GE

სტუდენტი აბიტურიენტებს: ამით შეგიძლიათ მიაღწიოთ ისეთ ცხოვრებას, როგორსაც უნივერსიტეტი ან მოგცემთ – ან არა და უფრო არა

თეო გიქოშვილი, თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

აქედანვე მსტრესავს თვის ბოლოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული ბავშვების დადებული პოსტები. მათ შორის რამდენიმე ახლობლის, რომლებსაც იმედები გაუცრუვდებათ და უნივერსიტეტში არ დახვდებათ ის, რასაც ელოდებიან და ითხოვენ. და საერთოდ, მხოლოდ იმ კატეგორიას გილოცავთ, ნამდვილად რომ გინდათ უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრების მიზნად ეგ გაქვთ დასახული, დანარჩენების გამო კიდევ, (უმეტესი ნაწილის) რომლებიც მხოლოდ მშობლების და ხალხის გამო აბარებთ, ვწუხვარ მთელი გულით.

მეც ვიყავი აბიტურიეტი და განსაკუთრებით რთულად გასახსენებელია ეს პერიოდი ჩემთვის. გარდა იმისა, რომ დიდ სტრესთან ასოცირდება მომენტი, როცა ელოდები პასუხებს, ფიქრობ იმაზე „ამართლებ“ თუ არა შენი მშობლების მოლოდინებს, კმაყოფილები იქნებიან თუ არა შედეგით, რომელსაც დადებ, ან იქნებ მეტს ელოდნენ და ა.შ, რაც საკმაოდ ხშირად ჟღერდება ჩვენს გარშემო.

აბიტურიენტებს, რომლებიც დღეს ამ ბრძოლის და ემოციების წინაშე დგახართ გეტყვით, რომ როგორი შედეგიც არ უნდა გქონდეთ გამოცდებში, არავის მისცეთ უფლება, თქვენზე ნეგატიურად იმოქმედოს. მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სრულიად გადართულები ვიყავით დისტანციურ, უშედეგო სწავლებაზე. კიდევ მეტი შეძელით და იმაზე მეტს შეძლებთ სამომავლოდ, ვიდრე ოდესმე გიფიქრიათ. აქ არ მთავრდება და წყდება თქვენი მომავალი. პირიქით, ეს არის სწორი დრო იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენი თავები და აღმოაჩინოთ ზუსტად ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ხართ. იყოთ იქ, სადაც გსიამოვნებთ და აკეთოთ ის საქმე, რაც ნამდვილად გეყვარებათ, რისი პროფესიონალებიც იქნებით და გექნებათ ისეთი ცხოვრება, სადაც სრულყოფილად იგრძნობთ თავს. თქვენ/ჩვენ ვართ მომავალი და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.

რაც შეგეხებათ მშობლებს, თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამოიგდეთ თავებიდან ის აზრი, რომ „დიპოლმის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ“, „მეტს ელოდით“, „ამდენი ფული ტყუილად გადაიხადეთ მომზადებაში“, „სხვამ რატომ გვაჯობა“ და სხვა მრავალი.
მიიღეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან და მიეცით საშუალება თავიანთი თავის საუკეთესო ვერსიები იპოვონ, აღმოაჩინონ და იბრძოლონ იმისთვის, რომ შეცვალონ ის არასასურველი წესები და კანონები, რომლის მსხვერპლებიც თქვენვე იყავით. დღეს უამრავი შესაძლებლობა აქვთ თქვენს შვილებს, რომ მიიღონ ქვეყანა, სადაც ცხოვრება თქვენთვისაც და მათთვისაც სასიხარულო იქნება ცხოვრება და აღარ მოგიწიოთ ემიგრაციაში ყოფნა სწავლის გადასახადის გამოსაგზავნად. ძალიან დიდი ძალა ხართ შვილებისთვის მაშინ, როცა სწორი დამოკიდებულებები გაგაჩნიათ!

და ბოლოს, აბიტურიენტებო, გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ უამრავი დაფარული ნიჭი, ინტერესი, სურვილი, შესაძლებლობა და ამ ყველაფერს მალავთ სადღაც სიღრმეში, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ როცა დაგჭირდებათ: გაფუჭებული კომპიუტერის დაშლა და შემდეგ აწყობა, კაბა წვეულებისთვის, რომელსაც თქვენვე დახაზავთ და იქნებ შეკეროთ კიდეც, მეგობრების, კლასელების დიდ შეკრებას საკმაოდ კარგ ორგანიზებას გაუწევთ, შეხვდებით ტურისტს და იმაზე კარგად გასცემთ პასუხს კითხვებზე, ვიდრე წარმოგედგინათ, შექმნით დიზაინებს და ლოგოებს, რომლებსაც ახლობელს გაუკეთებთ თავისი ბიზნესისთვის და ა.შ და ა.შ….

ამ ყველაფრით შეგიძლიათ მიაღწიოთ ისეთ ცხოვრებას, ისეთ ასაკში, როგორსაც უნივერსიტეტი, რამდენიმე წლის მერე, ან მოგცემთ, ან არა და უფრო არა. იმუშავეთ თქვენი და არა სხვისი სურვილების შესასრულებლად, იმუშავეთ საკუთარ თავებზე რომ იყოთ მაქსიმალურად ბედნიერები და თავისუფლები არჩევნის გაკეთებაში. თქვენ არ ხართ ვალდებული გააკეთოთ ის, რასაც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებთ, თქვენ უნდა გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც გხდით ბედნიერს, თავდაჯერებულს და საკუთარი თავით ამაყს, საკუთარ თავზე შეყვარებულს!

წარმატებები ყველა აბიტურიენტს და გისურვებთ, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიები იპოვოთ. მშობლებს კიდევ გილოცავთ, ყველა შემთხვევაში საუკეთესო შვილები გეყოლებათ, საუკეთესო მიღწევებით.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური