კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დაწყებით კლასებში კითხვის უნარის გაუმჯობესებაა. ბავშვი შესაძლოა თავისუფლად კითხულობდეს ტექსტს, სწორად წარმოთქვამდეს სიტყვებს, თუმცა ამავე დროს ვერ ქმნიდეს აზრობრივ მთლიანობას. ტექსტი მისთვის მაინც რჩება ერთმანეთთან დაუკავშირებელ წინადადებათა ნაკადი.
გააზრება გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მის დამუშავებას, ინტერპრეტაციას და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებას. სწორედ ამ ეტაპზე იკვეთება მთავარი სირთულე: ბავშვები ხშირად ვერ ასახელებენ ტექსტის მთავარ იდეას, უჭირთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა და პერსონაჟების ქცევის ახსნა. მათთვის რთულია პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებიც სცდება პირდაპირ, ტექსტში მოცემულ ინფორმაციას და მოითხოვს დაფიქრებას, დასკვნის გამოტანას ან საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას.
ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს ვთხოვთ, მოყვეს წაკითხული საკუთარი სიტყვებით. ხშირად პასუხები ფრაგმენტულია, არასრულყოფილი ან ეს უბრალოდ ტექსტის სიტყვასიტყვითი გამეორებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შინაარსი ბოლომდე არ არის გააზრებული. ასევე იკვეთება სირთულე ტექსტის ემოციური კუთხის აღქმაში. ბავშვი ვერ ამჩნევს პერსონაჟის განცდებს, ვერ თანაუგრძნობს და ვერ „ცხოვრობს“ ტექსტში.
საბოლოოდ, კითხვის პროცესი კარგავს თავის მთავარ ფუნქციას, რასაც აზროვნების განვითარება ჰქვია. როდესაც ტექსტი არ იქცევა ფიქრის, კითხვის დასმისა და ანალიზის საფუძვლად, ბავშვი ვერ იძენს იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რატომ უჭირთ ბავშვებს გააზრებული კითხვა?
გააზრებული კითხვის სირთულე არ არის მხოლოდ ერთი მიზეზის შედეგი. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია როგორც კოგნიტურ, ისე სოციალურ და საგანმანათლებლო ფაქტორებთან. პირველ რიგში, ბავშვები ხშირად სწავლობენ კითხვას მექანიკურად. ისინი ამახვილებენ ყურადღებას სიტყვების სწორად ამოკითხვაზე, მაგრამ ნაკლებად ეჩვევიან აზრის „დაჭერას“. როდესაც სწავლების პროცესში პრიორიტეტი სისწრაფესა და ტექნიკაზე გადადის, შინაარსი მეორეხარისხოვანი ხდება. შედეგად, ბავშვი კითხულობს, მაგრამ არ „კითხულობს“ – ანუ არ ფიქრობს, არ აანალიზებს და არ სვამს კითხვებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სიტყვათა მარაგის სიმწირე. თუ ბავშვი არ იცნობს ტექსტში გამოყენებულ სიტყვებს, მას უჭირს აზრის ჩამოყალიბება. ამ დროს კითხვის პროცესი იქცევა რთულ ამოცანად, რომელიც უფრო ენერგიას მოითხოვს, ვიდრე სიამოვნებას იწვევს.
ასევე მნიშვნელოვანია კონცენტრაციის პრობლემა. თანამედროვე ბავშვებს ხშირად უჭირთ ხანგრძლივი ყურადღების შენარჩუნება, რაც პირდაპირ აისახება კითხვის პროცესზე.
ციფრული გარემოს გავლენა
ციფრული ტექნოლოგიები ბავშვთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათი გავლენა კითხვის უნარზე არაერთგვაროვანია. ეკრანზე მიღებული ინფორმაცია სწრაფი, ფრაგმენტული და ვიზუალურად დატვირთულია. ეს აჩვევს ბავშვს ზედაპირულ აღქმას, ანუ სწრაფად გადახედოს, მაგრამ არ ჩაუღრმავდეს.
ვიდეოები, მოკლე ტექსტები და მუდმივად ცვალებადი კონტენტი ქმნის „სწრაფი დაკმაყოფილების“ ჩვევას. კითხვის პროცესი კი პირიქით, მოთმინებას, დროის ინვესტირებას და შინაგან დიალოგს მოითხოვს. როდესაც ბავშვი მიჩვეულია სწრაფ სტიმულებს, წიგნი მისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
გარდა ამისა, ციფრული გარემო ხშირად ამცირებს წარმოსახვის როლს. ტექსტის კითხვა მოითხოვს შინაგან ვიზუალიზაციას: პერსონაჟების, გარემოსა და მოვლენების წარმოდგენას. ეკრანი კი ამ ყველაფერს მზა ფორმით აწვდის, რის შედეგადაც ფანტაზიისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი სუსტდება.
როგორ უნდა შეიცვალოს სწავლების მიდგომა – რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს
კითხვის უნარის გაუმჯობესება მოითხოვს მიდგომის ძირეულ ცვლილებას. აუცილებელია, კითხვის პროცესი გადავაქციოთ არა ვალდებულებად, არამედ აზროვნების და აღმოჩენის სივრცედ.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კითხვის სწავლება არ შემოიფარგლოს ტექნიკით. მასწავლებლებმა უნდა დასვან კითხვები, რომლებიც უბიძგებს ბავშვს ფიქრისკენ: „რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე?“, „შენ რას გააკეთებდი მის ადგილზე?“, „რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?“ ასეთი დიალოგი ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.
მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგალითის ძალა. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კითხულობს, წიგნი მისთვის ბუნებრივ აქტივობად იქცევა. ერთობლივი კითხვა, განხილვა და ემოციური გაზიარება ქმნის კითხვის პოზიტიურ გამოცდილებას.
ასევე საჭიროა ტექსტების სწორად შერჩევა. ბავშვის ინტერესებზე მორგებული წიგნები ზრდის მოტივაციას. როდესაც ტექსტი ბავშვისთვის რელევანტურია, ის უფრო აქტიურად ერთვება პროცესში და ცდილობს გააზრებას.
ციფრული გარემოს სრულად გამორიცხვა რეალისტური არ არის, თუმცა შესაძლებელია მისი გონივრული გამოყენება. მაგალითად, აუდიოწიგნები, ინტერაქტიული ტექსტები და საგანმანათლებლო აპლიკაციები შეიძლება გახდეს დამატებითი რესურსი, თუ ისინი სწორად არის შერჩეული და კონტროლირებული.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ კითხვის პროცესი არ იყოს მხოლოდ შეფასებაზე ორიენტირებული. როცა ბავშვი კითხულობს მხოლოდ იმიტომ, რომ „სწორად“ უპასუხოს კითხვებს, ის კარგავს შინაგან მოტივაციას. აუცილებელია, შევუქმნათ სივრცე თავისუფალი აზრისთვის, ინტერპრეტაციისთვის და შეცდომის დაშვებისთვის.
ამგვარად, კითხვის უნარის გაუმჯობესება დაწყებით კლასებში არ არის ერთჯერადი ამოცანა. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს სისტემურ ხედვასა და თანმიმდევრულ მუშაობას. როდესაც კითხვის პროცესი მხოლოდ ტექნიკურ უნარად აღიქმება, ბავშვი კარგავს მის არსს, აზროვნებას, გააზრებას და სამყაროსთან კავშირს.
ციფრულმა ეპოქამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის აღქმის ფორმა, თუმცა სწორედ ამ პირობებში ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღრმა კითხვა, როგორც ინტელექტუალური განვითარების საფუძველი. გამოსავალი არ არის ტექნოლოგიის უარყოფა, არამედ მისი დაბალანსებული ინტეგრაცია.
მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა გადამწყვეტია. როდესაც ბავშვი კითხვის პროცესში გრძნობს მხარდაჭერას, ინტერესს და თავისუფლებას, ის იწყებს ტექსტთან დიალოგს და სწორედ ამ მომენტში იბადება ნამდვილი კითხვა.
კითხვის უნარის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ სიტყვების ამოკითხვას, არამედ სამყაროს გაგებას. და თუ ამ უნარს ბავშვობაში არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, მომავალში დავკარგავთ არა მხოლოდ მკითხველებს, არამედ მოაზროვნე ადამიანებს.
ასევე იხილეთ:
-
„2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება“ – მთავრობის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების რაოდენობა 240 და 120 იქნება – სია და პირობების ახალი ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ ვერ (ვ)აქებთ უმაღლესი განათლების რეფორმას?
by ARIS.GE-განათლება