„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“
სკოლების კატეგორიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოსთან ისაუბრა. მინისტრმა სკოლების დაყოფის პრინციპები ახსნა. ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ სკოლები დაიყოფა ბავშვთა რაოდენობის მიხედვით და ასევე ნებაყოფლობითი პრინციპით.
„რა არის ეს სამი კატეგორიის სკოლა? 2 ძირითადი კატეგორიაა: ერთში სწავლობს 200 ბავშვზე ნაკლები, მეორეში 200 ბავშვზე მეტი. ეს არის გამყოფი ხაზი. ამ ორიდან რომელ კატეგორიაში ხვდება სკოლა, ეს ძალიან მარტივია. ეს არის პირველი დაყოფა. მეორე დაყოფა უკვე ზომაზე აღარ არის დამოკიდებული.
მესამე კატეგორია არის სკოლა, რომელიც გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ის გაყოფა თუ მექანიკურია, ეს არის ნებაყოფლობითი. ანუ პირველ დღეს მესამე კატეგორიაში არავინ იქნება. 0 სკოლა იქნება. რა ხდება ამ მესამე კატეგორიაში? ჩათვალეთ, რომ სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს არის წამყვანი სკოლა. ეს შეუძლია 200 ბავშვამდე სკოლასაც, 200-ზე მეტ გავშვიან სკოლასაც, მაღალმთიანს, დაბალმთიანს, ეთნიკური უმცირესობა-უმრავლესობის სკოლას. სხვა არც ერთ კრიტერიუმს მესამე კატეგორია არ უკავშირდება, გარდა ძალიან მაღალი მოთხოვნის კრიტერიუმებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტისა.
წამყვანი სკოლის კატეგორიაში გადასვლას დასჭირდება ეროვნულ გამოცდებზე რაღაცა შედეგები. ეს ერთი. წამყვან სკოლების კატეგორიაში ჩარიცხვას ასევე დასჭირდება საჯარო ხელმისაწვდომობა ამ სკოლის მოსწავლეების, მშობლების მოსაზრებების; გამჭვირვალეობა -რას ფიქრობენ მშობლები ამ სკოლაზე, ეს უნდა იყოს საჯარო. ასევე სასკოლო გამოცდები, აკადემიური შედეგები, მასწავლებლების დონე, – მოკლედ ჩვენ დავაწესებთ ძალიან მაღალ ბარიერს და ვიტყვით, რომ შენ თუ ამ ბარიერს არ გადალახავ, საერთოდ არ არის პრობლემა, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს, მაგრამ ბარიერს თუ გადალახავ, დაიწყება „ჯადოსნური ცხოვრება“.
როგორია ჯადოსნური ცხოვრება? თავისუფლების ხარისხი წამყვან სკოლას გაცილებით მაღალი ექნება, ვიდრე სხვა ნებისმიერ სკოლას. მაგალითად, წამყვან სკოლაში შესვლა აუდიტს არ შეეძლება. ნუ, უმიზეზოდ! ძალიან სერიოზული დასაბუთება უნდა ჰქონდეს, რომ წამყვან სკოლას ვინმე შეეხოს. წამყვანი სკოლა უნდა განვიხილოთ როგორც განსაკუთრებულ პირობებში მყოფი, როგორც შემოწმების, ასევე ხელშეწყობის კუთხით. წამყვან სკოლებთან ჩვენ განვახორციელებთ პროექტებს გაცილებით მაღალი მასშტაბით, ვიდრე დანარჩენებთან. მოკლედ რომ ვთქვა, მოთხოვნებიც იქნება ძალიან მაღალი და დაპირებაც წამყვან სკოლებთან მიმართებაში იქნება ძალიან მაღალი. მათ შორის, სახელმძღვანელოების არჩევის ნაწილში წამყვან სკოლას პრაქტიკულად სრული თავისუფლება ექნება, ანუ წამყვან სკოლას შეეძლება, რასაც პედაგოგიური კოლექტივი გადაწყვეტს, ის გააკეთოს. ჩვენ, სამინისტრო, ამას დავუდასტურებთ ყველანაირი ფორმით: დავწერთ, დავიფიცებთ, ხელს მოვაწერთ.
მინისტრმა ასევე დააკონკრეტა თუ რა უპირატესობები ექნებათ კატეგორიების მიხედვით დაყოფილ სკოლებს. ყველაზე დიდი აქცენტი ჯეჯელავამ მცირეკონტიგენტიან სკოლებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ იგეგმება სოფლის სკოლების კულტურულ ცენტრებად გადაქცევა, რაც მისი აზრით, ხელს შეუშლის რეგიონების დაცლას მოსახლეობისგან.
„რატომ გავავლეთ საზღვარი 200-ზე ნაკლებ და მეტბავშვიან სკოლებს შორის? ჩვენ ვაპირებთ, 200-ზე ნაკლებბავშვიან სკოლებს მოვუწყოთ ძალიან კარგი ცხოვრება. ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომელიც შეეხება სოფელს. მარტო სოფელს არა, გარეუბანსაც. ჩვენი დემოგრაფიული დინამიკა ძალიან ცუდია. სოფელი იცლება, ქალაქი მსხვილდება. ეს დინამიკა მთელს მსოფლიოშია, მაგრამ ჩვენ ცალსახად არ გვინდა, რომ სოფელი დაიცალოს. არ გვინდა, რომ სოფლის დაცლის მიზეზი იყოს სკოლა. ეს აბსოლუტურად გააზრებული აქვს მთელს მთავრობას და არავინ დარჩა, რომ ამას არ ეთანხმებოდეს.
რას ვერჩით 200-ზე მეტბავშვიან სკოლებს? არაფერს ვერჩით! უბრალოდ, ჩვენი საბანი ყველას ერთად ყველაფერში არ ყოფნის და იქ, სადაც შედარებით მსხვილი სკოლებია, არის გარემოც, სადაც შეიძლება სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მანდაც გვაქვს გეგმები. თავისუფალი გაკვეთილი, რომელზეც გსმენიათ, იქნება დიდი სკოლებისთვის. ანუ 200-ზე მეტ ბავშვიანი სკოლებისთვის. აქვე გეტყვით, რომ წამყვანი სკოლებისთვის არ იქნება თავისუფალი გაკვეთილები. წამყვან სკოლას ჩვენს წარმოდგენაში ძირითადი გაკვეთილები თავისუფალი აქვს. თავისუფალი გაკვეთილები იქნება 200-ზე მეტბავშვიანი სკოლებისთვის, რომლებიც არ არის წამყვანი სკოლების კატეგორიაში.
რას ვაპირებთ 200-ზე ნაკლებბავშვიან სკოლებში? ხელოვნებაში, სპორტში კლასგარეშე, წიგნიერებაში, ინტელექტუალურ მიმართულებაში, მოკლედ ყველა ძირითად მიმართულებაში ვაპირებთ, რომ ჩვენი დაფინანსებით შევუწყოთ ხელი რომ მათი პროგრამა გაფართოვდეს. ანუ 200 ბავშვზე ნაკლებიან სკოლებს შევეცდებით, რომ შევუქმნათ გახანგრძლივებული სწავლება სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ იდეა არის, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით იმ სოციუმში, იმ თემში, სადაც მატერიალური დაფინანსება არ აძლევს საშუალებას, რომ ჭადრაკის, ცეკვის, კითხვის, ანსხვა რამის წრე ჰქონდეთ, ჩვენ შევეცდებით, რომ შევქმნათ სახელმწიფოს დახმარებით.
ასევე მცირე სკოლებში ვაპირებთ, რომ წავახალისოთ სხვა ფუნქციების შეთავსება. ჩვენ გვინდა, რომ მცირე სკოლა გახდეს სოფლისთვის ბიბლიოთეკაც, კინოთეატრიც, ინტერნეტ ცენტრი, საქმიანი ცენტრიც და ინოვაციის ცენტრიც. მოკლედ ჩვენ შევეცდებით, რომ სოფელში ყველაზე მაგარი ადგილი ყველა თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურით დაწყებული დამთავრებული პერსონალის თვალსაზრისით, იყოს სკოლა. საბნის ზომა, რა თქმა უნდა, შემზღუდველია. ყველაფერს ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ძალისხმევის მიემართოს აი, ამ მცირე სკოლებს, სპორტული, თუ სახელოვნებო თვალსაზრისით. ასევე სამაგიდო თამაშებით გვინდა რომ სკოლები მოვამარაგოთ. საბნის ზომა მცირეა. პირველ რიგში, მოვამარაგებთ მცირე სკოლებს. მათ შორის, დიდ სკოლებს წავახალისებთ, რომ მცირე სკოლებში აკეთონ პროექტები. ეს იქნება მეთოდი, რომ წამყვანმა, ან დიდმა სკოლამ მიიღოს დაფინანსება, რომ მცირე სკოლებს მიეხმაროს აკადემიური დონის აწევაში და სხვა ყველაფერშიც“.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა კატეგორიის სკოლაში მასწავლებლის შესვლის ბარიერიც განსხვავებული იქნება. მისი თქმით, წამყვან სკოლებში შეიძლება პედაგოგს აკადემიური ხარისხიც კი მოსთხოვონ, მაშინ როცა 200 ბავშვზე ნაკლები სადაც სწავლობს იმ სკოლებში ახლანდელი ბარიერიც დაწიონ.
„რაც შეეხება პედაგოგის სკოლაში შესვლას, წამყვან სკოლაში მასწავლებლის შესვლის ბარიერი იქნება კატასტროფული. იგულისხმება რომ წამყვან სკოლას აქვს ფუფუნება, რომ ასარჩევად ჰყავდეს პედაგოგი. ერთ-ერთი მოთხოვნად, შეიძლება აკადემიური ხარისხი მოვითხოვოთ. ან რაღაც ძალიან მაღალი ბარიერი იქნება წამყვან სკოლაში პედაგოგის შესვლის. ამას თქვენთან მოთათბირების მერე გადავწყვეტთ, არაფერს თქვენთან მოლაპარაკების გარეშე არ გავაკეთებთ.
მცირე სკოლაში ცხადია, რომ ბარიერმა უნდა დაიწიოს დღევანდელთან შედარებითაც კი. იქ, სადაც ჭირს სპეციალისტის მონახვა, უნდა შეეძლოს თანამშრომლის მიღება. ამის პარალელურად მინდა ვთქვა, რომ პედაგოგის პრესტიჟის და ანაზღაურების ამაღლებასთან ერთად, სქემის გაადამიანურებასთან ერთად, ჩვენ გვჯერა, რომ პედაგოგთა პროფესიაზე მოთხოვნა გაიზრდება. პირველი ნიშნები უკვე გვაქვს. გაჩნდნენ სტუდენტები, რომლებსაც პედაგოგიური მიმართულებით მუშაობა უნდათ“.
მინისტრი სკოლების კატეგორიზაციაზე საუბრისას დაფინანსების სქემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაფინანსების სისტემის გადახედვას აპირებენ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სკოლის დაფინანსების ფორმატზე ახალი სამუშაო ვერსია როგორც კი იქნება, მას დირექტორებთან ერთად აუცილებლად განიხილავს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება