სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა საჯარო ლექცია წაიკითხა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე კავკასიოლოგიის პრობლემური საკითხები“ – ჩერქეზული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა, თსუ-ის პროფესორმა მერაბ ჩუხუამ წაიკითხა.
მერაბ ჩუხუამ ქართული და იბერიულ-კავკასიური ენებისა და ხალხების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა დასახელებულ ენათა გლოტოგენეზისისა და ხალხთა ეთნოგენეზისის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. ლინგვისტური ისტორიული ფაქტოლოგიის გვერდით ფართოდ იქნა მიმოხილული უახლესი გენეტიკური და არქეოლოგიური კვლევების მიღწევები. გაკეთდა მნიშვნელოავნი დასკვნა, რომ როგორც ლინგვისტური, ასევე გენეტიკური და არქეოლოგიური მონაცემები მხარს უჭერენ დასახელებლ ენათა და ხალხთა ერთიან ნათესაობრივ წარმომავლობას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვა მტკივნეულ პრობლემებზე. დაასკვნა, რომ ორივე დარგი მოითხოვს სახელწიფოებრივ მიდგომას და მზაობის შემთხვევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სამეცნიერო რესურსი გახდეს კავკასიოლოგიური კვლევების წამყვანი ცენტრი მსოფლიო მასშტაბით. გამოთქვა იმედი, რომ ამ მიმართულებას სათანადო ასახვა ექნება ახალარჩეული რექტორის კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში.
უკვე ტრადიციად ქცეულ საჯარო ლექციების სივრცეში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პერსონები ჩნდებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა რეგიონში და ქვეყანაში ენობრივი პოლიტიკით დაინტერესებული მეცნიერებიც იყვნენ. კერძოდ, ოსურ-ქართულ ურთიერთობათა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ნაირა ბეპიევი და საქართველოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნანა მაჭავარიანი.
შეხვედრა დისპუტის რეჟიმში გაგრძელდა. მერაბ ჩუხუამ მიმოიხილა რა კავკასიაში არსებული ენობრივი პოლიტიკა, ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან სამეცნიერო ინიციატივა – ობიექტურად იქნეს შესწავლილი კავკასიური ენები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას სწორედ საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტში კავკასიის ხალხებს შორის სამშვიდობო ენა გამოინახოს.
გამომსვლელებს შორის იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები: ზურაბ პაპასქირი, დალი გაბისონია, ჯანო წულუკიძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ნაირა ბეპიევი, ნანა მაჭავარიანი.
დასასრულისაკენ შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე შეუერთდა. რექტორი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, ხაზი გაუსვა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სწორედ დღეს, საერთაშორისო დიპლომატიის დღეს, უმნიშვნელოვანესია მეცნიერების, როგორც მშვიდობის ელჩის აყვანა დიპლომატიის რანგში.
-
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის ბოლო, სადღესასწაულო შეხვედრა გაიმართა
by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული უნივერსიტეტის რექტორი ესტუმრა
by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სსუ-ში ცნობილმა ეთნოლოგ-ფოლკლორისტმა ნუგზარ ანთელავამ საჯარო ლექცია ჩაატარა
by სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი