GE

სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტის წინააღმდეგ – „დანაშაული იქნება, ეს ყველაფერი შერჩეთ!“

კავკასიის უნივერსიტეტისაგან მოტყუებული სტუდენტი – ასე უწოდებს ჩვენი რესპონდენტი სალომე ღლონტი საკუთარ თავს, რადგან ზემოთხსენებული უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ჩაბარების შემდეგ ადმინისტრაციამ გადასახადი ზუსტად ექვსჯერ გაუზარდა. სალომეს თქმით, მათ მისაღებ გამოცდებამდე გამოცხადებული შეღავათები და გრანტები მას შემდეგ გააუქმეს, რაც სტუდენტები მიიზიდეს. ხოლო შემდეგ, მიუხედავად მათი სამართლიანი პროტესტისა, ადმინიტრაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მეტიც – სალომე რექტორმა კაბინეტიდანაც კი გამოაგდო.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლებს.

სალომე ღლონტი: 2016 წლის აპრილში კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სამაგისტრო გრანტის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, ის სტუდენტები, რომელთა GPA ბაკალავრიატის საფეხურზე იყო 3.5 ან მეტი უნივერსიტეტის 50%-იანი სამაგისტრო გრანტით ისარგებლებდნენ. უფრო კონკრეტულად, მაგალითად ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, სტუდენტი სწავლის სრული წლიური საფასურის (4950 ლარი) ნაცვლად  გადაიხდიდა თანხის ნახევარს (2475 ლარი). ხოლო თუ სტუდენტს, ჰქონდა GPA 3.5 და ამავე დროს მოიპოვებდა სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს, მაშინ ის გადაიხდიდა 225 ლარს წლის განმავლობაში (4950/2-2250=225).

აღნიშნულ ინფრომაციას ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებდა კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიკა ბუკიაც. ეს სტატია ახლაც შენახული მაქვს.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებაზე ჩაბარება ამ ინფორმაციის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. 2016 წლის სექტემბერში ჩავაბარე. ბაკალავრიატი თსუ-ში დავასრულე. ჩემი GPA 3,5-ზე მეტი იყო და ეს საშუალებას მაძლევდა კავკასიის უნივერსიტეტის გრანტი მომეპოვებინა. სწორედ საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიტანე უნივერსიტეტში საბუთები. სწავლას იმ შემთხვევაში ვაპირებდი, თუკი ორივე გრანტს მივიღებდი და ჩემი გადასახდელი მხოლოდ 225 ლარი იქნებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში, მაღალი გადასახადის გამო, ამას ვერ შევძლებდი. ყველა მოთხოვნილი საბუთი მივიტანე. მათ შორის ამონაწერი ნიშნების ფურცლიდან, რომლითაც ნათლად დასტურდებოდა, რომ მაღალი GPA მქონდა.

–აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბარშიც დაგიდასტურათ ვინმემ?

ს.ღ: დიახ. გასაუბრებაც გავიარე, რომელზეც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დამიდასტურეს, რომ კავკასიის უნივერსიტეტი მსგავსი სახის გრანტს გასცემდა. გასაუბრებას დეკანი ლადო სურგულაძეც ესწრებოდა და მაშინდელი მიმართულების ხელმძღვანელიც, თუმცა ეს ადამიანები მე თავიდანვე მხარდაჭერას მიცხადებდნენ და დღემდე აღიარებენ, რომ მე მართალი ვარ.

ამის შემდეგ გამოცდა გვქონდა პოტენციურ გრანტოსნებს, რის შემდეგაც შიდა 50%-იანი დაფინანსება მივიღეთ. ეს იმას გულიხმობდა, რომ თუკი აღნიშნულ სპეციალობაზე გადასახადი 4 950 ლარი იყო, ჩვენთვის შუაზე გაიყო და მხოლოდ 2 474 ლარი დარჩა. ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოს მოხდა და 26 სექტემბერს სწავლაც დაიწყო. სახელმწიფო გრანტის შედეგები კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ გვიან, ნოემბერში ირკვევა. მანამდე უნივერსიტეტთან ხელშეკრულება არავის გაგვიფორმებია. არავის შემოუთავაზებია. არადა წესით, იურიდიული დოკუმენტი სწავლის დაწყებასთან ერთად უნდა გაფორმებულიყო. ნოემბრის ბოლოს სახელმწიფო გრანტიანების სიაც გამოქვეყნდა, რომელშიც მეც გახლდით. შესაბამისად, გამოდიოდა, რომ ამ ჩემს დარჩენილ გადასახადს, პირობის თანახმად, სახელმწიფო გრანტის თანხაც უნდა გამოკლებოდა და მე წლიურად 225 ლარი უნდა გადამეხადა.

რამდენიმე დღეში უნივერსიტეტის ფინანსური განყოფილებიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ინფორმაცია, რომელიც საიტზე იდო და რომელიც მე ვნახე, პიარის სამსახურის შეცდომა იყო, ამიტომ ეს პირობა ვერ იმოქმედებდა. ანუ, მათი თქმით, პირობა სინამდვილეში ასეთი იყო- სრულ თანხას ჯერ სახელმწიფო გრანტი უნდა გამოკლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განახევრებულიყო. აქვე დასძინეს, რომ რაკი მათი შეცდომა იყო, შეღავათს გაგვიკეთებდნენ და პირველ წელს 225 ლარს გადაგვახდევინებდნენ, ხოლო მეორე წელს 1 350 ლარს. ჩემ მდგომარეობაში კიდევ 7 ადამიანი იყო. დანარჩენებს კი მხოლოდ შიდა გრანტი ჰქოდნათ და მათ გადასახადი გაუნახევრეს. საინტერესოა მათ რატომღა გაუნახევრეს თანხა, თუკი განახევრება მხოლოდ სახლემწიფო გრანტის აღების შემდეგ მოქმედებდა.

ეს ფაქტი მეორე დღესვე მიმართულების ხელმძღვანელთან დეკანატში გავაპროტესტე. მათ მხარდაჭერა აღმითქვეს. როგორც მითხრეს, იმ დროს კახა შენგელია, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, საქართველოში არ იმყოფებოდა და ვიცე პრეზიდენტთან შემახვედრეს, რომელიც კახა შენგელიას მეუღლე ხატია გოგლიძე გახლავთ. ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ კონტრაქტებზე ხელმოსაწერად დაგვიბარეს. ჩემი კურსელები აწერდნენ ხელს, მაგრამ მე არ მოვაწერე, რადგან თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. განვაცხადე კიდეც, რომ ამ სიტუაციაში ხელის მოწერას არ ვაპირებდი და საკითხის გარკვევას დაველოდე.

მეორე კვირას უკვე დეკანმა მითხრა, რომ ეს საკითხი ვიცე-პრეზიდენტთან დააყენა, მაგრამ იმან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. განუცხადებია, რომ არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდა და გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. ისღა დამრჩენოდა, რომ კახა შენგელიას ჩამოსვლას დავლოდებოდი. ორი თვე ველოდე. ამ პერიოდში დეკანსაც ვუკავშირდებოდი ხოლმე, მიმართულების ხელმძღვანელსაც, მაგრამ ამას არავითარი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ლექციებზე ჩვეულებრივ დავდიოდი, თუმცა ხელი არაფერზე მქონდა მოწერილი. არაფერი არ ირკვეოდა და ეს ძალიან მაწუხებდა, რადგან უკვე ის პერიოდი იყო, როცა ან რამე უნდა გადაწყვეტილიყო, ან მობილობაზე მეფიქრა. უნივერსიტეტის ქოლ-ცენტრში რომ ვრეკავდი, მეუბნებოდნენ, რომ რექტორი დაკავებული იყო. იძულებული გავხდი მისი მობილური ტელეფონის ნომერი მომეძიებინა და პირადად მასთან დამერეკა.

ჩვენი შეხვედრა იანვრის ბოლოს შედგა. შეხვედრას ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი მარიკა ნიკოლეიშვილი და მიმართულების იმდროინდელი ხელმძღვანელი თია გიორგაძეც ესწრებოდნენ. რექტორს განვუცხადე, რომ რა პირობებითაც  სწავლა დავიწყე, იმ პირობებითვე მსურდა დამესრულებინა, რომ თუკი მათ სხვა პირობები ჰქონდათ, შემდეგი ნაკადისათვის უნდა შეეთავაზებინათ და ეს ცვლილება ჩემზე არ უნდა გავრცელებულიყო. ავუხსენი, რომ არ ვიყავი ვალდებული სხვის შეცდომებზე პასუხი მეგო. ისიც ვუთხარი, რომ აქ პირველ რიგში უნივერსიტეტის ნდობისა და რეპუტაციის საკითხი იდგა.

–როგორი იყო რექტორის პოზიცია?

ს.ღ: მან პასუხი ფინანსურ დირექტორს მოსთხოვა. ის ძალიან დაიბნა, თავის გამართლება სუსტი არგუმენტებით სცადა, თითქოს პიარის სამსახურმა ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელა და ისინი საქმის კურსში არ იყვნენ. არადა ეს ინფორმაცია უკვე 8 თვის განმავლობაში იდო საიტზე. ამ შეხვედრის მომენტშიც არ იყო წაშლილი. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს არ სცოდნოდათ?

რექტორი პრობლემის მოგვარებას დამპირდა. ჩემი თანდასწრებით განაცხადა, რომ მე და სხვა სტუდენტებიც, რომელთაც იგივე პრობლემა ჰქოდნათ, მართლები ვიყავით. თქვა, რომ ვისი შეცდომაც იყო, მას უნდა ეგო პასუხი საკუთარი ხელფასით. ან, სამსახური საერთოდაც დაეტოვებინა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით მას ასეთი პოზიცია ჰქონდა. ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესებში შედიოდა სასწრაფოდ შედგენილიყო ხელშეკრულება ჩემთვის სასარგებლო პირობებით და მასზე ხელი მომეწერა. ამაზეც დამთანხდმა.

ამის მიუხედავად, მეორე დღეს ფინანსური დირექტორის დავალებით დამირეკეს და მაცნობეს გადაწყვეტილების შეცვლას ისევ არ აპირებდნენ. ამის შემდეგ კიდევ დიდხანს ვიბრძოლე. ხან ვისთან ვაპროტესტე და ხანაც ვისთან, თუმცა ამაოდ. მობილობის შანსი უკვე აღარ მქონდა, რადგან მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურაზე მობილობის მხოლოდ ერთი შანსი არსებობს და ამის ვადები უკვე გასული იყო. თანაც, ამ შანსის გამოყენება ისედაც რთულია, რადგან ყველა უნივერსიტეტი ზუსტად იგივე პროფილით მობილობას არ აცხადებს. ისღა დამრჩენოდა ჩემი სიმართლისათვის მებრძოლა. გაზაფხულზე დეკანს ისევ შევხვდი და ეს საკითხიც ისევ დავაყენე. მან ისევ აღმითქვა მხარდაჭერა და დამპირდა, რომ ამ საკითხზე ჩემსა და რექტორს შორის შეხვედრას კიდევ მოაწყობდა. როგორც მითხრა, კახა შენგელია აცხადებდა, რომ მე მართალი ვარ და ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.

–როდის შედგა თქვენი მეორე შეხვედრა?

ს.ღ: შენგელიას მეორედ უკვე 2017 წლის 30 მაისს, თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ შევხვდი. ჩემთან ერთად ფაკულტეტის დეკანი ლადო სურგულაძეც იყო. რექტორმა კი ისე, რომ საკითხი არც კი განუხილავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კაბინეტიდან გამოგვყარა.

როგორც შემდეგ დეკანისაგან გავიგე, წინა დღეს რექტორს თავის მეუღლესთან, ანუ ვიცე პრეზიდენტთან ამ საკითხზე კამათი ჰქონია და გადაწყვიტა, რომ მას დათანხმებოდა. მითხრა- თუ ჩვენი პირობები მოგწონს, დარჩი, თუ არადა, შეგიძლია მიბრძანდეო. არადა, ძალიანაც რომ მომენდომებინა წასვლა, მობილობის ვადები უკვე გასული იყო. წამოვედი, რადგან მასთან საუბარს აზრი არ ქონდა. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი შესაბამის სტრუქტურებში გამესაჩივრებინა. იურისტებს მივმართე და სასამართლოში საჩივრის მიტანას ვაპირებ.

როგორც გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდიდან ამოღებულ ამ ფოტოზეც ჩანს, მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვისაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული. მით უმეტეს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი უნივერსიტეტს ავალდებულებს, რომ გადასახადის ოდენობა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე განსაზღვრონ და ამის შეცვლის უფლება შემდეგ აღარ აქვთ. ეს კანონში გარკვევით წერია. რეკლამის არასწორად გავრცელება და სტუდენტის, როგორც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაც დანაშაულია.

–რას აპირებთ?

ს.ღ: ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ოფიციალური წერილი მაქვს გაგზავნილი. იურისტებთან ერთად კიდევ ერთხელ ოფიციალურად მოვითხოვეთ, რომ მოთხოვნა დაგვიკმაყოფილდეს. უარის შემთხვევაში კი საკითხის სასამართლოში დაყენებას ვაპირებთ. მინდოდა ეს ყველაფერი ხალხსაც გაეგო, რადგან სწორედ ამ პერიოდში აპირებენ ისინი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციას და დანაშაული იქნება, რომ ეს ყველაფერი ისე შერჩეთ, თითქოს არაფერი მომხდარა.

EDU.ARIS.GE, რა თქმა უნდა, შეეცადა თემაზე კომენტარი კავკასიის უნივერსიტეტისაგანაც მოეპოვებინა, თუმცა მათთან დაკავშირება არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მარკეტინგის სამსახურის უფროსი ელენე ჯღარკავა ჩვენს ზარებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ პასუხობდა. საბოლოოდ, მოგვწერა, რომ უცხოეთში იყო და საქართველოში ვერავისთან დაგვაკავშირებდა. მას შემდეგ კი, რაც გაიგო თუ რა თემაზე ვითხოვდით კომენტარს, მოგვწერა, რომ სალომეს შესახებ არაფერი სმენია და რომ ჩვენი გამოცემისაგან “მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას” მიჩვეულები არიან.

იხილეთ სტუდენტის მიერ მოწოდებული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტომასალა:

 

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური