GE

„სოფელში მცხოვრები ბავშვები ფეხით დიდ მანძილს გადიან, რომ ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეთ“ – სებასტიან მოლინეუსი

„სოფლების ინტერნეტიზაცია ახალ შესაძლებლობას მისცემს იქ მცხოვრებ ბავშვებს, რომ ჩაერთონ ონლაინ სწავლებებში და მათ აღარ მოუწევთ კილომეტრების გავლა იმ ადგილამდე, სადაც ინტერნეტთან წვდომაა“, – განაცხადა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პროექტის პრეზენტაციას მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.

მისი განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა ადგილას მოგზაურობის დროს, ხშირად უნახავს ბავშვები, რომლებიც შორ მანძილზე მიდიან ფეხით, რომ ტელეფონით ან კომპიუტერით ინტერნეტის დაჭერა შეძლონ.

„მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ნამდვილად დაეხმარება ქვეყანას და შეიქმნება ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. ეს პროექტი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის კეთდება 1000-ზე მეტ სოფელში. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ სწავლებებში, განსაკუთრებით იქ, სადაც რთულია წვდომა ინტერნეტზე. თუ შევხედავთ, სოფლებში რა პირობებია, ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იმ ადგილამდე, სადაც სიგნალს კარგად იჭერს ხელსაწყო – ტელეფონი იქნება თუ კომპიუტერი. ეს პროექტი კი შესაძლებლობას მისცემთ, სახლიდან გაუსვლელად ჩაერთონ ინტერნეტში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით.

„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი პროგრამებითა და სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ პროექტი Log in Georgia შეიმუშავა, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, „ოუფენ ნეტის“ პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. 2025 წლისათვის კი პროექტი დაახლოებით 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური