სტრატეგიული სიახლეები და ცვლილებები უმაღლეს განათლებაში – რა მოსწონთ და რა – არა უნივერსიტეტების რექტორებს
დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას ასახავს, Aris.ge- განათლება უკვე წერდა. იმ პირთა შორის, ვინც დოკუმენტს გაეცნო, ერთ-ერთი პირველები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები არიან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დღევანდელ სტატიაში გვინდა, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რის შეცვლას და რა სიახლეების დანერგვას ითვალისწინებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში და რა შენიშვნები აქვთ სტრატეგიის ავტორებთან უნივერსიტეტების მმართველებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Aris.ge-განათლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა პოზიციით დაინტერესდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სტრატეგიის პრეზენტაციაზე რექტორების მხოლოდ გარკვეული ნაწილი იყო მიწვეული. მიუხედავად ამისა, სტრატეგიის მათი შეხედულებით “მთავარ ხარვეზსა და პრობლემაზე” თავიანთი პოზიციები მაინც გაგვიზიარეს.
სამოქმედო დოკუმენტში კი პირველ რიგში ის პრობლემებია ხაზგასმული, რომლებიც ქართული უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასა და 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკვლავებას უშლის ხელს. პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა:
• ” უმაღლესი განათლება ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ვერ უწყობს ხელს ახალი ცოდნის გენერირებას და მაღალკონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის ფორმირებას.
• კვლევისა და სწავლის ერთიან სივრცის შექმნის მიმართულებით საქართველოში დღეისთვის მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობს. არაეფექტურად ხორციელდება სწავლებისა და კვლევის პროცესი სადოქტორო საფეხურზე.
• სუსტად არის განვითარებული სწავლების ალტერნატიული ფორმები (დისტანციური სწავლება), მოქნილი პროგრამები.
• პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი ვერ უზრუნველყოდს ხარისხის შეფასებაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას.
• უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მდგრადი ინსტიტუციური განვითარების გარანტიებს.
• უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ყურადღებას ამახვილებს რესურსების და არა შედეგების შეფასებაზე.
• პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხის შეფასებაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას.
• უმაღლესი განათლების დაფინანსებაში ერთი მხრივ დაბალია სახელმწიფო დაფინანსების წილი მეორე მხრივ სხვა დამფინანსებელი უბრალოდ არ არსებობენ”- ვკითხულობთ დოკუმენტში.
სამინისტრში მომავალი ათი წლის მანძილზე ამ პრობლემების მოგვარებას აპირებენ. რაც შეეხება სფეროს სრულყოფის მიზნით შემუშავებულ გეგმას და უკვე განხორციელებულ ნაბიჯებს -ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
• მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის მიზნით. (თუმცა სტრატეგიაში არ არის მითითებული რა იგულისხმება “სრულყოფაში”)
• 2015 წლისთვის განახლდება ავტორიზაციისა- აკრედიტაციებიის მექანიზმები და სტანდარტები. მოხდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, როგორც სტუდენტზე გათვლილი დაფინანსების წინაპირობის გადახედვა (დამატებითი ახსნა სტრატეგიაში არც ამ მუხლს მოეძებნება)
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2015 წლიდან უნდა მოხდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამატებითი დაფინანსება ქვეყნის სტრატეგიული პრიორტეტების მიხედვით და შემუშავდეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელი.
• სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისა და ფინანსური მართვის მექნიზმების დახვეწის მიმართულბით და მოახდენს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში აკადემიური და კვლევითი პერსონალის განვითარების პოლიტიკის სტიმულირებას.
ის რომ სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მიმართულებაზე აქცენტს აკეთებს ეს სტრატეგიიდანვე იკვეთება, თუმცა კონკრეტულად რა და როგორ გაკეთდება, ეს ჯერ არ გაჟღერებულა. Aris.ge-განათლება ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კითხვის ნიშნები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებსაც აქვთ.
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი Aris.ge-განათლებასთან საუბარში ამბობს, რომ სამომავლოდ, კანონმა უნდა დაარეგულიროს უნივერსიტეტების ავტონომიურობა, მათ შორის ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით.
” იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლობით კიდევ უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების ავტონომიურობა. ასევე ფინანსური დამოუკიდებლობა. ჩვენ, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მაგალითად ძალიან გვაწუხებს სწავლის საფასურის საკითხი. ზედა ზღვარი სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2250 ლარით განისაზღვრება. ამის ზემოთ ფასის დადება არ შეიძლება. ერთის მხრივ, გვესმის ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან კერძო სასწავლებლები, სადაც სწავლების ღირებულება გაცილებით მაღალია, თუმცა იქაც ქართველი სტუდენტები სწავლობენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ღირებულება უნდა გაიზარდოს, მაგრამ ის ძალიან განსხვავდება სწავლების თვითღირებულებასთან. სტუდენტი წელიწადში იხდის 2250 ლარს ჩვენ კი მისი სწავლება 2900 ლარი გვიჯდება,”-აცხადებს ზურაბ ვადაჭკორია.
მისი თქმით, დანაკარგის შევსება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით ხდება. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი შიშობს, რომ უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებს მათი კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას ვეღარ გადაუხდის, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას გამოიწვევს.
სამედიცინოს რექტორი მიიჩნევს, რომ ფინანსური დოტაცია სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ უმაღლესების ბიუჯეტის გადატანა სახელმწიფო ხაზინაში არ მოხდება და ნაშთზე დარიცხულ თანხას სასწავლებლები არ დაკარგავენ.
როგორც ზურაბ ვადაჭკორია ამბობს, სამედიცინო უნივერსიტეტის შემთხვევაში, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ეს დაახლოებით წელიწადში ნახევარი მილიონი ლარია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის სტრატეგიის ის ნაწილია საინტერესო, რომელიც საერთაშორისო მობილობას ეხება.
სტრატეგიაში ვკითხულობთ:
• გაძლიერდება შიდა და საერთაშორისო თანამშრომლობა და მოხდება მობილობის ხელშეწყობა.
• ამ ამოცანის ფარგლებში სამინისტრო გააძლიერებს მუშაობას ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით.
• ეს პროცესი მოიცავს საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მექანიზმის შექმნას. ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემის ინტერნაციონალიზაციას – უცხოელი ექსპერტების თანამონაწილეობის მეშვეობით.
• 2015 წელს უნდა აღმოიფხვრას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შემაფერხებელი საკანონმდებლო ბარიერები.
• სამინისტრო ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე საერთაშორისო საინფორმაციო საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსებზე წვდომის გაზრდას.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლები უნდა მოექცნენ საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და შესაძლებელი გახდეს სტუდენტების საერთაშორისო მობილობა. თუ ეს მართლაც მიღწეული იქნება, ეს იქნება სერიოზული წინსვლა ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. უკვე ჩანს ახალი ინოვაციური პოლიტიკა და ის, რომ სახელმწიფო სერიოზულად აპირებს ამ მიმართულებით ფულის ჩადებას,”- ამბობს ARIS.GE-განათლებასთან თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიის ავტორებს იმ საკითხზე დაფიქრებას უწონებს, რომელიც კვლევისა და სწავლების ერთმანეთთან კავშირს ეხება.
აღნიშნულის თაობაზე შემუშავებულ დოკუმენტში შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ:
• უნდა მოხდეს კვლევის და სწავლის ერთიანი სივრცის ფორმირება.
• კვლევისა და სწავლების ერთიანი სივრცის ფორმირებისათვის სამინისტროს მოკლევადიან გეგმაში შედის ა. საფეხურის განვითარების პოლიტიკისა და სტანდარტების სრულყოფა. ბ. სამაგისტრო-სადოქტორო სკოლების მოდელის შემუშავება. სადოქტორო საფეხურის სახელწმიფო დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების მექანიზმის სრულყოფა.
• უნდა განისაზღვროს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სტატუსი და განსაზღვრულ იქნეს მათი ფუნქციები და მონაწილეობა კვლევის სწავლებისა და წარმართვისათვის.
• მკვლევარი პროფესორების სტატუსი უნდა განისაზღვროს. ასევე მათი მისია და პასუხისმგებლობა.
• უნდა შეიქმნას სამეცნიერო საბჭოები, რომლებსაც პასუხიმგებლობა უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო მიმართულებების განვითარებაზე.
გიგა ზედანია ამბობს, რომ სწავლებისა და კვლევის ერთმანეთთან დაკავშირება უმაღლესი სასწავლებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
“მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია მრავალკომპონეტიანია და საინტერესოა ავტორების მცდელობა, რომ ეს კომპონენტები ერთობლიობაში იყოს მოაზრებული. ეს უკვე ძალიან კარგია. არის ფიქრი იმაზე, როგორ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლება და კვლევა. რაც უმაღლესი სასწავლებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ვფიქრობ, სწავლებისა და კვლევის ერთმანეთთან დაკავშირების მოდელი საინტერესო შედეგს მოგვცემს,”- აცხადებს ARIS.GE-განათლებასთან გიგა ზედანია.
რაც შეეხება ქართული უმაღლესი სასწავლებლების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის საკითხს, ილიას უნივერსიტეტის რექტორი თვლის, რომ აღნიშნული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხარისხის ამაღლებისკენ უბიძგებს.
“ინტერნაციონალიზაცია ხარისხის გაზრდის მთავარი მექანიზმია. ის გულისხმობს, პროცესში მონაწილე ყველა აქტორისთვის მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მაღალი შედეგი აჩვენონ. ევროინტეგრაციის პორცესში ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ხარისხის ამაღლების, როგორც სწავლების ისე სწავლის,”- ამბობს გიგა ზედანია.
ვფიქრობთ, როგორც რექტორების, ისე სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, ხაზგასამელია ის დეტალი, რომ სტრატეგიაში უკვე დაწყებულია საუბრები პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განვითარებასა და დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტური და კარიერული სერვისების განვითარებაზე. სამინისტროს სამოქმედო გეგმაში წერია, რომ უნდა გაფართოვდეს ბენეფიციარ სტუდენტთა წრე და სტუდენტურ სესხებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ის, რომ სტუდენტური სესხები საქართველოში დღეს რეალურად არ არსებობს, ამაზე Aris.ge-განათლება გასულ დღეებში გამოქვეყნებულ სტატიაში უკვე წერდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავინტერესდით, რამდენად იყვნენ ჩართულები სტრატეგიის ამ ნაწილის მომზადებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები.
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებობს რექტორთა საბჭო, რომლის მუშაობის ფარგლებშიც ჩვენ სისტემატურად ვიკრიბებით, ხდება სიახლეების გაცნობა. სტრტეგია ძალიან კარგი და სასარგებლოა. განათლების სამინისტო ღია პოლიტიკას ატარებს ჩვენთან მიმართებაში და ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვართ,”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.
თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კერძო უმაღლესი სასწავლებლების პირველ პირებს. Aris.ge- განათლება რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
როგორც აღმოჩნდა, განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 10-წლიან სტარტეგიას ჯერ არ იცნობენ. ზოგიერთი მათგანი კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, არც პრეზენტაციის შესახებ იყო ინფორმირებული.
“ეს არის სწორედ მათი სტრატეგია, რომ ასეთ შეხვედრებზე მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს იწვევენ. მათ ეპატიჟებიან, მათ აძლევენ უფასო მიმართულებებს -არაკონკურენტუნარიან გარემოში გვაყენებენ. მაშინ, როცა კერძო ვითარდება და ხელი უნდა შეუწყო – პირიქით, ხელს გვიშლიან. სწორედ ეს არის მათი სტრატეგია და ვნახოთ, სად მიიყვანთ,”- ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვან ინფორმაცია ავტორიზაციისა და აკრედიტაციების ვადების გახანგრძლივებას და ეხება. კერძოდ, გაიზრდება ავტორიზაცია აკრედიტაციის მოქმედების ხანგრძლივობა და სისტემა 7 წლიან ციკლზე გადავა. აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მომდევნო სტატიაში სწორედ ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება