GE

სტუდენტების ნაწილი სამაგისტრო გამოცდების განრიგით უკმაყოფილოა, – „სამაგისტრო გამოცდის წინა დღეს უნივერსიტეტის დასკვნითი გამოცდა მაქვს!“

რამდენიმე დღის წინ 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი გახდა ცნობილი. წელს სამაგისტრო გამოცდები შარშანდელთან შედარებით 9 დღით ადრე, 11-12 ივლისს A ტიპის ტესტირებით დაიწყება. აღნიშნული თარიღები ბაკალავრიატის სტუდენტების ნაწილისთვის მიუღებელია, რადგან მათი ინფორმაციით, ეს პერიოდი უნივერსიტეტის დასკვნითი გამოცდებისთვის განკუთვნილ პერიოდს ემთხვევა და შესაძლოა, თავად გამოცდის დღესაც დაემთხვეს.

თსუ-ში დასკვნითი გამოცდები  19 ივნისი-13 ივლისის შუალედში ტარდება. ქიმიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტ ცირა შალაშვილის თქმით, მისი კურსელები გაურკვევლობაში არიან, ფიქრობენ, რომ სამაგისტო გამოცდებისა და ფინალურებისთვის ერთდროულად მეცადიონებას ვერ შეძლებენ და უნივერსიტეტის გამოცდების დამატებით პერიოდში ჩაბარებას აპირებენ, თუმცა ესეც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული:

„გასულ წელს სამაგისტრო გამოცდები უფრო გვიან დაიწყო, წელს არ მოველოდით ასე უცებ თუ მოგვიახლოვდებოდა . პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, მოგვიწევს გვერდით გადავდოთ უნივერსიტეტის გამოცდები და მთელი მობილიზებით ვიმეცადინოთ წაკითხულის გააზრებასა და ლოგიკურ მსჯელობაზე. უნივერსიტეტს დამატებითი გამოცდებისთვის განსაზღვრული დრო – 21 -27 ივლისი აქვს გამოყოფილი და ამ  პერიოდში გავალთ ფინალურებზე, თუმცა ყველა გამოცდის ორ კვირაში ჩაბარება მარტივი არაა და სარისკოცაა. ამავე პრობლემის წინაშე დგანან არამხოლოდ ჩემი კურსელები, არამედ ყველა თსუელი, ვინც  წელს A ტიპის  გამოცდას აბარებს“, –  ამბობს შავიშვილი.

მეოთხე კურსელი სოფიე ზედგინიძეც თსუ-ის გამოცდების ჩაბარებას დამატებით პერიოდში აპირებს. მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა ჯერ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების საშუალება მიეცათ და შემდეგ დაენიშნათ სამაგისტრო გამოცდები:

„ერთი ფინალური გამოცდა 7 ივლისს მაქვს, მეორე 10-ში. სამაგისტროს წინა დღეს ვერ გავალ სხვა გამოცდაზე.  აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის საკითხების ერთ პერიოდში მეცადინეობა, ალბათ, გამიჭირდება. უნივერსიტეტის გამოცდებზე სამაგისტრო გამოცდების შემდეგ, დამატებით საგამოცდო პერიოდში გავალ, რაც სტუდენტებისთვის  არც თუ სასიამოვნო მდგომარეობაა, ფსიქოლოგიურად უსიამოვნოა, როცა იცი, რომ მეტი შანსი არ გაქვს, თან ბოლო კურსზე ხარ. ბევრად უკეთესი იქნებოდა, უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების საშუალება მოეცათ და მერე დაენიშნათ სამაგისტრო გამოცდები“, – ამბობს სოფიე.

სამაგისტრო გამოცდების განრიგი არ მოსწონს თსუ–ის კიდევ ერთ სტუდენტს, რომელიც დროის განაწილებას და ორივე სახის გამოცდის ერთ პერიოდში ჩაბარებას აპირებს:

„უნივერსიტეტის გამოცდებისთვის რამდენიმე ბილეთს ვისწავლი, თუ გამიმართლებს და მინიმალურ ზღვარს გადავხლახავ, ჩავაბარებ, თუ არადა მეორედ გავალ. ნებისმიერ შემთხვევაში მომიწევს დრო გადავანაწილო სამაგისტრო და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის. რაც ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში  დამაზარალებს“, – ამბობს სტუდენტი.

თსუ–ის ფსიქოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ნეფარიძე სწავლის პარალელურად მუშაობს, რაც საქმეს კიდვ უფრო ურთულებს და დანამდვილებით იცის, რომ ორივე გამოცდისთვის ერთდროულად მეცადინეობას ვერ შეძლებს.

„ცხადია, უკეთესი იქნებოდა ჯერ ფინალურებს ჩაევლო. მე სამსახურის გამო ახლა მეცადინეობასაც ვერ ვახერხებ, მეგონა ცოტა დრო მექნებოდა,  სწავლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე დღე  ამომესუნთქა და მერე ვაპირებდი მთელი მობილიზებით მეცადინეობას“,-   ამბობს მარიამი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა დასკვნითი გამოცდებისთვის განკუთვნილი  პერიოდი 18 ივნისი- 14 ივლისია, რაც ასევე ემთხვევა სამაგისტრო გამოცდების A ტიპის ტესტირების თარიღებს.

EDU.ARIS.GE-მ სტუდენტების კითხვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა. როგორც მაია მიმინოშვილის უწყებაში განგვიმარტეს, ცენტრი საგამოცდო დღეების შერჩევისას არაერთ ფაქტორს ითვალისწინებს.

„საგამოცდო დღეების შერჩევისას არაერთი ფაქტორის გათვალისწინება გვიწევს, მათ შორის სესიების ვადის. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება, თუმცა ყველა კუთხით იდეალური თარიღის შერჩევა რთულია ხოლმე. წელს სასესიეო პერიოდის ბოლოსკენ დაინიშნა A ტიპის გამოცდა მაგისტრანტობის კანდიდატთათვის, უმეტესობას ამ დროისთვის გამოცდები ჩაბარებული აქვს, ამასთან, სამაგისტრო გამოცდა, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში ინიშნება, იმ იშვიათი შემთხვევისთვის, როდესაც სტუდენტს კვლავ უწევს სასწავლებელში საგამოცდო თუ სხვა სახის პროცესის გამო მისვლა“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2018 წლის საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების განრიგი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური