როგორი უნდა იყოს მაღალ ქულაზე დაწერილი ხედვა და რაში დაგაკლდებათ ქულა? – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ტრენერისგან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა სკოლის დონეზე სასურველი ფუნქციური მიმართულებების (სწავლა-სწავლება, მართვა-ადმინისტრირება, საგანმანათლებლო კვლევა) არჩევის შემდეგ ფუნქციის შესაბამისი პროფესიული ხედვა ელექტრონული ფორმით, 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. წარდგენის ვადა 22 ოქტომბერი იყო, თუმცა გახანგრძლივდა.
ტრენერი და სერტიფიცირებული პედაგოგი, მანანა ხვედელიძე დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი ხედვა მასწავლებელმა იქამდე, ვიდრე დოკუმენტს ატვირთავს, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას და რა უნდა იცოდეს ხედვის წარდგენის შემდეგ დაგეგმილი გასაუბრებისთვის. EDU.ARIS.GE სპეციალისტის მითითებებს გიზიარებთ:
როგორ დავწეროთ ხედვა, რომ მაქსიმალური ქულა ავიღოთ
(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინსტრუქციაზე დაყრდნობით)
როგორ ფასდება – ხედვა და გასაუბრება ერთად ფასდება, ერთი რუბრიკით. კომისია ჯერ ხედვას კითხულობს, მერე გასაუბრებაზე გიწვევთ. კრიტერიუმი ხუთია, თითოეულში მაქსიმუმ 4 ქულაა, სულ 20. ჩასაბარებლად მინიმუმ 16 ქულა გჭირდებათ.
ხედვა მიმართულებაზე იწერება, მაგრამ ფუნქციებს ეყრდნობა – განაცხადს მიმართულებაზე აკეთებთ: სწავლა-სწავლება, მართვა-ადმინისტრირება ან კვლევა. კონკრეტულ ფუნქციას არ ირჩევთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფუნქციები არ უნდა ახსენოთ!
ვაკანტურ ფუნქციებს გადახედეთ და საკუთარი სიტყვებით აჩვენეთ, რას ემსახურება ისინი, რა აერთიანებს მათ და რატომ სჭირდება ეს თქვენს სკოლას (მენტორს რესურსცენტრის სკოლებს).
– ფუნქციები სათითაოდ არ ჩამოთვალოთ და ოფიციალური ტექსტი არ გადმოწეროთ;
– ხედვა ერთ ფუნქციაზე არ ააგოთ და არც თითო ფუნქციაზე ცალკე ტექსტი დაწეროთ;
– ხედვა ხუთ ნაწილად დაწერეთ.
როგორ მესმის მიმართულება და მისი ფუნქციები
რას ნიშნავს ეს მიმართულება თქვენი სკოლისთვის, რა პრობლემა გაქვთ და საიდან იცით ეს (ტესტის შედეგი, დაკვირვება, კოლეგების აზრი). აქვე თქვით, რა ცვლილება გინდათ.
ამოცანები
3–5 ამოცანა, ერთმანეთზე გადაბმული. თითოეული ერთ ან რამდენიმე ფუნქციას უკავშირდება და ჩანს, ვისთან ერთად შეასრულებთ. ამოცანა მთელი წლის საქმეა და არა ერთი ღონისძიება.
სამიზნე ჯგუფის ჩართულობა
კოლეგები, მოსწავლეები და მშობლები მსმენელები კი არა, მონაწილეები არიან: ერთად ადგენენ საჭიროებას, გეგმავენ, აკეთებენ და აფასებენ.
გავლენა კოლეგებზე და სკოლაზე
რა შეიცვლება კოლეგების მუშაობაში და როგორ აისახება ეს მოსწავლეებზე. რა დარჩება სკოლაში, როცა თქვენ ამ საქმეს აღარ გააკეთებთ: საერთო საქაღალდე, კათედრის გეგმა, ურთიერთდასწრება.
ერთი ტრენინგი ან სამოდელო გაკვეთილი მდგრადი ცვლილება არ არის.
შედეგების შეფასება
ყოველ ამოცანაზე: რას ელით, როგორ გაიგებთ და რით დაამტკიცებთ (დაკვირვება, კითხვარი, ნამუშევრები, ტესტის შედარება წლის დასაწყისსა და ბოლოს).
ყველაზე მთავარი: მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან
ხუთივე ნაწილში მოიყვანეთ რეალური მაგალითი: რა გააკეთეთ, ვისთან ერთად და რა შედეგით.
„ხშირად ვთანამშრომლობ კოლეგებთან“ – ეს მაგალითი არ არის. „გასულ წელს VII კლასში ინგლისურის მასწავლებელთან ერთად ჩავატარეთ პროექტი. ორმა მოსწავლემ, რომელიც გაკვეთილზე თითქმის არ ლაპარაკობდა, თავისი ნაწილი სრულად გაახმოვანა“ — ეს მაგალითია.
ის, რაც ქულას გაკლებთ:
– ოფიციალური აღწერის გადმოწერა;
– ზოგადი ფრაზები („მინდა ხარისხიანი განათლება“);
– სამოქმედო გეგმა თვეებით, პასუხისმგებლებით და რესურსებით;
– ავტობიოგრაფია და ტრენინგების სია;
– ერთჯერადი ღონისძიებები ამოცანების ნაცვლად;
– შედეგად „ჩატარდება შეხვედრები“ (ეს აქტივობაა და არა შედეგი);
– მხოლოდ საკუთარ კლასზე საუბარი;
გასაუბრებისთვის ეს გაითვალისწინეთ:
ხედვის ყოველი წინადადება უნდა შეგეძლოთ ახსნათ და მაგალითით დაასაბუთოთ. რაც ხედვაში მოკლედ წერია, გასაუბრებაზე დააკონკრეტეთ. მტკიცებულებები არაა საჭირო!
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები და განმარტება
ხედვა ფუნქციაზე არ იწერება! (და მაინც ფუნქციებს უნდა შეეხოთ. ახლა აგიხსნით, როგორ.)
ბოლო დღეებში ერთსა და იმავე კითხვას ვისმენ:
„რომელ ფუნქციაზე დავწერო ხედვა?“
„ფუნქციის სახელი ჩავწერო?“
„სკოლამ ხუთი ფუნქცია გამოაცხადა, ხუთივე უნდა დავფარო?“
მოდი, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ:
1.განაცხადს მიმართულებაზე აკეთებთ და არა ფუნქციაზე.
მიმართულება სამია: სწავლა-სწავლება, მართვა-ადმინისტრირება და საგანმანათლებლო კვლევა. ფუნქციას თქვენ არ ირჩევთ, მას სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა გინაწილებთ. ამიტომ წინასწარ არც კი იცით, რომელი შეგხვდებათ.
2. კომისია ხედვას საჭიროებას ადარებს.
მას აინტერესებს, რამდენად პასუხობს თქვენი ხედვა იმას, რაც თქვენს სკოლას (მენტორის შემთხვევაში, სკოლებს) სჭირდება. ამიტომ ხედვის საყრდენი ორია: მიმართულება და საჭიროება.
3. მაშინ ფუნქციები რაში გვჭირდება?
ფუნქცია გვკარნახობს, რა აკლია სკოლას. თუ სკოლამ გამოაცხადა ფუნქცია, მაგალითად, „ციფრული რესურსების დანერგვის მხარდაჭერა“, ესე იგი, ციფრულ რესურსებს სკოლაში ნაკლებად იყენებენ. ეს არის საჭიროება და ხედვაც ამაზე უნდა იყოს. თქვენი ამოცანები ფუნქციების თემებს შინაარსით უნდა ფარავდეს, მაგრამ ფუნქციის სახელს ხედვაში არ წერთ და არ ჩამოთვლით.
4. ფუნქციების არსი კი აუცილებლად უნდა ჩანდეს!
შეფასების პირველი კრიტერიუმი ასე ჟღერს: „მიმართულებისა და მის ფარგლებში არსებული ფუნქციების არსზე მსჯელობა“. ესე იგი, ზოგადად უნდა აჩვენოთ, რას აკეთებს ამ მიმართულებით წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი. მაგალითად, სწავლა-სწავლებაში: ეხმარება კოლეგებს დაგეგმვაში, ითვალისწინებს ბავშვების განსხვავებულ საჭიროებებს, მუშაობს შეფასებასა და უკუკავშირზე, აზიარებს გამოცდილებას. აი, ეს არის ფუნქციების არსი, სახელების გარეშე.
5. ყველა ფუნქციის დაფარვა საჭირო არ არის.
აირჩიეთ ის თემები, რომლებიც სკოლის საჭიროებას და თქვენს გამოცდილებას ყველაზე მეტად ემთხვევა. ერთ ამოცანაში შეიძლება რამდენიმე თემა გაერთიანდეს.
მოკლედ არასწორია:
– ხედვა ერთ კონკრეტულ ფუნქციაზე
– ფუნქციების ჩამონათვალი ხედვაში
– მხოლოდ მიმართულების აბსტრაქტული აღწერა
სწორია: მიმართულება + სკოლის საჭიროება + ფუნქციების არსი, შინაარსით და არა სახელებით
და ბოლოს, ყველა მსჯელობას მაგალითი სჭირდება თქვენი პრაქტიკიდან: რა გააკეთეთ, ვისთან ერთად და რა შედეგით. ზოგად სიტყვებს კომისია ქულას არ უწერს.
ასევე იხილეთ:
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
როცა მოსწავლე ბიოლოგიურ ტერმინოლოგიას სწავლობს – ინსტრუმენტი იოლი ათვისებისა და სიღრმისეული გააზრებისთვის
by განათლებული ბლოგი
