სკოლიდან გაშვებული მასწავლებელი დირექტორს უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს და განათლების მინისტრს მიმართავს
EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ სტუმარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი თამარ აბულაძეა. ის ამტკიცებს, რომ დირექტორმა სამსახურიდან სხვის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა, ისე რომ არ გაითვალისწინა მისი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ახლა სამსახურში აღდგენას ითხოვს.
თამარ აბულაძე განათლების მინისტრსაც მიმართავს და სთხოვს, ადგილზე გადაამოწმოს სკოლებში გაკვეთილების ჩატარების პროცესი. ის თავად მოგვითხრობს თავის ისტორიას.
თამარ აბულაძე: „1983 წლიდან დავიწყე შულავერის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ბაღში მუშაობა. ბაღი დაიკეტა. ბავშვები შემეცოდნენ და ჩამოვაყალიბე ჯგუფი ბავშვების მხიარული სტარტები. ვამეცადინებდი სპორტში, შეჯიბრებებს ვატარებდი ჯერ ჯგუფში და შემდეგ აზერბაიჯანელ ბავშვებს ვახვედრებდი. თვეში ეთხელ ექიმი მიმოწმებდა ჯგუფს და მითითებებს მაძლევდა, თუ რომელი ბავშვი როგორი დატვირთვით უნდა მევარჯიშებინა. ჩემი ხელფასი იყო მოსწავლის მოცემული 5 ლარი, ან კარტოფილი, ან რძე.
ერთ დღეს დამიძახა საბჭოს თავმჯდომარემ და მითხრა, თქვენც დაისვენეთ და მეც დამასვენეთო და გამიშვეს ქართულის მასწავლებლად აზერბაიჯანულ სკოლაში, კერძოდ, ქვემო სარალის საჯარო სკოლაში. იქ ვიმუშავე 19 წელი.
2005 წელს სკოლაში მოიყვანეს ახალი დირექტორი – ნანა პაკელიანი, რომელმაც ჩემკენ თითი გამოიშვირა და მითხრა, ამ სკოლიდან წადიო. მე ვკითხე, რატომ უნდა წავიდე მეთქი და მან ასე მიპასუხა: მე თქვენ აჭარლების სკოლიდან გამომაგდეთ, ხომ ხედავ, ლოტოტრონით გავიმარჯვე და აქ დამნიშნესო.
ეს ქალბატონი იყო ჩემი აჭარლების მიერ გახსნილი ქართული სკოლის დირექტორი, რომელიც არჩევნების ჩატარებით წააგო. ხალხი გაბრაზებული იყო, რადგან ეს სკოლა ყოფილ ბაღში იყო განთავსებული და მეორე შენობა დაანგრია ვითომდა პირველის შერემონტების მიზნით. მე არჩევნების დროს იაშვილის კლინიკაში პატარა მეწვინა და არჩევნებზე მონაწილეობა არც მიმიღია.
მოკლედ 6 წელი ვიმუშავე ამ დირექტორთან მუდმივ კინკლაობაში და დადგა 2014 წელი. სექტემბერში მივედი და მითხრა 12 საათი მოგეცი, თუ გინდა იმუშავე, თუ არადა წადიო. მე შეურაცხყოფად მივიღე და ვითხოვდი ჩემს საათებს. ჩემი საათები გაანაწილეს და „1000–ლარიან“ მასწავლებელს მისცეს 21 საათი იმიტომ, რომ დაქალობენ. შემდეგ დარჩენილი საათები „500-ლარიან“ მასწავლებელს მისცა, ახალი დაქალი გაიჩინა. მე, მეოთხე ქართველი, გამომაგდეს.
ყავაზე რომ წავიდოდნენ, მე, ქართველს არ მეძახდნენ. იცით, ეს როგორ უკვირდათ აზერბაიჯანელ მასწავლებლებს?! ვინც მე გამომესარჩლებოდა, ჩემზე რაიმეს იტყოდა, იმას დირექტორი საათებს აკლებდა. მოკლედ მჩაგრავდნენ. ხან ჩაცმაზე დამცინოდნენ… მე არაფერს ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ აზერების მრცხვენოდა, რომ ასეთი ქართველები არსებობდნენ.
სკოლიდან რომ წამოვიდოდი, გზაში ვტიროდი. ცხოვრებაში კარგის მეტი არაფერი მიკეთებია და ქართველები ამას მიკეთებდნენ… ბევრი გადავიტანე, ბევრი…
ვიფიქრე, რესურსცენტრში მივალ მეთქი და მივედით მე და ჩემი მეუღლე. იქაც არავინ არაფერი მოიმოქმედა. ჩავიდა აუდიტი. აბა ჰე, აბა ჰო და დამთავრდა. თურმე ის აუდიტი ყოფილა ამ „500-ლარიანი“ მასწავლებლის დაქალი… მე კიდევ ისევ აზერბაიჯანელებთან შემრცხვა, რომ მეოთხე ქართველმაც დამჩაგრა… მე რომ უნარშეზღუდული ვყოფილიყავი, მაშინაც უნდა „შევენახე“ ქართველებს და ხედავთ რა მოხდა?!
მერე მივედი მარნეულის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში. იქ 6 თვე დასჭირდათ ჩემი დოკუმენტების გამოტანისთვის, თუ რის საფუძველზე გამათავისუფლა დირექტორმა სკოლიდან. ვინც ეს განცხადება დაწერა, მას მისცეს ჩემი საათები. „500-ლარიან“ მასწავლებელს. ესეც სახალხო დამცველმა ძლივს გაარკვია. ამ განცხადებით გამაგდეს სკოლიდან. დირექტორი სხვისი დაწერილი განცხადებით რომ მასწავლებელს გააგდებს სკოლიდან, 19 წლის სტაჟი მაქვს, ამაზე მეტი დოკუმენტი უსამართლობის დასადასტურებლად რა უნდა იყოს?
მე მინდა ჩემი საათების დაბრუნება და აღდგენა. მინისტრს ვეტყოდი, რომ დადგას ყველა სკოლაში სათვალთვალო კამერები და დაინახავს, თუ როგორ ტარდება გაკვეთილები. ერთ მომზადებულ გაკვეთილს დაანახებენ და დამთავრდა მერე მათი მუშაობა! ძალიან გული მტკივა, 19 წელი სკოლაში ვიმუშავე, 4 წელი ბაღში და ვიღაც დაბოღმილმა ასე გამიკეთა!
ახლა მეორე კუთხიდან შევხედოთ საქმეს: მე ქართველი თუნდაც უნარშეზღუდული რომც ვყოფილიყავი, ქართველები არ უნდა დამხმარებოდნენ? უნდა გამოვეგდე? 2005 წელში პატარა გოგონა გავაჩინე. დაბადებიდან ეპილეფსიით. ექიმების თქმით, ვერ დაილაპარაკებდა, ვერ გაივლიდა. დასკვნა ასეთი იყო. ჩვენ, ოჯახმა, იმდენი გავაკეთეთ, რომ დღეს მერვე კლასშია და ულამაზესია. ეს ყველაფერი იცოდა ყველამ და მკურნალობის ფული კი არა, ულუკმაპუროდ დამტოვეს!
შემდეგ „სოკარის“ მაღაზიაში ვიმუშავე 9 თვე მოლარე კონსულტანტად. ვისთვის მეყურებინა, მე ოჯახი მქონდა და ოჯახს გამოკვება და ბავშვს წამლები უნდოდა, ვისთვის მეთხოვა?
ამ განცხადების დამწერი ჩემთან რამდენჯერ მოსულა. ჩემი გაჭირვება იცოდა, მაგრამ ეს გამიკეთა. განცხადებას მიაწერეს ვითომდა მე წერა არ ვიცოდი და მათ დავაწერინე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემი საათები მას დაეკავებინა“, – ამბობს თამარ აბულაძე.
EDU.ARIS.GE სარალის საჯარო სკოლის დირექტორს ნანა პაკელიანს დაუკავშირდა და სთხოვა მოეყოლა, რის საფუძველზე გაათავისუფლა თამარ აბულაძე სკოლიდან და ჰქონდა თუ არა მისი მხრიდან ამ მასწავლებლის მიმართ შევიწროებას ადგილი, როგორც ამას ჩვენთან საუბარში თამარ აბულაძე ამტკიცებდა.
ნანა პაკელიანი: „თამარ აბულაძემ თავიდან მომმართა თხოვნით, რომ მე გამეშვა სკოლიდან უხელფასო შვებულებაში. უხელფასო შვებულებიდან თამარ აბულაძე საერთოდ არ დაბრუნებულა. მან მარნეულში მაღაზიაში დაიწყო გამყიდველად მუშაობა. მთელი 8 თუ 9 თვე სამსახურში არც გამოცხადებულა, არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია. ბრძანება დავწერე და გავათავისუფლე.
2-კვირიანი უხელფასო შვებულება აიღო. დირექტორთან რომ განცხადებას მოიტანენ, დირექტორი ეკითხება შენი საკუთარი ხელით დაწერე, თუ სხვას დააწერინე? მე მომიტანა განცხადება და მოვაწერე ხელი. თვითონ მთხოვა უხელფასო შვებულებაში გამიშვი 1-დეკემბრიდან 15-დეკემბრის ჩათვლითო. მე მივეცი თანხმობა, იმიტომ რომ ბავშვი ცუდად ჰყავს და ვუწევდი შეღავათს. ვიფიქრე, სჭირდება ეს დღეები მაგისთვის.
ის თუ გითხრათ, რომ დიპლომი არ აქვს, განათლება არ აქვს? ჩვენ ვისაც დიპლომები გვაქვს და განათლება მიღებული, გამოცდები ჩაგვაბარებინეს. ქართულის მასწავლებლები სერტიფიცირებულები მყავს და რა ვქნა! საერთოდ ერთი საათი არ მაქვს თავისუფალი! 7 წელი ერთად ვმუშაობდით, როცა სერტიფიცირებული მასწავლებლები მოვიდნენ, მას აღარ დარჩა საკმარისი ქართულის საათები. 10 საათზე არ იმუშავა, იმ მარკეტში უფრო მეტს უხდიდნენ. ამიტომ დამიყარა ეს საათები და წავიდა“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
-Edu.aris.ge: თვითონ ამბობს, რომ განცხადება გათავისუფლების შესახებ მას არ დაუწერია. სამსახური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თქვენი სკოლიდან გაათავისუფლეთ.
–ნ. პ. მისი სურვილის გარეშე სხვამ დაწერა განცხადება და ის მომიტანა მე? თავად მომიტანა განცხადება. არამარტო თქვენთვის მოუმართავს, სახალხო დამცველთან ერთი წლის განმავლობაში ვწერდი ყოველდღე წერილებს ამის გამო. მარნეულში სახალხო დამცველის ოფისში ძალიან კარგად იციან ეს საქმე. მას განათლება არ აქვს, საერთოდ დიპლომი არ აქვს და კიდევ, 9 თვე სამსახურში რომ არ დადიოდა, რა უნდა მექნა? ის რომ უხელფასო შვებულებაში გავიდა, ამაზე მე ბრძანება დაწერილი მაქვს, რომ მის გამოცხადებამდე მისი კუთვნილი საათები მიეცეს ამას და ამას. ის რომ თავის დროზე გამოცხადებულიყო, მე ხომ ჩამოვართმევდი ამ საათებს სხვა მასწავლებლებს და მას დავუბრუნებდი? ასეთი რაღაცა საერთოდ არ მოხდა. რა უნდა მექნა?
რაც შეეხება შევიწროებას ჩემი მხრიდან, საერთოდ ჩემში ჩაგვრა და დაცინვა?! მე ხომ გუშინ არ დამიწყია მუშაობა? რას ლაპარაკობთ? მე შეიძლება ერთი-ორი სიტყვა მქონდეს ნათქვამი, რომ ბევრს აცდენდა. რაღაცა შენიშვნა მქონდეს მიცემული: „ამდენს რატომ აცდენ“, მაგრამ მე ყოველთვის ვითვალისწინებდი მის მდგომარეობას, რადგანაც ბავშვი ავად ჰყავდა. რაც შემეძლო ადამიანურად გვერდით ვედექი და რატომ დავამცირებდი?
თვითონ სამუშაოდ რომ არ წასულიყო მარნეულში „სოკარის“ მაღაზიაში. მე მას არ გავათავისუფლებდი. დეკემბერში უხელფასო შვებულება რომ აიღო, მის შემდეგ გავათავისუფლე.
რის საფუძველზე აღვადგინო, როგორ აღვადგინო? ერთი თავისუფალი საათი არ მაქვს. სერტიფიცირებული გავუშვა სახლში და თამარი მოვიყვანო? ხომ შეეძლო კუთვნილი შვებულებიდან აეღო დღეები, 40 დღე ხომ გვეკუთვნის მასწავლებლებს. მოემართა განცხადებით, კუთვნილი შვებულებიდან ამდენი დღე მომეცი.
-Edu.aris.ge: თქვენ ამბობთ, რომ მას არ აქვს დიპლომი, თუმცა განცხადებაში არ გაქვთ მითითებული რომ უდიპლომობის გამო გაათავისუფლეთ სკოლიდან.
-ნ. პ. შვიდი წელი ვიმუშავეთ ჩვენ ერთად. მაგრამ მე მისთვის არასდროს მითქვამს, რომ შენ დიპლომი არ გაქვს და სახლში წადი. უბრალოდ, თვითონ წავიდა. მე არ გამითავისუფლებია დიპლომის არ ქონის გამო, მაგრამ ახლა აღდგენას რომ ითხოვს, მას დიპლომი უნდა ჰქონდეს და გამოცდა ჩაბარებული.
როგორც აღვნიშნეთ, თამარ აბულაძე ამტკიცებს, რომ შვეულებაში გასვლის შესახებ განცხადება მის მაგივრად სხვამ დაწერა (ამ დოკუმენტს ისევე როგორც დირექტორის ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჩვენ სტატიას თან ვურთავთ).
რაც შეეხება დიპლომის საკითხს, თამარ აბულაძე ამბობს, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში სტუდენტის სტატუსით სარგებლობდა. დიპლომი ვერ აიღო ასევე თანხის გადაუხდელობის გამო და ბოლო კურსი ვერ დაასრულა.
„არანაირი განცხადება უფასო შვებულების სარგებლობაზე არ დამიწერია. არც მისარგებლია. იმავე 2014 წლის დეკემბერში ავიღე ხელფასი განახევრებული ოდენობით. დავდიოდი სკოლაში, მაგრამ დირექტორი და კოლეგა მასწავლებელი თ. ტეტუნაშვილი შედიოდენ კლასებში ჩემ მაგივრად და ატარებდენ გაკვეთილებს ჩემი სკოლაში ყოფნის დროს. განცხადებაც მათვე დაწერეს და მათვე მოაწერეს ხელი. სახალხო დამცველი მეუბნება, რომ არაა უფლებამოსილი, თამარ ტეტუნაშვილის განცხადებაზე ექსპერტიზა ჩაატაროს. მე სოციალურად დაუცველს თანხა არა მაქვს საამისოდ. მე სამუშაოდან არ წავსულვარ დავდიოდი რეგულარულად, მაგრამ ვერ შევდიოდი კლასში. არ მიშვებდნენ.
დავამთავრე სამი სრული კურსი. ჩემი სპეციალობით ქართულ-აზერბაიჯანული ენა-ლიტერატურა. სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ამომრიცხეს სტუდენტთა სიიდან. რის შესახებაც დირექტორმა უწყოდა და ვთხოვდი არ გავეთავისუფლებინე სამუშაოდან, რათა სწავლის საფასურის გადახდა შემძლებოდა, მაგრამ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა.
2010 წელს აგრარულმა უნივერსიტეტმა აღმიდგინა სტუდენტის უფლებები ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე. ამ კურსიდან სწავლის გაგრძელებაზე ვთქვი უარი და მობილობით სოხუმის უნივერსიტეტში ვითხოვე გადასვლა, მაგრამ არ გამოვიდა. მე 2001 წელსვე მივიტანე უნივერსიტეტიდან ცნობა 3 კურის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ დირექტორი წერილობით ადასტურებს. არ ვარ ვალდებული სერტიფიცირებული ვიყო, რადგანაც ჯერ კიდევ სტუდენტის სტატუსით ვსარგებლობდი“, – აცხადებს თამარ აბულაძე.
სარალის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის საქმეზე მუშაობდნენ სახალხო დამცველის მარნეულის ოფისში. როგორც სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, მათ შეისწავლეს თამარ აბულაძის საქმე და დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
„ჩემი სამმართველოს მარნეულის ოფისი მუშაობდა ამ საქმეზე, ბევრ დეტალს ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ არ გვაქვს თანხმობა ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემაზე. კონფიდენციალობის დაცვით რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ შევისწავლეთ თამარ აბულაძის საქმე და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გამოვითხოვეთ შესაბამისი დაწესებულებებიდან და დარღვევა ვერ დავადგინეთ. იქ დეტალები იყო, რომელმაც გადაწყვიტა ეს საქმე. ხანდახან წერილობით, ან ზეპირადაც ვაცნობებთ მხარეს, თუ კიდევ ფიქრობენ, რომ ჩვენი პასუხის მიუხედავად თუ არ არის საკმარისი და მაინც უნდათ დავა გააგრძელონ, სახალხო დამცველის გარდა ყოველთვის შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.
ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება

