როცა მოსწავლე ბიოლოგიურ ტერმინოლოგიას სწავლობს – ინსტრუმენტი იოლი ათვისებისა და სიღრმისეული გააზრებისთვის
ავტორი: ქეთინო ბეციაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრი, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
თანამედროვე სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეზე, მის აქტიურ ჩართულობასა და კვლევითი, კრიტიკული უნარების განვითარებაზე. ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკის წინაშე დგას სამი ფუნდამენტური შეკითხვა: რატომ ვასწავლით? რას ვასწავლით? როგორ ვასწავლოთ ეფექტურად?
პირველ ორ კითხვაზე პასუხი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ სტანდარტშია გაწერილი, თუმცა მესამე – „როგორ ვასწავლოთ ეფექტურად?“ – არის სფერო, რომელიც პედაგოგის შემოქმედებით ძიებასა და პრაქტიკულ ოსტატობაზეა დამოკიდებული.
ბიოლოგია მდიდარია ცნებებითა და ტერმინოლოგიით. სამწუხაროდ, სწორედ ეს ტერმინოლოგიური სიძნელე ხდება მოსწავლეებისათვის საგნის გაუცხოების მიზეზი. მოსწავლეები ხშირად აწყდებიან რთულ ტერმინებს, შემდეგ მექანიკურად იზეპირებენ და სემესტრის შემდეგ აღარ ახსოვთ.
დიდხანს ვფიქრობდი: როგორ შეიძლება გაკვეთილი გახდეს მრავალფეროვანი, აქტიური? რითი შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს ბიოლოგიური ტერმინების ათვისებაში და გრძელვადიან დამახსოვრებაში?
გადავწყვიტე შემექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ზოგისთვის უბრალოდ „დროის გასაყვანი“ გასართობია, ჩემთვის კი მოქნილი, ცოცხალი, სახალისო ინსტრუმენტი. ესაა კროსვორდი.
თვალნათლივ მახსოვს ის დღე, როდესაც ისტორიის მასწავლებელმა პირველად შემოგვთავაზა კროსვორდი. დაფაზე დახატა და კითხვებს გვისვამდა, რათა ერთად შეგვევსო. ძალიან საინტერესო იყო და გვთხოვა, სახლში გვეცადა დამოუკიდებლად გაკეთება.
რა ამაღელვებელი იყო კითხვების მოძიების პროცესი, ტექსტის გულდასმით წაკითხვა, კროსვორდის ბადის აწყობა! თან ვფიქრობდი: ხომ არ გაუჭირდებათ ჩემს მეგობრებს მისი შევსება? ნეტავ, კლასელები კროსვორდში რომელ სიტყვებს გამოიყენებენ? მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ამ პროცესში ტექსტს არა მხოლოდ ვკითხულობდით, არამედ ვსწავლობდით, ვაანალიზებდით და ვიმახსოვრებდით. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ სწავლა შეიძლება საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო პროცესი იყოს. წლების შემდეგ მივხვდი, რომ ის, რაც ოდესღაც ჩემთვის საინტერესო სასწავლო გამოცდილება იყო, დღეს შეიძლება ჩემი მოსწავლეებისთვისაც ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად იქცეს. ამიტომ გადავწყვიტე, კროსვორდი ბიოლოგიის სწავლების პროცესში გამომეყენებინა. ნიმუშად წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ ერთ-ერთ კროსვორდს.
კროსვორდის შევსებისას ჩარჩო ასრულებს „ხარაჩოს” ფუნქციას, მოსწავლეს ეხმარება დამოუკიდებლად მივიდეს სწორ პასუხამდე რაღაც თუ დავიწყებული აქვს. მაგალითად, შეკითხვაზე: „ხორხის გაგრძელება, ნახევარრგოლისაგან შემდგარი სასუნთქი მილი”, მოსწავლემ უცებ შეიძლება ვერ გაიხსენოს სიტყვა „ტრაქეა“, თუმცა, როდესაც სიტყვის სიგრძე 6 ასოა, პირველი ასოა „ტ“, მოსწავლე ცდილობს აღიდგინოს ეს ტერმინი მარტივად. სხვაგვარად რომ ვთქვა, ხდება ტერმინების სიღრმისეული გააზრება.
როდესაც მოსწავლეები სწავლობენ კროსვორდის რაობას, სტრუქტურას, შესაძლებელია შემდეგ საფეხურზე უკვე შევთავაზოთ თავადაც შექმნან. ამგვარად მოსწავლე ხდება შემოქმედი და არა შემავსებელი. ვითომ პატარა დეტალი, მაგრამ მოსწავლისათვის მოტივაციის საშუალება. კროსვორდის შექმნა გარკვეულ უნარებს მოითხოვს (ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით: ანალიზი, შეფასება, შექმნა).
კროსვორდის შესაქმნელად მოსწავლემ:
- კარგად უნდა შეისწავლოს ტექსტი;
- გამოყოს მთავარი ტერმინები;
- ჩამოაყალიბოს ტერმინების ზუსტი და მოკლე განმარტებები;
- დაფიქრდეს სიტყვების გადაკვეთის სტრუქტურაზე.
კროსვორდზე მუშაობა ასევე ნაყოფიერია წყვილებში ან მცირე ჯგუფებში. მოსწავლეებს შორის იმართება დიალოგი, მსჯელობენ, გამოთქვამენ ვარაუდებს და რაც მთავარია, ასწავლიან ერთმანეთს. ამ დროს საკლასო ოთახში ყალიბდება თანამშრომლობითი გარემო. ამის გარდა, როდესაც ჯგუფები ცვლიან თავიანთ შექმნილ კროსვორდებს და ავსებენ კლასელების მიერ მომზადებულ დავალებას, პროცესში უკვე შემოდის ურთიერთშეფასების ელემენტი, რაც მათ პასუხისმგებლობასა და ინტერესს ორმაგად ზრდის.
მჯერა, რომ თითოეულ მასწავლებელში ცხოვრობს ბავშვი, რომელიც ცდილობს გაუგოს თავის მოსწავლეს, მის განცდებსა და ემოციებს. ბავშვი, რომელიც თითქოს კვლავ მოსწავლის თანატოლია, მეგობარია. საჭიროებისას ეხიდება, ამხნევებს და სტიმულს აძლევს, რათა მოსწავლე იყოს წარმატებული, თავისუფალი, შემოქმედი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენით სავსე, დაეხმაროს სხვადასხვა უნარის აღმოჩენასა და შემდგომ განვითარებაში.
სწორედ ამიტომ, კროსვორდი დიფერენცირებული სწავლების შესანიშნავი საშუალებაა. მასწავლებელს შეუძლია შექმნას ან მოსწავლეებს დაავალოს სხვადასხვა სირთულის კროსვორდების აგება: ზოგისთვის აქცენტი რომ გაკეთდეს ვიზუალურ მინიშნებებსა და საბაზო ცნებებზე, ხოლო შედარებით უფრო მაღალი აკადემიური მზაობის მოსწავლეებს შესთავაზოს ოდნავ რთული კითხვები.
როგორ დაეხმარება ეს იდეა მოსწავლეებს?
- კროსვორდის ამოხსნა ააქტიურებს მეხსიერების სხვადასხვა უბანს;
- კითხვები საშუალებას გაძლევს დაფიქრდე, გააანალიზო და რეალურ კონტექსტს დაუკავშირო;
- აწყობილი სიტყვები ქმნის წარმატების განცდას და ცოდნის ათვისების პროცესს საინტერესო გამოწვევად აქცევს.
ამრიგად, პასუხი კითხვაზე – „თამაში თუ სიღრმისეული გააზრება?“ – მარტივია: კროსვორდი არის თამაშით მიღწეული სიღრმისეული გააზრება. იგი ბიოლოგიის რთულ ტერმინოლოგიას აქცევს მოსწავლისათვის გასაგებ, აღქმად და საინტერესო ენად.
ასევე იხილეთ:
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
როდის მიიღებენ II-VI კლასის მოსწავლეები ფორმებს? – „საგანმანათლებლო რესურსები“ აგვისტოში გამოცხადებულ რეალიზაციის ვადებს უარყოფს
by ARIS.GE-განათლება