GE

სულ ახალ სასკოლო წიგნებს წელს ვერც პირველკლასელი მოსწავლეები ვერ მიიღებენ

სასწავლო წელი სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სასკოლო სახელმძღვანელოების ჩაბარების პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეების უმრავლესობამ წიგნები სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. ჯერ არ არსებობს საბოლოო ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, რამდენად კარგ მდგომარეობაშია სახელმწიფოსთვის დაბრუნებული წიგნები, თუმცა განათლების მინისტრის თქმით, ვარგისი სახელმძღვანელოების გარკვეული მარაგი არსებობს და მოსწავლეები ამ წიგნებით ისწავლიან. სწორედ ამით ახსნა მინისტრმა ის ფაქტი, რომ „წელს სასკოლო სახელმძღვანელოები მცირე რაოდენობით დაიბეჭდება“. მიუხედავად აღნიშნულისა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის  ნაწილია და ითქვა ისიც, რომ საბიუჯეტო ხარჯებში ცვლილებები სკოლის მოსწავლეებს არ უნდა შეეხოთ.

როგორც Aris.ge-განათლებას სანიკიძის უწყებაში განუცხადეს, 2015-2016 სასწავლო წელს სახელმძღვანელოებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან  1 500 000 ლარია გამოყოფილი. ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს  წიგნებისთვის 16 მილიონი გამოიყო, ხოლო შარშან 9 მილიონი ლარი.

რატომ ასე ცოტა?! – როგორც უწყებაში განმარტავენ, ,,სასკოლო სახელმძღვანელოები წელს გაცილებით მცირე რაოდენობით დაიბეჭდება, რადგან ქსელში არსებობს ვარგისი სახელმძღვანელოების საკმარისი მარაგი. მოსწავლეებს, წელსაც, ისევე როგორც შარშან, უსასყიდლოდ გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტები და წელსაც, როგორც შარშან დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით“.

ძველი და ახალი წიგნებით კომბინირებულ პაკეტეტებს მიიღებენ პირველკლასელებიც. თუმცა წელსაც, როგორც წინა წლებში ყველა პირველკლასელი პირად პორტატულ კომპიუტერს საჩუქრად მიიღებს.

რაც შეეხება უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების მდგომარეობას, უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია დასრულებულია და სკოლის სახელმძღვანელოების ვარგისი მარაგი დაახლოებით 84 პროცენტრს შეადგენს.

Aris.ge – განათლება დაინტერესდა, რომელია ის სახელმძღვანელო, რომლის დაბეჭდვასაც განათლების სამინისტრო სტამბებს ყველაზე დიდი ტირაჟით დააბეჭდინებს.

როგორც აღმოჩნდა, წელს მოსწავლეების ხელი და სიბეჯითე ყველაზე მეტად  ბუნებისმეტყველების წიგნების ემჩნევათ.  სწორედ ამიტომ, ახალი სასწავლო წლისთვის ყველაზე დიდი ტირაჟით სწორედ ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო დაიბეჭდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვის თემას უკავშირდება სტამბებისთვის ტენდერის გამოცხადებაა. როგორც ცნობილია, სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესიც შეიმუშავა.

კითხვაზე, მიეცემა თუ არა ტენდერში მონაწილეობის შანსი ყველა იმ გამომცემლობას, რომელიც წინა წლებში სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდა, სამინისტრო ასე პასუხობს:

,,დღეის მდგომარეობით დასრულებულია ბაზრის კვლევა და მიმდინარეობს შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი. კონსულტაციებს გავდივართ შესყიდვების სააგენტოსთანაც და უახლოებს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”.

კიდევ ერთი სიახლე სახელმძღვანელოებთან და მომავალ სასწავლო წელთან დაკავშირებით – წელს მთლიანად იცვლება I – IV კლასის სასწავლო პროგრამა. გრიფირების პროცესი უკვე დასრულდა და დამტკიცდა, თუმცა როგორც Aris.ge-განათლებას სამინისტროში განუმარტეს, დეტალების გაჟღერებამდე  ექსპერტების  დასკვნაა  საჭირო და სამინისტრო სწორედ ამ დასკვნის მოლოდინშია.

,,1-6 კლასის სასწავლო პროგრამის ცვლილება, რომელიც წელს მტკიცდება, იწვევს სახელმძღვანელოების განახლების საჭიროებას. ეს საკითხები დადგინდება გრიფირების წესით, რომელზეცად სამინისტრომ მუშაობა დაასრულა და ახლა გადის განხილვას უცხოელ ექსპერტებთან.  ექსპერტებმა დასკვნის დადებამდე, კონსულტაციები უნდა აწარმოონ გამომცემლებთანაც. გამომცემლები ამ პროცესში აღნიშნული ფორმით არიან ჩართულები. ვნახოთ, რა დასკვნას მოგვცემს საერთაშორისო ექსპერტი,”- განმარტავენ სამინისტროში.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, თამარ სანიკიძის შეფასებით, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ხარისხი შენარჩუნებული იქნება.

,,ხარისხი შენარჩუნდება გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ქაღალდისა და წიგნის ხარისხი 2013 წლიდან მოყოლებული ბევრად გაუმჯობესდა,”- აცხადებს  თამარ სანიკიძე.  

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური