GE

სკოლის კონსულტანტ ფსიქოლოგს შეუძლია სპეცმასწავლებელი გახდეს – რის მიხედვით მოემატებათ ხელფასი ფსიქოლოგებს

სპეციალური მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილება უკვე ძალაშია. სპეცმასწავლებლების რიცხვი ქვეყანაში 2000–მდეა და მათთან ერთად ინკლუზიური მიმართულებით მუშაობენ კონსულტანტი ფსიქოლოგებიც, რომელთა რიცხვიც ასეულს არ აღემატება და რომელთაც სპეცმასწავლებლების ანალოგიური დატვირთვა აქვთ. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგების ანაზღაურება სპეცმასწავლებლების მსგავსი პრინციპით არ გაზრდილა. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ფსიქოლოგ კონსულტანტთა მუშაობა უფრო მოქნილი გახდა და მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გაზრდილი ანაზღაურება მიიღონ. თუ როგორ, ამ სიახლისა და ცვლილებების შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე ესაუბრა.

–ქალბატონო ეკატერინე, როდიდან მიიღებენ სპეცმასწავლებლები გაზრდილ ხელფასს?

–სპეციალური მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას 2018 წლის სექტემბრის თვიდან მიიღებენ.

–რამდენია სულ ასეთი მასწავლებელი, ვისაც სპეცმასწავლებლობის სტატუსის გათვალისწინებით გაეზარდა ანაზღაურება?

–ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს, როდესაც დაფინანსების მოდელზე ვმუშაობდით ჩვენ ამ ინფორმაციას ვაგროვებდით და სპეციალური მასწავლებელი 1700–ზე ცოტა მეტი იყო.

–როგორც ვიცით, სპეციალური მასწავლებლების მსგავსად, ხელფასი არ ემატებათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ასევე მუშაობენ ინკლუზიური მიმართულებით სკოლაში. რატომ მოხდა ასე და იგეგმება თუ არა მათთვისაც ანაზღაურების მატება?

–ის, რომ არ ემატებათ, არასწორია. ასეთი ამბავი გვაქვს: ეს ადამიანები, ვინც დღეს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერები იყვნენ, მათ შორის ფსიქოლოგები, მათი სამუშაო აღწერილობა იყო იგივე, რაც სპეციალური მასწავლებლების. ამიტომ, სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ იგივე სამუშაო აღწერილობით, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მიგვეცა საშუალება ამ ადამიანებისთვის არჩევანი გაეკეთებინათ და დაშვება გავაკეთეთ კანონში. კერძოდ, ვისაც სურვილი ექნება, ის პირი აღიარებული იქნება სპეციალურ მასწავლებლად. ზოგს უნდა, რომ დარჩეს ფსიქოლოგად და ზოგს სურს, რომ გადავიდეს, პროფესია შეიცვალოს და გახდეს სპეცმასწავლებელი.

–ანუ, ვინც ფსიქოლოგად რჩება მათ არ მოემატებათ და ვინც გადავა სპეცმასწავლებლის პოზიციაზე მათ მოემატებათ?

ვინც გადაწყვეტს სპეცმასწავლებლობას (ჩვენ ვაღიარეთ 14 აგვისტომდე დასაქმებული, ვინაიდან ამ დროს შევიდა კანონი ძალაში) ისინი გახდებიან მასწავლებლები და როგორც სპეცმასწავლებელი იღებს მასწავლებელთან გათანაბრებულ ხელფასს, იგივეს აიღებს. რაც შეეხება მათ, ვინც გადაწყვეტს, რომ უნდა ფსიქოლოგად დარჩენა, გეტყვით, რომ დამატებითი დაფინანსება გაიზარდა. ასევე მოსწავლეების რაოდენობაც შევამცირეთ, ანუ, 5 ბავშვზე ერთხელ სკოლა მიიღებს დამატებით დაფინანსებას 500 ლარს და სწორედ ამ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, სკოლას შეუძლია გაუფორმოს კონტრაქტი ფსიქოლოგს და აი ამ თანხიდან გასცეს მისთვის ხელფასი. აქამდე, ყოველ 7 ბავშვზე სკოლას ეძლეოდა 350 ლარი. ახლა კი 5 მოსწავლეში ერთხელ ვაძლევთ 500 ლარს. თუ სკოლას 7 [ინკლუზიური მოსწავლე] ჰყავს, მიიღებს 1000 ლარს, თუ 11 ჰყავს მიიღებს 1500 ლარს. აი ამ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც არის მხარდამჭერი ფული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის, სკოლა გადაწყვეტს ფსიქოლოგი სჭირდება, ასისტენტი სჭირდება, მეტყველების თერაპევტი სჭირდება, ოკუპაციური თერაპევტი სჭირდება თუ რა სხვა სპეციალისტი სჭირდება და საათების მიხედვით დაიქირავებს და გადაუხდის შესაბამის ანაზღაურებას. შესაბამისად, ლოგიკურად, ფსიქოლოგი მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ამ ეტაპზე ჩვენ ინსტრუქციებსაც ვაკეთებთ, რომელიც დაეგზავნებათ სკოლებს და იქ გამოჩნდება, რომ ფსიქოლოგი იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ღებულობდა აქამდე. უბრალოდ საათობრივი დატვირთვით განისაზღვრება მათი ხელფასი.

–შეგვიძლია ვთქვათ, რომ საათები ნამდვილად მოემატებათ ფსიქოლოგებს და შესაბამისად ანაზღაურებაც?

–დღეს უფრო მოქნილი გახდა ფსიქოლოგის მუშაობა. თუ აქამდე ფსიქოლოგი იყო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ევალებოდა 09:00 საათიდან 17:00 საათამდე მუშაობა, მას ახლა არ ევალება. ის იმუშავებს იმდენი საათი, რამდენი საათიც დასჭირდება ბავშვთან მუშაობას. მას შეეძლება, რომ არა ერთ, არამედ რამდენიმე სკოლაშიც კი იმუშაოს პარალელურად და ყოველი საათის დატვირთვის თანახმად მიიღოს ანაზღაურება.

–საათში რა თანხა უნდა მიიღოს ფსიქოლოგმა ამას სკოლა განსაზღვრავს?

–სარეკომენდაციოდ დაახლოებით ჩვენც ვუკარნახებთ, თუმცა სკოლასაც შეუძლია რომ განსაზღვროს. ეს იქნება ისევ ამ 500 ლარის ფარგლებში, ვინაიდან ეს არის ის თანხა, რასაც აძლევენ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

–რა თანხა იქნება საათზე განსაზღვრულია?

–ეს თანხა ჯერ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს 500 ლარია, რომელიც უნდა გაიცეს საჭიროების მიხედვით. რა თქმა უნდა, იმ 280 ლარზე მეტი იქნება, აქამდე 350 ჰქონდათ და დაქვითვით იღებდნენ 280 ლარს, ახლა კი სკოლა 500 ლარს მიიღებს.

სპეცმასწავლებლის ანაზღაურების გაზრდის საკითხი კანონში აისახა – ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური