სკოლის ლიდერის სწორი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კომუნიკაციის მოკლე ფორმულა მომავალ დირექტორებს
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ამონარიდი 6,7
ორგანიზაციის ზრდა-განვითარება ხელს უწყობს მის სიცოცხლისუნარიანობას. განათლების ლიდერები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ სკოლა არის/უნდა იყოს ჩართული განვითარების უწყვეტ პროცესში, რომელსაც ფინიშის გარეშე შეჯიბრს ეძახიან, ანუ ესაა სვლა მცირე ნაბიჯებით, მაგრამ შეუსვენებლივ.
ლიდერები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის წევრებს ცნობიერება უნდა აუმაღლდეს ცვლილებებთან დაკავშირებით. მასწავლებლობა კონსერვატული პროფესიაა და ყველაზე ძნელად ცვლილებებს იღებს და ეგუება. თუმცა ინოვაციებზე და ცვლილებებზე პედაგოგების მოსალოდნელი რეაქციები დირექტორმა წინასწარ უნდა განჭვრიტოს და შეაფასოს.
ორგანიზაციული კულტურისთვის დირექტორს უამრავი სტრატეგია აქვს, რომელსაც მიზნამიმართულად ანხორციელებს. პირველი, მასწავლებელთა მიმართ აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მოლოდინია. პოზიტიური მოლოდინები მოტივაციას ამაღლებს და ამართლებს.
აქტიური თანამშრომლობა ორგანიზაციულ კულტურას კარგად წარმოაჩენს.
დირექტორი ახალისებს და აღიარებს მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან თანამშრომლობის მაღალი კულტურა აქვს.
იმისთვის, რომ მოდელი იყოს და პირადი მაგალითი მისცეს, დირექტორსაც ხშირი კომუნიკაცია და თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან.
რეალური თანამშრომლობა ითვალისწინებს მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებას ერთმანეთთან, სასწავლო პროგრამებზე ერთად მუშაობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე დაკვირვებას და რეგულარულ, ხშირ და გულწრფელ განხილვებს ამ გამოცდილებების შესახებ.
სასკოლო განათლება პირდაპირ ითხოვს, ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.
კომუნიკაციის მოკლე ფორმულა:
ინფორმაციის გადაცემა ⇒ინფორმაციის მიღება ⇒ ინფორმაციაზე რეაგირება
თუ კითხვას ასე დავსვამთ, რა აზარალებს კომუნიკაციას, რიგი პასუხებისა ჩამოიწერება:
- იმპერატიული ტონი;
- გაუგებარი ტერმინოლოგიით საუბარი;
- სუბიექტური დამოკიდებულება ნათქვამის მიმართ;
- მსმენელის განწყობის გაუთვალისწინებლობა;
- აღქმის პრობლემა;
- ემოციური/მღელვარე ფონი;
- კომინიკაციის დაბალი ტექნიკა;
- არასწორი მოსმენა;
- კრიტიკული შენიშვნები და სხვ.
ხშირად, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად, კომპეტენციის დეფიციტი სახელდება. ასევე, აზრთა სხვადასხვაობა, არასრული ინფორმაცია, მოვალეობების დაკისრება და განსხვავებული დამოკიდებულება.
ტომას გორდონის კონცეფციის მიხედვით, კომუნიკაცია საყვედურს, მორალის წაკითხვას, სარკაზმს, დაცინვას, ზედმეტ ცნობისმოყვარეობას, სათქმელის იგნორირებას და ბრძანებებს ვერ იტანს. ნდობას და ღიაობას კი აქტიური მოსმენა, კონსტრუქციული კითხვები და კონსტრუქციული უკუგება ქმნის.
აქტიური მოსმენა პერიფრაზირებას, რეფლექსიას, შეჯამებას მოიცავს.
ანუ: მიღებულ ინფორმაციას თუ გავიმეორებთ, – დავრწმუნდებით, ყველაფერი სწორად გავიგეთ თუ არა;
თუ ემოციებსაც გამოვხატავთ, – მიხვდება მსმენელი, რომ ვუსმენთ;
თუ აქცენტს პოზიტიურზე გავაკეთებთ, ქცევას აღვწერთ და არა ადამიანს და ძლიერ მხარეებზე გავაკეთებთ აქცენტირებას, – ნდობას მოვიპოვებთ.
ყოველივე ამის შემდეგ, მტკივნეული არ იქნება მსმენელისთვის იმ ასპექტების შეხსენება, რომელიც გასაუმჯობესებელია.
წარმატებას გისურვებთ ყველას!
შევხვდებით საგანმანათლებლო სამყაროში!
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი