სკოლას უნდა სჯეროდეს, რომ ადამიანები იცვლებიან! – მანანა ჯინჭარაძის მეოთხე ამონარიდი სკოლის დირექტორობის მსურველებს
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ძალიან მინდა, დირექტორობის ახალგაზრდა მსურველებს, გამოცდის წინ, რაღაცით დაგეხმაროთ. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ამ წამს მომაგონდა, რომ რაღაც ინფლუენსერობის მსგავსი პოზიცია შეიძლება მოვირგო და მოკლე ამონარიდები ვწერო განათლების შესახებ, რომელიც თუ დირექტორობაზე არა, – მასწავლებლობაზე, თუ მასწავლებლობაზე არა, მშობლობაზე მაინც დაგეხმარებათ. მოკლედ დაზარალებული არცერთ შემთხვევაში არ ხართ.
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
ამონარიდი 4: ჰოვარდ გარდნერი წერს: ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც, გასულ საუკუნეებში, სწავლებაში უშვებდნენ იყო ის, რომ ყველა საგანს ერთნაირად ასწავლიდნენ და ყველა მოსწავლეს უდგებოდნენ ისე, თითქოს ისინი ერთი ინდივიდის განსხვავებული ვარიაცები ყოფილიყვნენ.
დიფერენცირება არის ფანჯარა შესაძლებლობების სამყაროში
თითოეული მოსწავლისადმი დიფერენცირებული მიდგომა მასწავლებლისგან დიდი ძალისხმევას მოითხოვს. განათლების სპეციალისტები ამ მიდგომის ძირითად პრინციპებს უნდა იცნობდნენ, აღიარებდნენ და ნერგავდნენ, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეს არაფერი გაუჭირდეს.
პრინციპი 1. ტალანტურობა – არ არსებობენ ადამიანები ტალანტის გარეშე, უბრალოდ ისინი სხვა საქმით არიან დაკავებულები.
პრინციპი 2. უნიკალურობა – თუ ვინმე რაღაცას ცუდად აკეთებს, სხვასთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ რაღაც უნდა გამოუვიდეს უკეთესად. ეს რაღაც საპოვნია; ინტელექტი დინამიურია და არა – სტატიური. მისი განვითარება შესაძლებელია; იგი მრავალგვარია და არა – ერთგვაროვანი;
პრინციპი 3. ურთიერთპატივისცემა – ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ხელს უნდა უწყობდეს განსხვავებულის მიღებასა და განსხვავებულობის დადებით/კეთილგანწყობილ კონტექსტში წარმოჩენას.
პრინციპი 4. ცვლილებების გარდაუვალობა – ადამიანზე არც ერთი მსჯელობა არ შეიძლება იყოს საბოლოო.
პირველი პრინციპი აღიარებს, რომ ყველა ადამიანში აღმოსაჩენია ტალანტი, რომელიც შეიძლება გამორჩეს მშობელს, მასწავლებელს, თავად ამ ადამიანს და არასოდეს გამომჟღავნდეს. სკოლამ უპირობოდ უნდა მიიღოს ეს პრინციპი, ტალანტის აღმოჩენაზე იყოს ორიენტირებული და ამისთვის ყველაფერს აკეთებდეს.
მეორე პრინციპი ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, ერთადერთია და საქმე, რომელსაც ის საუკეთესოდ გააკეთებს მისი ინტელექტის დინამიურობაზეა დამოკიდებული. სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას ადამიანის ინტელექტის 9 ტიპის განსავითარებლად.
მესამე პრინციპი აცხადებს, რომ ადამიანები განსხვავდებიან და განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებულობა ახასიათებთ. თუ ის შენ არ გგავს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე უკეთესი ან უარესი ხარ. სკოლას ყოველთვის შეუძლია განსხვავებულობის ისეთი კონტექსტი დადოს, რომ მასში ადამიანებმა შემოდგომაზე წითლად მობრიალე ულამაზესი ნეკერჩხლის მშვენიერება დაინახონ ან შეუხედავი ეკალ-ბარდის უფერულება. მთავარია კონტექსტი პოზიტიური და კეთილგანწყობილი იყოს.
და ბოლოს, მეოთხე პრინციპი ძალიან იმედისმომცემი განაცხადია, რომ ადამიანები იცვლებიან. დიაგნოზი/განაჩენი, რომელიც სკოლამ, ოჯახმა, ადამიანებმა გამოიტანეს ამა თუ იმ პიროვნებისადმი, საბოლოო არ შეიძლება იყოს, არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში. სკოლას უნდა სჯეროდეს, რომ ადამიანები იცვლებიან და არასოდეს დაანებონ ისინი წინასწარშექმნილ ნეგატიურ შეხედულებებს, სტერეოტიპებს, სტიგმებს… სკოლამ თითოეული მოსწავლისათვის უნდა იზრუნოს/იბრძოლოს და უკეთესობისკენ შეცვალოს ისინი, რადგან დაუღალავი ზრუნვის შედეგად ადამიანები იცვლებიან და მათზე არცერთი მსჯელობა მართლაც არ შეიძლება საბოლოოდ ჩაითვალოს.
ამ ყველაფერზე ჩემი მეგობარი, საინტერესო ავტორი, ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და სარა ბივერი წერენ წიგნში ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.’’
წარმატებას გისურვებთ ყველას!
შევხვდებით საგანმანათლებლო სამყაროში!
„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
“შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ”– მიმართვა მასწავლებლებს
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი