.
ქუთაისის მეათე საჯარო სკოლის დირექტორი დემურ გაგუა გვიხსნის, რომ სკოლას გერმანული ენის პედაგოგი არ ჰყავს, თუმცა ვაკანსია გამოცხადდება და მოსწავლეები სასურველი ენის შესწავლას შეძლებენ.
„ვაკანსია უნდა გამოვაცხადოთ, გერმანულის მასწავლებელი ჩვენ არ გვყავს. ანაზღაურებაც გაიცემა ისე, როგორც ხდება ხოლმე, საათობრივი დატვირთვის მიხედვით. ზუსტ რიცხვს, რამდენი იქნება ხელფასი, ახლა ვერ გეტყვით. მასწავლებლის სტატუსს და გამოცდილებას გააჩნია და საათობრივ დატვირთვას. ძალიან კარგია, რომ მშობლებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არჩევაც გამჭვირვალედ მოხდა“,- ამბობს დირექტორი დემურ გაგუა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
უცნობია, კიდევ რამდენ სკოლაში ვერ შეძლეს მშობლებმა სასურველი უცხო ენის არჩევა ქუთაისში ან საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. დიდი ალბათობით, მსგავს სიტუაციაში რეგიონების სხვა სკოლებიც აღმოჩნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთესი საგანმანათლებლო პერსპექტივა მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუკი ისინი სკოლას არ შეიცვლიან.
ასევე იხილეთ:
20 ინგლისური იდიომა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან
მოამზადა ანა ჯიქიამ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება